ბორჯღალოსანთა მგეზავის კრასნი იარი გაზაფხულზე ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში ითამაშებს. რუსეთის ვიცე-ჩემპიონმა ჯგუფური ეტაპის ოთხივე მატჩი ბონუსით მოიგო და ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.
მალაღურაძემ ოთხივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ჯამში გუნდს 40 ქულა შესძინა. მისი ფეხჩუბინობით ყველაზე მეტად იტალიელები დაზარლდნენ.
პირველ ტურში კრასნი იარმა იტალიურ მოლიანოს 48-24 სძლია და 30 წლის ქართველის მონაგარმა 18 ქულა შეადგინა - ორი ჯარიმა და ექვსი გარდასახვა. მეორე ტურში რუსულმა კლუბმა ესპანეთის ჩემპიონი ელ სალვადორი 32-5 დაამარცხა და ამ თამაშში მალაღურაძის ანგარიშზე 7 ქულა იყო - 1 ჯარიმა და 2 გარდასახვა.
მომდევნო ორი შეხვედრა რუსულმა კლუბმა სტუმრად გამართა, თუმცა ამას პრემიალური ქულების აღებაში ხელი არ შეუშლია. ერთი კვირის წინ იარმა გერმანიაში ჰაიდელბერგერი 50-21 დასცა და სტუმართა ერთი ლელო ლაშამ მიითვალა.
იტალიაში, როვიგოსთან ჯახში წყდებოდა შეძლებდა თუ ვერა კრასნი იარი პლეი ოფში გასვლას. სტუმრებმა მასპინძლებს პირველ ტაიმში ორი ლელო დაუდეს და 14-11 დაწინაურდნენ, მეორეში კიდევ 4-ჯერ დაამიწეს ბურთი და ჯამში 42-11 იმარჯვეს. შეცვლამდე გარდასახვებს მალაღურაძე ასრულებდა და ხუთივე ჯერზე ბურთი ძელებსშუა გააძვრინა, რითაც გუნდს 10 ქულა შესძინა.
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია