პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა Midi-olympique-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა ბურჯ კარლენ ასიეშვილს სტატია მიუძღვნა:
„ასიეშვილი „ბრივში“ 2013 წელს ისე მივიდა, რომ მანამდე ტოპ 14-ში ნათამაშები არ ჰქონდა, თუმცა მალევე იქცა ნიკოლა გოდინიონის გუნდის წამყვან ფიგურად.
26 სანაკრებო კეპი და ერთი მსოფლიო თასი - თავშეკავებულმა ქართველმა ბურჯმა „ბრივს“ მიღმა თამაშისასაც გაითქვა სახელი, თუმცა ის იშვიათად ხვდება ყურადღების ცენტრში: „არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. მირჩევნია, ჩუმად ვიმუშაო“. თუმცა, ის ღიმილიანი, კარგი მოსაუბრეა და არა მკაცრი ადამიანი.
საფრანგეთში 2010 წელს ჩამოვიდა და „ორტეზში“ მოეწყო, სადაც თავი კარგ ახალგაზრდად და მძლავრ მოთამაშედ წარმოაჩინა. „ორიაკში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ, 2013 წელს „ბრივს“ შეუერთდა და ტოპ 14-ში დამკვიდრდა. მენეჯერმა ნიკოლა გოდინიონმა მალევე გაიაზრა: „ის ძალიან კარგი ბიჭია, რომელიც არ ხმაურობს, თუმცა ძალიან ბევრს მუშაობს, რათა საუკეთესო გახდეს. ასიეშვილი მნიშვნელოვანი პიროვნებაა ჩვენს გასახდელში. ის სხვებზე ცოტას საუბრობს, თუმცა ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს და მასთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებს“.
რადგან 29 წლის მორაგბე გუნდის საკვანძო ფიგურაა, კლუბმა მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ასიეშვილი „ბრივში“ 2019 წლის ივნისამდე დარჩება: „ახლა ნამდვილი ბრიველი ვარ და ეს ძალიან მახარებს. აქ ცხოვრება მომწონს და კლუბშიც შესანიშნავი ატმოსფეროა. „ბრივი“ ერთი დიდი ოჯახივითაა და მიყვარს მისი მოთამაშეები და მწვრთნელები. ის, რომ დიდი ბიუჯეტი არ გვაქვს და შემადგენლობაში ვარსკვლავები არ გვყავს, არაფერს ნიშნავს. ახალი კონტრაქტის პირობები მილეულ წელს განვიხილეთ და გამახარა იმ ფაქტმა, რომ აქ კიდევ სამი სეზონით დარჩენის შანსი მომეცა“.
რა იქნება 2019 წლის შემდეგ? „ჯერ არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. არ გამოვირცხავ, რომ „ბრივში“ კიდევ რამდენიმე წლით დავრჩე“.
მაგრამ კარლენ ასიეშვილი მომავალზე ჯერ არ ფიქრობს. ის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ბოლოს 30 ოქტომბერს, „კლერმონთან“ მატჩში იყო, ხოლო 5 ნოემბერს მხოლოდ 8 წუთი ითამაშა: „ტულუზთან“ მატჩმა გული დამწყვიტა. გარდა იმისა, რომ დავმარცხდით, მოედანზე გასვლიდან 8 წუთში ტრავმა მივიღე. ეს რთული გადასატანი იყო, მით უმეტეს, რომ საერთაშორისო მატჩების შემდეგ კლუბში ახალი დაბრუნებული ვიყავი“.
მოედანზე ასიეშვილის დაბრუნება „ბრივისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მან ტრავმის მოსაშუშებლად ევროთასებისთვის გამოყოფილი ფანჯარა გამოიყენა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი დაბრუნება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ გუნდს ტრავმის გამო კიდევ ერთი ბურჯი დააკლდა - ლიუკა პუენტიუ, და მთელი სიმძიმე ორ მორაგბეზე გადადის: „ლიუკა ჩემთვის ძმასავითაა და გული მწყდება, მას ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ. შევეცდები, მაქსიმალურად დავიხარჯო“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გენაცვალე გულიანო კაცო!
+1
კარლენი მართლაც მაგარია, ჯანით, სისწრაფით და სიმამაცით.
მიდი, კახაბერ (თუნდაც კარლენ), მიაწექი და გაგვახარე!