20-წლამდელები

19:47 | 28.12.2016 | ნანახია 2155 - ჯერ

გადავახვიოთ 2016: ეპიზოდი III

2016 წელი განსაკუთრებული იყო ქართული რაგბისთვის, რადგან უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველად ითამაშეს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში და სადებიუტო ტურნირში მე-10 ადგილი დაიკავეს.

მანჩესტერამდე ქართველი 20-წლამდელები სამკვირიან ტურნეზე იმყოფებოდნენ სამხრეთ ამერიკაში, სადაც არგენტინასთან და ურუგვაისთან ორ-ორი თამაში გამართეს.

მსოფლიოზე უმცროსი ბორჯღალოსნები პირველივე მატჩში, იმ დროისთვის მოქმედ ჩემპიონს, ახალ ზელანდიას დაუპირისპირდნენ და დამარცხდნენ. შემდეგ უელსთან მოგება შეგვეძლო, მაგრამ სენსაციამდე სულ ცოტა დააკლდათ და მეტოქემ მინიმალური სხვაობით იმარჯვა - 10-9. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ბორჯღალოსნებმა ტურნირის პირველი ლელო გაიტანეს - ვასილ ლობჟანიძემ ირლანდიასთან მატჩში ანგარიში გახსნა. მე-8 წუთიდან კაცნაკლულად დარჩენილმა გუნდმა შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა და მომავალმა ფინალისტმა ირლანდიამ 35-7 იმარჯვა.

IX ადგილის ნახევარფინალში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ელიტურ XII-ში პირველი გამარჯვება მოიპოვეს, იტალიას სამი ლელო დაუდეს და 18-17 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით ქართველმა 20-წლამდელებმა სპორტული შედეგით მოიპოვეს 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება, რომელიც საქართველოში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

მანჩესტერის მსოფლიო ჩემპიონატი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ღირსეულად დაასრულეს, ფრანგ თანატოლებს ბოლომდე ებრძოლნენ და 24-27 დამარცხდნენ.

ნოემბერში უმცროს ბორჯღალოსანთა განახლებული შემადგენლობა, რომელიც 2017 წელს სამშობლოში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრა და ჯერ ჩრდილო ირლანდიური ‘ალთერის’ თანატოლთა გუნდი დაამარცხა, მერე შოტლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს სძლია, რომელიც თავადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. სამი დღის წინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უმცროსი ბორჯღალოსნები 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებად დაასახელა.

2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უმცროსი ბორჯღალოსნები სამ თვეზე მეტია ემზადებიან. ბრიტანულ ტურნეზე უკვე ვწერდით და იანვარში 20-წლამდელები დიდი 10-ის კლუბებთან სამ თამაშს გამართავენ, ხოლო აპრილის ბოლოს საქართველოს სამხრეთ აფრიკული, ვესტერნ პროვინსის აკადემიის გუნდი ეწვევა და ქართველ ახალგაზრდებთან სამ თამაშს გამართავს.

მსოფლიო ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება და უმცროსი ბორჯღალოსნები ‘ც’ ჯგუფში არგენტინასთან, სამხრეთ აფრიკასთან და საფრანგეთთან ითამაშებენ; ა ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, უელსი და სამოა მოხვდნენ; ხოლო ბ ჯგუფში, რომელსაც ქუთაისი მასპინძლობს, ირლანდია, ახალი ზელანდია, შოტლანდია და იტალია არიან განთესილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:14 | 29.12.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

00:22 | 29.12.2016
buratino (480)

წარმატებები ჩვენს ბოკვერებს

22:57 | 28.12.2016
ogafa (407)

წარმატებები

0.081447