სტატიები

12:13 | 15.12.2016 | ნანახია 2964 - ჯერ

ქომაგობა რაგბულად
მილტონ ჰეიგი: "ჩვენ ერთად ვიზრდებით"

სპორტი და გულშემატკივარი განუყოფელი ცნებებია და სასიხარულოა, რომ ქართული რაგბის ქომაგთა არმია უკანასკნელ წლებში მუდმივად იზრდება.

რაოდენობრივ მატებასთან ერთად ამაღლდა მათი ქცევის კულტურა, განსწავლა და ნამდვილ მეთექვსმეტე მოთამაშედ იქცა. გულშემატკივარი ბორჯღალოსნების გამარჯვებისა თუ მარცხის თანაზიარი გახდა და 19 ნოემბერს სამოასთან მოგებული მატჩის შემდეგ გუნდის კაპიტანმა მამუკა გორგოძემ თქვა: "სანამ ასეთი მაგარი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ!"

2010 წლიდან დღემდე 8-ჯერ დაფიქსირდა ანშლაგი: ამ პერიოდში ორჯერ გაივსო "დინამო არენა", რომელიც 55 ათასამდე მაყურებელს იტევს - 2014 წელს რუსეთთან და 2016 წელს რუმინეთთან, ხოლო ამავე მეტოქეებთან ჯახმა ორ-ორჯერ შეავსო "მესხის" 24-ათასიანი ტრიბუნა. "მესხის" ტრიბუნები პირთამდე შეივსო ნოემბრის ტესტ-სერიის ორივე საშინაო მატჩზე;

"ბორჯღალოსნებს" გულშემატკივრები დაყვებიან გასვლით შეხვედრებზეც, როგორც მსოფლიო თასის, ასევე რაგბი ევროპის ჩემპიონატის თამაშებზე. ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან ქომაგები იკრიბებიან ლისაბონში, მადრიდში და ბრიუსელში, ხოლო რუსეთში გამართული თამაშებისას, მაყურებლის ნახევარზე მეტს ადგილობრივი ქართველები შეადგენენ. 2010 წელს ტრაბზონი ერთი დღით "ქართულ ქალაქად" იქცა და 8-ათასიანი სტადიონის ტრიბუნებმა ყველა მსურველი ფიზიკურად ვერ დაიტია.

გულშემატკივრების მატების გრაფიკული გამოსახულება იზილეთ ფოტოზე (იაპონიასთან და რუმინეთთან ბოლო დროს ჩატარებული მატჩების მიხედვით):

რაგბის პოპულარობის და ქომაგის სარაგბო განსწავლის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ტელეტრანსლიაციებს. 2003 წელს "ბორჯღალოსნების" მსოფლიო თასზე პირველად გასვლის შემდეგ, რაგბი ტელევიზორში სულ უფრო და უფრო ხშირად ჩანდა და 2015 წელს ტელემაყურებელმა მსოფლიო თასის ყველა შეხვედრა იხილა (იხ. ფოტო).

გარდა მსოფლიო თასის შეხვედრებისა, საზოგადოებრივი მაუწყებლით წარმოებს რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და "ბორჯღალოსნების" ტესტ-მატჩების პირდაპირი ტელერეპორტაჟები. წელს შედგა რეპორტაჟები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატიდან და ყოველკვირეულად ეწყობა დიდი 10-ის ტურის ცენტრალური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი. კომენტატორებს აღარ სჭირდებათ რაგბის ელემნტარული წესების ახსნა, რაც გულშემატკივრის განსწავლის ამაღლების შედეგია.

ტრიბუნებზე ქომაგთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, დაიხვეწა მათი ქცევის წესები და ჩამოყალიბდა ტრადიციები:

გულშემატკივარი გუნდთან ერთად ასრულებს საქართველოს ჰიმნს;

მაყურებელი თამაშის დასრულების შემდეგ ელოდება "ბორჯღალოსნების" საპატიო წრეს;

პატივს სცემს მეტოქე გუნდის ჰიმნს და წინასამატჩო რიტუალს;

გულშემატკივარი სტადიონზე ოჯახებით დადის და სამი თაობის წარმომადგენლები ერთად ქომაგობენ "ბორჯღალოსნებს".

"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ქართველ ქომაგს მსოფლიოში საუკეთესოს უწოდებს და ნოემბრის ტესტ-მატჩების შემდეგ იაპონელთა და სამოელთა სამწვრთნელო შტაბის ნააზრევს გვიმხელს:

„მინდა გაგანდოთ იაპონიისა და სამოას სამწვრთნელო შტაბის ნააზრევი, რომელიც მათგან მატჩის შემდეგ მოვისმინე - არც მოგებული და არც წაგებული თამაშის შემდეგ, არსად გვინახავს მაყურებელი სტადიონზე რჩებოდეს და საპატიო წრისას გუნდს ასე გულანთებულად უხდიდეს მადლობას. ჩვენთან ასე არ ხდება, განსაკუთრებით წაგებული მატჩის შემდეგ - მოიხედავ და სტადიონი ცარიელია“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:34 | 16.12.2016
პანტელეიმონი (1218)

მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთ ჩვენო საამაყო ბიჭებო ! ! !

21:56 | 15.12.2016
LA.paata (38)

ჩვენს ლომებს არ უნდა ჩამოვრჩეთ, ყოველთვის მათ გვერდით უნდა ვიყოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მათი მადლიერები ვართ და მაგრად გვეიმედება მათი.

15:27 | 15.12.2016
Kala94 (151)

ძაან დიდი პროგრესი გვაქვს ყველანაირად ! აუცილებელია გულშემატკივრის მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის აღება რაგბის განვიტარებაში კიდევ უფრო დიდი წვლილის შეტანა !

14:00 | 15.12.2016
temuchin (431)

სტადიონზე წაგებული მატჩის შემდეგ ჩემდა სამწუხაროდ უფროსი თაობის წარმომადგენლები გარბოდნენ სტადიონიდან ჯერ კიდევ საფინალო სასტვენამდე. თუმცა ალბათ მალე ამასაც გამოვასწორებთ ყველა ერთად.

13:09 | 15.12.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია ტემპი შენარჩუნდება.

0.151571