ახალი ზელანდიის ნაკრებმა არგენტინაში მასპინძელთათვის 4 ლელოს გატანა მოახერხა, გამარჯვების 4-თან ერთად პრემიალური ქულაც ჩაიწერა და ერთი კვირის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში გასამართი მატჩი სატურნირო თვალსაზრისით ფორმალობად აქცია.
აფრიკელები “ოლ ბლექსს” დასკვნით ტურში მასპინძლობენ და კარგად იცოდნენ, რომ “ოთხი ერის” მოგების შანსის შესანარჩუნებლად ავსტრალია პრემიალური ქულით უნდა დაემარცხებინათ.
“ბოკემ” პირველ ტაიმში სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხა და მართალია მე-12 წუთზე ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ 24-ე წუთზე ჯარიმა, ხოლო თამაშის განახლებისას ლელო-გარდასახვა მიიღო და ტაიმი 5:10 დათმო.
მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ ასეთი ანგარიში 69-ე წუთამდე შენარჩუნდა და პრემიას ვინ ჩივის, სამხრეთ აფრიკას თუნდაც მინიმალური სხვაობით მოსაგებად მინიმუმ 3 ქულის აღება ჭირდებოდა.
მერე ლამბიემ, რომელსაც 5 წუთით ადრე ჯარიმა გაუფუჭდა, არეკნი გაიტანა და როგორც იქნა “ბოკე” დაწინაურდა. მალევე ჟან დე ვილერსმა ბურთი ალამთან დაამიწა და რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, ავსტრალიას მოგებაზე ფიქრის საშუალება ჰქონდა (16:10). მაგრამ დარჩენილ დროში სტუმრები სრულად მოიშალნენ, მათი დაცვა მოიერიშეებს ვეღარ აკავებდა, ლამბიემ და დე ვილერსმა დასკვნით 2 წუთში კიდევ ორი ლელო გაიტანეს, რითაც სამხრეთ აფრიკამ 28:10 იმარჯვა და პრემიალური ქულის აღებით თასზე ფიქრიც რამდენიმე საათით გააგრძელა.
“ოლ ბლექსმა” ბოლო ტურისთვის საქმე აღარ გაირთულა და ლა-პლატაში არგენტინის პრემიალური ქულით დამარცხებით ტიტულს ზედიზედ მესამედ დაეუფლა.
ზელანდიელებმა მატჩის დებიუტში ორი ჯარიმა გაიტანეს, რასაც მე-11 წუთზე ბენ სმიტმა ლელო მიაყოლა და გარდასახვის შემდეგ სტუმრები 13:0 დაწინაურდნენ. სანჩესმა შესვენებამდე ორი ჯარიმა გაქვითა, მაგრამ მათ შორის ისრაელ დაგმა მეორე ლელო გაიტანა, ტაიმი 20:6 დასრულდა და “შავებს” საწყისი 40 წუთის შემდეგ ნახევარი საქმე უკვე მოთავებული ჰქონდათ.
56-ე წუთზე ჯულიან სავეამ ლელოთი ზელანდიელები ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვა, ხოლო 67-ე წუთზე სტუმართა მეოთხე ლელოც შედგა და წლევანდელი “ოთხი ერის” ბედიც აქვე გადაწყდა. საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე მასპინძლებმა ერთი ლელოს გატანა შეძლეს, მაგრამ ამით მხოლოდ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.
არგენტინა ერთ კვირაში ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვებას ავსტრალიასთან ეცდება, “ოლ ბლექსი” კი, სამხრეთ აფრიკას უკვე ჩემპიონის რანგში ეწვევა.
27 სექტემბერი. V ტური
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია 28:10 (5:10)
არგენტინა - ახალი ზელანდია 13:34 (6:20)
- ახალი ზელანდია 5 4 1 0 139-64 21
- სამხრეთ აფრიკა 5 3 0 2 107-85 15
- ავსტრალია 5 2 1 2 98-139 10
- არგენტინა 5 0 0 5 84-140 3
მომდევნო (ბოლო) ტური. 4 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია
არგენტინა - ავსტრალია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია