საფრანგეთი პრო დ2

17:22 | 19.12.2016 | ნანახია 3040 - ჯერ

ქართველები ევროპაში: ერთადერთი ლელო

ევროპის რაგბის ჩემპიონთა ლიგაში მორიგი, მე-4 ტური შედგა. ქართველებისთვის ამ ტურში კარგიც მოხდა და არცთუ კარგიც. ზოგადად, ჩემპიონთა თასის “ქართული” კლუბებიდან ყველაზე დამაჯერებლად დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის “კლერმონი” გამოდის. დათოც და ვიტოც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და “კლერმონს” ირლანდიურ “ოლსტერთან” რევანშის აღებაშიც დაეხმარნენ - 38:19. კლერმონელები მე-5 ჯგუფს ლიდერობენ და პლეი-ოფში მოხვედრასთანაც ახლოს არიან.

თავისი მატჩი ვასილ კაკოვინის “ტულუზმაც” მოიგო – იტალიური “ძებრე” 54:15 გაანადგურა. კაკოვინის თამაშში ჩართვა საჭირო არ აღმოჩნდა, თუმცა ის მარქაფაში კი ირიცხებოდა. ტულუზელები თავისი ჯგუფის მეორე ადგილზე არიან და მეორეადგილოსანთა რეიტინგსაც ლიდერობენ.

აი, “ტულონმა” და “მონპელიემ” კი თავთავიანთი გასვლითი მატჩები წააგეს. ლევან ჩილაჩავა და მამუკა გორგოძე ტულონელთა სასტარტო თხუთმეტეულში იყვნენ და ფრანგული კლუბის შერკინების დომინაციაშიც დიდი წვლილი შეიტანეს, ეს დომინაცია კი ლი ჰაფპენის ზუსტი ჯარიმებით ანგარიშზეც აისახებოდა. თუმცა, გადამწყვეტ მომენტში, როცა “ტულონმა” უელსურ “სკარლეტსთან” ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა, შერკინებამ მორიგი ჯარიმა გამოიმუშავა და მანამდე 7 ჯარიმის უშეცდომოდ შემსრულებელ ჰაფპენის მიზანმა უმტყუნა, თორემ ქართველთა გუნდი მოედანს გამარჯვებული დატოვებდა. ჰოდა, “ტულონი” ჯგუფის მეორე ადგილზე დარჩა, ხოლო მეორეადგილოსნებში - მე-4 პოზიციაზე. შეგახსენებთ, პლეი-ოფში ამ რეიტინგის პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები მოხვდებიან.

ხსენებულ რეიტინგში მესამეა “მონპელიე”, რომლის სასტარტო შემადგენბლობაში ერთბაშად სამი ქართველი მორკინალი იყო: პირველ ხაზში - მიხეილ ნარიაშვილი და შალვა მამუკაშვილი, მეორეში - კოტე მიქაუტაძე. ფრანგულ დერბიში “კასტრმა” 29:23 მოუგო ქართველთა გუნდს და ორქულიან დისტანციაზეც მიუახლოვდა.

ევროპის რაგბის ჩელენჯ კაპზე ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსემ” “ედინბურგს” 26:20 მოუგო და სატურნირო მდგომარეობა რამდენადმე გაიუმჯობესა. ქართველი პირველხაზელები თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთვნენ.

“ბრივმა” რუსულ “ენისეის” უმასპინძლა და იოლად, 38:18 გაუსწორდა. ფრანგული კლუბის სასტარტოში ვასილ ლობჟანიძე იყო, ვინც მეორე ტაიმში შეცვალეს, ხოლო სოსო ბეკოშვილმა მეორე ტაიმის ბოლო ნაწილი გაატარა მოედანზე. “ბრივმა” პლეი-ოფის საგზური უკვე თითქმის ჩაიჯიბა.

“ბრისტოლმა” ფრანგულ “პოს” გასვლაზე 28:18 აჯობა, ხოლო “ბორჯღალოსანი” გიორგი ნემსაძე ინგლისელთა შორის მეორე ტაიმში გამოჩნდა. “ბრისტოლი” თავის ჯგუფში მესამეა, თუმცა პირველ-მეორეს 3-3 ქულით ჩამორჩება.

ხოლო “ბეიონმა” “ტრევიზოსთან” კვლავ წააგო, დავით ხინჩაგიშვილი კი ამჯერად ფრანგული გუნდის სასტარტოში იყო. ბეიონელებს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი დიდი ხანია დაკარგული აქვთ.

საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში ლიდერი კვლავ შეიცვალა – “ოიონამ” საკუთარ მოედანზე რთულ ბრძოლაში “ბიარიცი” 33:26 დაამარცხა და დაკარგული პირველი ადგილი დაიბრუნა. გამარჯვებული გუნდის განაცხადში ქართველი ბურჯი გიორგი ვეფხვაძე იყო, ვისაც თამაშის შანსი არ მიეცა.

ზოგადად, გასულ ტურში ქართველთა მცირე რაოდენობამ ითამაშა – ზოგს ტრავმა აქვს, ზოგი მწვრთნელებმა დაასვენეს, ხოლო ვინც იასპარეზა, მათგან “კარკასონის” პირველხაზელი გიორგი ნაცარაშვილი გამოირჩა. ქართველი პირველხაზელი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, 50 წუთი ითამაშა, ხოლო 28-ეზე ლელო დადო. იმ მომენტისთვის “კარკასონი” “ნარბონთან” უიმედოდ, 21:3 მარცხდებოდა და ნაცარაშვილმა თავისი გუნდის შერკინების საოცარი მიძალება ბურთის დამიწებით დააგვირგვინა – 21:5. კარკასონელთა დამრტყმელს ცუდი დღე ჰქონდა, თორემ ნაცარაშვილის გუნდი მარცხს თავიდან უთუოდ აიცილებდა – 27:26 “ნარბონმა” მოიგო, “კარკასონი” კი მე-8 ადგილზეა.

“ორიაკი” მე-4 საფეხურზე კი დარჩა, მაგრამ ბურგუენში ერთობ მტკივნეული მარცხი (3:20) კი განიცადა. სტუმართა რიგებში სამმა ქართველმა ითამაშა: ლევან დათუნაშვილი სასტარტოში იყო და 57-ე წუთამდე ითამაშა, მერაბ შარიქაძე სულაც მთელი მატჩი უნდა ყოფილიყო მოედანზე, რომ არა 34-ეზე აკიდებული სინბინი. ხოლო პირველხაზელმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა დასკვნითი 34 წუთი დაჰყო მინდორზე.

“ორიაკს” შალვა სუთიაშვილის “ანგულემი” მიუახლოვდა – “კოლომიე” უდაძაბულეს მატჩში 26:25 დაამარცხა და მე-5 პოზიციაზე დაფუძნდა. ქართველი მესამეხაზელი თადარიგში კი იყო, მაგრამ მის ნაცვლად სასტარტოში მოთამაშე სებასტიან ლოლემ ტვინის შერყევა უკვე მე-18 წუთზე მიიღო და შალვასაც თამაშში ჩართვამ მოუწია.

მეშვიდეზეა “მონ-დე-მარსანი”, რომელმაც “ვანი” გასვლით მატჩში საკმაოდ იოლად დაამარცხა – 26:13. გამარჯვებულთა სასტარტოში ბექა გორგაძე ვერ ვიხილეთ, მაგრამ ახალგაზრდა ქართველმა მესამეხაზელმა დასკვნითი 25 წუთი კი ითამაშა და სწორედ მისი ჩართვის შემდეგ მოიპოვა “მონ-დე-მარსანმა” გადამწყვეტი უპირატესობა.

დაბოლოს, ვეტერანი ელიზბარ ყუფარაძე “დაქსის” სასტარტო 15-ეულში იყო და 62-ე წუთამდე სტაბილურად ითამაშა, ხოლო მისმა კლუბმა “ბეზიესთან” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 23:13.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:08 | 21.12.2016
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბიჭებო ! ! !

0.10543