„ტულუზში“ მომავალი სეზონიდან სახელფასო უწყისი ორჯერ შეიკვეცება - საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო გუნდი ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას აანონსებს.
რამდენიმე ძალზე წარუმატებელი და უტიტულო სეზონის შემდეგ, „ტულუზის“ ხელმძღვანელობამ სახელფასო ბიუჯეტის 6-დან 3 მილიონამდე დაყვანა გადაწყვიტა.
როგორც რამდენიმე ხნის წინ გაცნობეთ, საქართველოს ნაკრების ბურჯი ვასილ კაკოვინი მომავალ სეზონში კარიერას „რასინგ მეტროში“ გააგრძელეს, მაგრამ ტულუზელთა სამომავალსეზონო დანაკლისი კაკოვინით რომ იფარგლებოდეს, კიდევ რა უჭირთ: საფრანგეთის 19-გზის ჩემპიონთა რიგებს დატოვებენ ახალზელანდიელი ცენტრი ლუკ მაკალისტერი, სამოელი ბურჯი კენსუს ჯონსტონი, ფრანგი კვაჭი კრისტოფ ტოლოფუა, არგენტინელი მეორეხაზელი პატრისიო ალბასეტე, პორტუგალიელი ნახევარმცველი სამუელ მარკეში და ფრანგი ფულბეკი ალექსი პალისონი. გარდა ამისა, ჯერაც არ გაუგრძელებიათ „ტულუზთან“ კონტრაქტი სამოელ მხტომელ ჯო ტეკორის, სამხრეთაფრიკელ ბურჯ გურტრო სტენკამპს და ფრანგ ფლანკერებს - იაკუბა კამარასა და თვით კაპიტან ტიერი დუზოტუას. სახელებით თუ ვიმსჯელებთ, „ტულუზს“ აბსოლუტურად ახალი გუნდის შექმნა მოუწევს, რადგან ზემოთ მწვრთნელ იუგო მოლას რაზმის მთელი ხერხემალი ჩამოვთვალეთ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია