უცხოური

16:42 | 8.12.2016 | ნანახია 2666 - ჯერ

საემიროებში რაგბით სერიოზულად დაინტერესდნენ

არაბთა გაერთიანებული საემიროების რაგბის კავშირი ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

„ძალიან მალე ჩვენი ორი კლუბი - აბუ დაბიდან და დუბაიდან - საერთაშორისო მატჩების ჩატარებას დაიწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ინფორმაცია კონფიდენციალურია“, - ამბობს ორგანიზაციის გენერალური მდივანი ალ დალაი და აგრძელებს:

„ჩვენი ორგანიზაცია 2009 წელს დაარსდა და ამ პერიოდში უზარმაზარ წარმატებას მივაღწიეთ. 7 წლის წინ ქვეყანაში სულ 50 მორაგბე გვყავდა, ახლა მათი რაოდენობა 5 ათასს აღწევს. ესაა შედეგი განვითარების წარმატებული პროექტისა, რომლის მიხედვითაც რაგბიში ყველა ასაკის სპორტსმენები ჩავრთეთ. კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ქალთა საკლუბო და სანაკრებო რაგბის განვითარებაა. ვაჟებთან გოგონების პროცენტული შეფარდებაა 70/30. 5 წლის წინ ამას ვინმე წარმოიდგენდა?“

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ივლისში ახალზელანდიურ „ჰარიკეინზთან“ პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. კლუბის მწვრთნელები და მოთამაშეები პერიოდულად საემიროებში ჩადიან და ადგილობრივ მოთამაშეებს მასტერ-კლასებს უტარებენ. ამ გამოცდილებამ არაბ სპორტსმენებს წინსვლის საშუალება მისცა.

გარდა ამისა, აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია, დუბაიში ყოველწლიურად იმართება რაგბი 7-ის „მსოფლიო სერიის“ ერთ-ერთი ეტაპი და სპეციალურად ამ ტურნირისთვის უზარმაზარი სარაგბო კომპლექსი აშენდა. საემიროების რაგბის კავშირს სპონსორული ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული მსხვილ კომპანიებთან - Fly Emirates და HSBC. კლუბები ატიურად თანამშრომლობენ ინგლისელებთან - „ლესტერთან“, „უოსპსთან“, „სარასენსთან“ და „ჰარლიქუინსთან“.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამი სარაგბო ლიგაა: პრემიერ-ლიგა, სადაც 6 კლუბი თამაშობს, კონფერენს-ლიგა 11 გუნდით და კომიუნითი-ლიგა 10 გუნდით. გარდა ამისა, რეგულარულად ტარდება ჩემპიონატები ჭაბუკთა და ქალთა ჩემპიონატებში.

ქვეყნის ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 72-ე ადგილზეა. მის შემადგენლობაში ნატურალიზირებული ბრიტანელები, ავსტრალიელები და ახალზელანდიელები თამაშობენ. მთავარი მწვრთნელი ავსტრალიელი დუნკან ჰოლია, რომელსაც „უოლაბების“ შემადგენლობაში 15-ჯერ უთამაშია, ხოლო სხვადასხვა დროს „ლესტერს“, „ვუსტერს“, „ვორათაზს“ და აშშ-ის ნაკრებებს წვრთნიდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:29 | 23.06.2017
პანტელეიმონი (1218)

ამათთან თანამშრომლობა საინტერესო უნდა იყოს ჩვენთვის

21:18 | 09.12.2016
shotai-olimpi (89)

ესენი და ჩინელები, ნუ იმათ ტანვარჯიშსა და ფიგურულ სრიალში მაინც აქვთ შედეგი!!

03:57 | 11.12.2016
metrostar333 (23)

Xumrob? Chinelebze magas rogor ambob? Olimpiadis shedegebs mainc gadaxede)))

21:18 | 09.12.2016
shotai-olimpi (89)

ასეთი უნიჭო ერის მნახველი არ ვარ, ტიპები ყველა სპორტში მილიარდებს ატენიან და საბოლოოდ ვერაფერში აღწევენ წარმატებას.

0.079282