საფრანგეთი პრო დ2

14:04 | 12.12.2016 | ნანახია 4161 - ჯერ

ევროპული ლელოები ქართულად
ავტორები - მამუკაშვილი, გორგოძე და სუთიაშვილი

გასული უქმეები მეტად ხვავრიელი გამოდგა ევროპაში მოთამაშე ქართველი მოტრაგბეებისთვის. გუშინ ლაშა მალაღურაძის ლელოზე მოგითხრობდით, დღეს კი კიდევ სამ ლელოზე გვაქვს მოსაყოლი. ჩვენთვის საინტერესო ამბები სამ ტურნირში მოხდა - ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასზე, ჩელენჯ კაპზე და საფრანგეთის პრო დ2-ში.

ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში ერთბაშად 2 ქართული ლელო გავიდა: საქართველოს ნაკრების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა “კასტრი” დაალელოვა, ხოლო “ბორჟღალოსანთა” კაპიტანმა მამუკა გორგოძემ – “სკარლეტსი”, თუმცა სჯობს თანდათანობ ყველა საინტერესო დეტალი გააგცნოთ.

ირლანდიურმა “ოლსტერმა” დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” უმასპინძლა და უდაძაბულეს ბრძოლაში 39:32 დაამარცხა. ზირაქაშვილი სასტარტოში იყო და შერკინებებში ძველებურად მაგარი იყო. მარცხის მიუხედავად, “კლერმონი” V ჯგუფს კვლავაც ლიდერობს.

“მონპელიემ” “კასტრს” უმასპინძლა და იოლად, 32:14 დაამარცხა, თანაც ისეთ პირობებში, რომ უკვე მე-19 წუთზე დუდუ ქუბრიაშვილი დაკარგა. ქართველი ბურჯი რაქში მეტისმეტად აგრესიულად შევარდა და ოპონენტს თავში მხარი გამეტებით ჩაარტყა, რაც მსაჯმა, ცხადია, შენიშნა და დაუყოვნებლივ წითელი ბარათი აუფრიალა. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა მაინც დაჩაგრეს კასტრელები, ხოლო მამუკაშვილმა, როგორც თავში ვთქვით, 67-ე წუთზე ლელო მიითვალა. იმ მომენტამდე მონპელიელები 20:14 იგებდნენ და ქართველი კვაჭის ამ ლელომ მატჩის ბედი ფაქტობრივად საბოლოოდ გადაწყვიტა. აქვე აღვნიშნავთ, რომ მამუკაშვილისა და ქუბრიაშვილის გარდა “მონპელიეს” შერკინების პირველ ხაზში მიხეილ ნარიაშვილიც იყო, ხოლო 4 ნომერზე კოტე მიქაუტაძე იდგა. “მონპელიე” თავისი ჯგუფის მე-2 ადგილზეა და მეორეადგილოსანთა საერთო რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლებით ლიდერობს.

თუკი მამუკაშვილმა თავისი გუნდის ლიდერობა გაამყარა, მამუკა გორგოძემ “ტულონის” გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მე-4 წუთზე ჩვეულ ძალისმიერ მანერაში გაარღვია “სკარლეტსის” დაცვა და ბურთი ლელოში დაამიწა. მამუკა ძალზე აქტიური იყო და საუკეთესო პრესაც დაიმსახურა. მეორე ტაიმში კი შეცვლაზე კიდევ ერთი ტულონელი ქართველი გამოჩნდა – ლევან ჩილაჩავა. “ტულონმა” უელსელები 31:20 დაამარცხა და III ჯგუფის მე-2 საფეხურზე ავიდა, თუმცა მეორეადგილოსნებში მე-4 მაჩვენებელი აქვს, რაც არაა საკმარისი პლეი-ოფში გასასვლელად. თუმცა, ჩემპიონთა თასის ჯგუფურმა ეტაპმა ეკვატორი ახლახან გადალახა და ჯერ ყველაფერი წინაა.

ჩელენჯ კაპზე უფრო მეტმა ქართველმა იასპარეზა. აქაც სასხიარულო ამბები გვაქვს: “ლიონის” მწვრთნელმა თამაშის შანსი 20 წლის თორნიკე მატარაძეს მისცა და ინგლისურ “ნიუკასლთან” თამაშის ბოლოსკენ შეცვლაზეც შეიყვანა. ლიონელებმა იოლად, 42:12 მოიგეს და პრემიის წყალობით მე-2 საფეხურზე ავიდნენ, თანაც მეორეადგილოსანთა კონკურენციაშიც მე-2, პლეი-ოფში გამსვლელ ადგილზე არიან.

კიდევ ერთი 20 წლის ქართველი კი სულაც თავისი გუნდის სასტარტოში იყო. საქართველოს ნაკრების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე “ბრივის” შემადგენლობაში პირველივე წუთიდან გამოჩნდა და თავისი გუნდის მსხვილი ანგარიშით მოგებაში წვლილი დაიდო. ბრიველებმა რუსული “ენისეი” გასვლაზე 43:8 გაანადგურეს და III ჯგუფის ლიდერობა ჩამოართვეს.

ტურნირის კიდევ 3 მატჩში 4-მა ქართველმა ფორვარდმა ითამაშა. “ბეიონმა” საკუთარ მოედანზე იტალიურ “ბენეტონსაც” ვერაფერი დააკლო, 15:28 დამარცხდა და I ჯგუფის ფსკერზე დაფუძნდა, ფრანგულ კლუბს ვერც შეცვლაზე შესულმა ქართველმა ვეტერანმა დავით ხინჩაგიშვილმა უშველა. “სტად ფრანსემ” კი ფაქტობრივად მოგებული მატჩი ჩააფლავა – გასვლაზე “ედინბურგს” უიოლესად ამარცხებდა, 17:0 უგებდა, მაგრამ სქოთებმა თავისი სიმამაცე და მებრძოლი სულისკვეთება კიდევ ერთხელ გამოავლინეს და მეორე ტაიმში ეს თითქოსდა უიმედო მდგომარეობა მოგებად აქციეს. პარიზელთა შერკინების სასტარტო პირველ ხაზში 20 წლის გიორგი მელიქიძე თამაშობდა – კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი. მეორე ტაიმში ის გამოცვალეს, ზურაბ ჟვანიამ კი თამაშის ბოლო ნაწილი გაატარა “სტად ფრანსეს” შერკინებაში. ფრანგული კლუბის ასეთმა ჩავარდნამ ედინბურგელები მე-5 ჯგუფის ლიდერებად აქცია, ხოლო თავად პარიზელები მე-3 საფეხურზე დარჩნენ. დაბოლოს, ინგლისურმა “ბრისტოლმა” ფრანგულ “პოს” უმასპინძლა და 41:14 გაანადგურა. ბრისტოლელთა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მხტომელი გიორგი ნემსაძე იყო, ვინც თამაშის ბოლოსკენღა შეცვალეს.

პრო დ2-ის ჯერი დადგა და ჩვენდა სასიხარულოდ, აქაც ლელოს ამბავი გვაქვს მოსაყოლი. “ანგულემმა” “ნარბონი” მიიღო, ხოლო შალვა სუთიაშვილმა 23-ე წუთზე მასპინძლები ლელოთი დააწინაურა – 5:3. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს, “ანგულემი” კი, 23:10 მოიგო, მაგრამ მე-6 საფეხურამდე დარჩა.

ასევე შეინარჩუნა ცხრილში პოზიცია “ოიონამ” – “მონ-დე-მარსანთან” გასვლითი მარცხის (22:21) მიუხედავად მე-2 ადგილზე დარჩა. მასპინძელთა რიგებში ბექა გორგაძემ თავიდან ბოლომდე სტაბილურად ითამაშა, გიორგი ვეფხვაძე კი მხოლოდ “ოიონას” განაცხადში მოხვედრას დააჯერსეს. “მონ-დე-მარსანი” კვლავ მე-7 ადგილზეა.

ყოფილი ლიდერი “აჟენი” კი ერთბაშად ორი საფეხურით ჩამოქვეითდა – მესამეზე დაეშვა. როგორც იქნა, აჟენელებს ნაკრებიდან დაბრუნებული და დასვენებული თამაზ მჭედლიძე დაუბრუნდათ, ვისი ძლიერ ეიმედებოდათ, მაგრამ “კოლომიესთან” სტუმრად ვერც ქართველმა სამმეოთხედელმა იხსნა თავისი გუნდი – 33:27.

გიორგი ნაცარაშვილის “კარკასონმა” “დაქსი” 36:0 დაამცირა და ქართველმა პირველხაზელმა სათამაშო მინდორზე დასკვნითი ნახევარი საათი გაატარა. “კარკასონი” მე-9 საფეხურზე ავიდა.

“ორიაკი” კი პირველობაზე ოცნებობს. ლევან დათუნაშვილი და მერაბ შარიქაძე ამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ “ვანთან” საშინაო შეხვედრაში (24:22). ვეტერანი დათუნაშვილი 58-ე წუთზე შეცვალეს, შარიქაძე ბოლომდე დარჩა მოედანზე, თან 12 ნომერზე ითამაშა, ბოლო 20 წუთი თამაშში ნიკოლოზ ხატიაშვილმა დაჰყო, ხოლო ბოლო 3 წუთი მასთან ერთად პირველ ხაზში გიორგი შარაშიძემაც ითამაშა. “ორიაკი” მე-4 საფეხურზეა და ლიდერ “მონტობანს” 2 ქულით ჩამორჩება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:46 | 12.12.2016
ogafa (407)

ყოჩაღ ბიჭები

14:46 | 12.12.2016
Kala94 (151)

საღოლ ლომებო ! ესაა ჩვენი სპორტი !

0.162822