ტოპ 14-ის მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩში ქართული დერბი შედგა. მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძის, გაგი ბაზაძისა და შალვა მამუკაშვილის ‘მონპელიემ’ მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის ‘ტულონი’ 33-29 დაამარცხა. განსაკუთრებით გამოირჩა ბორჯღალოსანი მამუკაშვილი, რომელმაც ფრანგულ კარიერაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა.
პირველი ლელო
მეორე ლელო
ქართველმა კვაჭმა მოლი ლელოთი პირველად 37-ე, ხოლო მეორედ 54-ე წუთზე დაასრულა. ‘მონპელიეს’ კვართით მამუკაშვილს ლელო ჩემპიონთა თასზე ჰქონდა დადებული, საფრანგეთის ჩემპიონატში კი პირველად გამოირჩა. ტულონის წინააღმდეგ მან 75 წუთი ითამაშა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად გაისარჯა მეორეხაზელი მიქაუტაძე. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს ბურჯი ლევან ჩილაჩავა; 75-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა კვაჭი ალხაზაშვილი, რომელმაც ტოპ 14-ში მეორედ ითამაშა.
გათამაშების ლიდერმა ‘კლერმონმა’ ‘სტად ფრანსეს’ 6 ლელო დაუდო და ბონუს ქულით დაამარცხა - 46-10. მატჩში ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა და ოთხივე შეცვლაზე შევიდა. გამარჯვებულთა შორის 62-ე წუთიდან ითამაშა დავით ზირაქაშვილმა, ხოლო 71-ედან ვიტო კოლელიშვილმა; სტად ფრანსეს რიგებში 59-ე წუთზე გამოჩნდა ზურაბ ჟვანია, ხოლო 64-ე წუთიდან ითამაშა გიორგი მელიქიძემ.
ვასილ კაკოვინის ‘ტულუზა’ ‘გრენობლს’ ეწვია და 22-26 დამარცხდა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. ლექსო ყაულაშვილის ‘ლა როშელმა’ დავით ხინჩაგიშვილის ‘ბაიონს’ სტუმრად 42-17 სძლია. სტუმართა შეორის 65-ე წუთიდან ითამაშა ყაულაშვილმა.
ქართველი ლეგიონერების ინგლისური კლუბები დღეს ითამაშებენ - გიორგი ნემსაძის ბრისტოლი ჯაბა ბრეგვაძის ვუსტერს მასპინძლობს. ბრეგვაძე სასტარტო შემადგენლობაშია და თამაში თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში საშობაო შესვენებაა და მეორე წრე 5 იანვარს იწყება.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ წარმატებები
სად შეიძლება თამაშის სრული ჩანაწერის ნახვა?
შალვა მაგარია, თავის კლასს კიდევ აჩვენებს.
თავისი კარგად მოწოდებული აუტების მერე დადო დადო ლელოები და ამ კუთხითაც დასაფასებელია მისი გარჯა, თან რა დონის მეტოქესთან დადო ეგეც ხო ბონუსია კიდევ
წარმატებები