უცხოური

13:04 | 8.12.2016 | ნანახია 2664 - ჯერ

სუპერ რაგბი ჩინეთში

სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერესი საკლუბო ტურნირი საზღვრებს სულ უფრო აფართოებს და ახალ მიწებს იპყრობს.

ტურნირში არგენტინული და იაპონური ფრანშიზების ჩართვის შემდეგ, ჯერი წყნარი ოკეანის კუნძულებზე, კერძოდ ფიჯიზე მიდგა. განვლილ სეზონში რეგულარული გათამაშების მატჩი ახალზელანდიურ „კრუსეიდერსსა“ და „ჩიფსს“ შორის ფიჯიზე გაიმართა და ეს ნიადაგის ერთგვარ შემზადებას გავდა.

ბოლო დროს მსოფლიო რაგბი ჩინეთის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს. დაგეგმილია, რომ ქვეყანაში რაგბის განვითარებისთვის 100 მილიონი დოლარი დაიხარჯოს და მორაგბეთა რაოდენობა 1,5 მილიონამდე გაიზარდოს. პროგრამაში სუპერ რაგბიც ჩაერთო და ჩინეთში რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, გაისად იქ თამაშის გამართვას ავსტრალიური „ბრამბიზი“ ფიქრობს, რა თქმა უნდა გარკვეული მოგების მიღების შემთხვევაში.

„ჩვენ ამ ვარიანტს განვიხილავთ და აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია. სუპერ რაგბის მატჩის ჩინეთში გამართვა აზიაში სპორტის ამ სახეობის განვითარებას უდიდეს სტიმულს მისცემს. კარგი ფინანსური შესაძლებლობების წყალობით, ჩინეთს უდიდესი პოტენციალი აქვს. თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის რაოდენობას, რაგბიში უამრავი ადამიანი ჩაერთვება. კომერციული თვალსაზრისით, ჩინეთში მატჩის მოწყობა კარგი დივიდენდების მომტანი იქნება“ - განაცხადა „ბრამბიზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფილ ტომპსონმა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089549