ბორჯღალოსნები

17:35 | 6.12.2016 | ნანახია 4043 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: "წინა წლებთან შედარებით, ნამდვილად წინ ვართ წასული"

2016 წლის სანაკრებო თამაშები დასრულდა და ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი განვლილ პერიოდს აფასებს:

- 2016 წელი, რომლის დროსაც 8 თამაში მოვიგეთ, ერთი ფრედ დავასრულეთ და ორში დავმარცხდით, ჩვენთვის განსაკუთრებული იყო - თუნდაც იმიტომ, რომ პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ივნისში სამხრეთში გავემგზავრეთ და ოკეანეთის ტურნედან ძალიან კარგი შედეგით დავბრუნდით. სამწუხაროდ, ნოემბერში ვერ ვაჩვენეთ ის, რასაც რეალურად წარმოვადგენთ. პირველ მატჩში იაპონიის დამარცხება რომ მოგვეხერხებინა, რასაც თამაშის სტატისტიკური მონაცემებით ნამდვილად ვიმსახურებდით, მერე შოტლანდიასაც სხვა შემართებით შევერკინებოდით და ნეომბრის ტესტებს დადებითი ბალანსით დავასრულებდით. მოკლედ, ნოემბრით იმედგაცრუებულები ვართ - ვერ მივიღეთ ის, რასაც ველოდით და ამან ჩვენს წინა მიღწევებს ოდნავ ჩრდილი მიაყენა.

თუმცა, წინა წლებთან შედარებით, ნამდვილად წინ ვართ წასული. არავის ვაკნინებთ და ყველა მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობით, თუმცა რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან ყურადღებას მხოლოდ რუმინეთზე შევაჩერებ, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩვენი დონის მეტოქეა:

პირველად ისტორიაში, მას ბონუს-ქულით მოვუგეთ და სარეკორდო სხვაობით დავამარცხეთ. ფაქტია, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის დონეთა სხვაობა გაიზარდა. ფაქტია ისიც, რომ ივნისის ტურნედან დაუმარცხებლები დავბრუნდით.

ზრდის დიაგრამა რომ ავიღოთ, მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი აღმასვლა გვქონდა. სამწუხაროდ, ნოემბერში ეს ზრდა შეჩერდა და დიაგრამამ ოდნავ ქვევით დაიწია, ოღონდ ოდნავ და არა იმ დონით, რა დონითაც გაიზარდა. მთლიანობაში, წელი ისე ვერ დავაგვირგვინეთ როგორც გვსურდა, თუმცა მთლიანობაში ის წარმატებული იყო“.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი და პოტენციური დებიუტანტები

2015 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო, რომ აღებული ტემპი შეგვენარჩუნებინა, ქვეყანა კიდევ ერთხელ გვესახელებინა და გულშემატკივარი გაგვეხარებინა. ამიტომ, ჩვენ აქცენტი იმ ბიჭებზე გავაკეთეთ რომლებმაც მსოფლიო თასზე ითამაშეს და მხოლოდ რამდენიმე ახალბედა გამოვცადეთ.

სიმართლე რომ ვთქვათ გამოსაცდელი ბევრი არავინ იყო. ეროვნული გუნდის კვართით თამაში დიდი პატივია და ამას დამსახურება უნდა. მოთამაშე უნდა იყოს გამორჩეულად კარგი, აკმაყოფილებდეს ყველა მოთხოვნას და ნაკრებში თამაშს იმსახურებდეს, სხვაგვარად მისი მიწვევის აზრს ვერ ვხედავ.

მომავალ ერთა თასზე სიტუაცია შეიცვლება და გაფართოებულ შემადგენლობაში ახალი სახეები იქნებიან, თუმცა ახლა ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ. შეიძლება იყოს 5, ან 10 ახალგაზრდა მორაგბე, რომლებსაც მიეცემათ ‘შანსი’. მათ ვარჯიშებზე უნდა გვაჩვენონ რა შეუძლიათ, ბევრი რამ ექნებათ დასამტკიცებელი და თუ ამას შეძლებენ, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ შანსს.

ამავდროულად, განვითარებას და ახალი სახეების გამოცდას, მხოლოდ ერთა თასის ნაწილი უნდა ემსახურებოდეს. არის მატჩები, რომლებიც განსაკუთრებული პრინციპულობით გამოირჩევა - რუსეთთან და რუმინეთთან და აქ შედეგი სხვა რამეზე უფრო მნიშვნელოვანია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონები ვართ და ტიტულს დაცვა ჭირდება. სანამ ამ ტურნირში ვიღებთ მონაწილეობას, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მას ყოველ წელს ვიგებდეთ.

შერჩევის კრიტერიუმები

ივნისის და ნოემბრის ტესტებზე ჩვენმა მეტოქეებმა ახალბედები მრავლად ათამაშეს. ფიჯი, სამოა, ტონგა, იაპონია - ამ გუნდებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და იმ გუნდის შენების პროცესში არიან, რომლითაც 2019 წლის მსოფლიო თასზე უნდა ითამაშონ. ჩვენ ეს პროცესი 2012-13 წლებში გავიარეთ და მაშინ გამოვცადეთ მორაგბეები, რომლებისგანაც 2015 წლის მსოფლიო თასისთვის შემადგენლობა შევარჩიეთ. ამ გუნდის 60-70% იაპონიის მსოფლიო თასსაც ითამაშებს, ხოლო დანარჩენი 30-40% ჩვენი შესარჩევია და ამისათვის წინ 3 წელიწადი გვაქვს.

მაგრამ ივნისსა და ნოემბერში ამის დრო ნამდვილად არ გვქონდა. სამხრეთულ ტურნეზე გამოუცდელი მორაგბეებით გამგზავრება მიზანშეწონილი არ იყო. იქ ისეთი გარემოა, თუ იძულებულები არ ვიქნებოდით მსგავსი ნაბიჯის გადადგმა გაუმართლებელი იქნებოდა. რაც შეეხება ნოემბერს, მეტოქეების სიძლიერიდან გამომდინარე, ვალდებული ხარ უძლიერესი შემადგენლობით ითამაშო. მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წახვიდე ექსპერიმენტებზე, როდესაც სხვა გზა აღარ გრჩება.

გარდა ამისა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, მოთამაშე უნდა იყო განსაკუთრებულად კარგი, რათა ეროვნული გუნდის კვართი დაიმსახურო. ეროვნულ გუნდში უნდა მოხვდნენ ის ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებიც დიდ 10-ში ყოველ ტურში გამორჩეულები არიან, კვირიდან კვირამდე თვალთახედვის არეში არიან და სტაბილურად თამაშობენ. რაც შეეხება საფრანგეთში მოთამაშე ახალგაზრდებს, იქ დიდი გუნდის ესპუარებში სტაბილურად თამაში არაფერს ნიშნავს და ეს ნაკრებში მოხვედრის წინაპირობა ვერ გახდება. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პერიოდულობით ასეთი მორაგბეები პირველ გუნდში ხვდებოდნენ და მაშინ ისინი აუცილებლად მოხვდებიან ჩვენი თვალთახედვის არეში.

განსაკუთრებული ივნისი

2012 წლის ივნისში ტურნეზე ჩრდილოეთ ამერიკაში გავემგზავრეთ. გარდა იმისა, რომ ამ პერიოდში უძლიერესი შემადგენლობა ვერ შევკრიბეთ, გუნდში ახალი მოსული ვიყავი, გაცნობის პროცესი გრძელდებოდა და კანადასთან და ამერიკასთან დიდი სხვაობებით დავმარცხდით. მომდევნო სამი ივნისი თბილისის თასისა იყო და მას განვითარებისთვის ვიყენებდით. ეს იყო კარგი ტურნირი ახალგაზრდების გამოსაცდელად, რადგან ვერასდროს ვახერხებდით საუკეთესო გუნდის შეკრებას.

საუკეთესო შემადგენლობა ვერც ამ ივნისში შევკრიბეთ, საფრანგეთის პლეი ოფებში მოთამაშე 9 ლეგიონერი გვაკლდა, თუმცა ეს გუნდი მეტ-ნაკლებად განსხვავდებოდა ამავე პერიოდის წინა წლების გუნდებისგან. სამხრეთულ ტურნეში უმეტესად ის მორაგბეები წავიყვანეთ, რომლებმაც წარმატებით ითამაშეს მსოფლიო თასზე და მერე ერთა თასზე. შედეგად, მორაგბეებსა და მწვრთნელებში დიდი იყო თავდაჯერება. საქართველოში ჩვენი წარმატების ბევრს არ ეჯერა, თუმცა ჩვენ გვწამდა და წარმატებული ივნისის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. ეს იყო განსაკუთრებული ივნისი ქართული რაგბის ისტორიაში, რადგან პირველად გავემგზავრეთ სამხრეთულ ტურნეზე და ფაქტია, იქიდან დაუმარცხებლები დავბრუნდით.

ნოემბრის ტესტები

მწვრთნელებსა და მოთამაშეებს ნოემბერში სულ სხვა გეგმები გვქონდა. ჩვენ გვესმის გულშემატკივრების, რადგან მოლოდინი ვერც საკუთარი თავის წინაშე გავამართლეთ. გვქონდა იმედი, რომ კარგი თამაშით პირველ ორ შეხვედრას მოვიგებდით და თუ დასკვნით დღეს შოტლანდიას “ცუდი” დღე ექნებოდა, მეტოქეს ბოლო წუთამდე დაძაბულობაში ვამყოფებდით. მაგრამ ეს არ გამოგვივიდა და ამას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. მინდა ავღნიშნო, რომ საორგანიზაციო კუთხით ნაკრებს საუკეთესო მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა. ასეთი კარგი პირობები არასდროს ყოფილა და სამწვრთნელო შტაბს და ბიჭებს ასეთი ნაყოფიერი სამუშაო აქამდე არასდროს ჩაგვიტარებია, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა.

იაპონიასთან მარცხის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. წაგება მძიმე გადასატანი იყო, რადგან მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ, გარდა საბოლოო ანგარიშისა. იაპონიამ იმითაც მოგვიგო, რომ ერთი კვირით ადრე არგენტინასთან ითამაშა და ჩვენზე უკეთ იყო ორგანიზებული. თანაბარი დონის გუნდების შეხვედრისას ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იაპონია ის გუნდია, რომელიც ერთი თამაშის შემდეგ მკვეთრად უმატებს და კალენდრის დაგეგმარება ჩვენი ასარჩევი რომ ყოფილიყო, შევხდებით ნებისმიერ სხვა გუნდს, რომელსაც მანამდე ნათამაშები ქონდა, ოღონდ არა იაპონიას. ეს ისეთი გუნდია, რომ ჯობს კამპანიის დასასრულს შეხვდე.

ნოემბრის სამ მატჩში ჯამში 11 ლელო მივიღეთ და აქედან 10 ორ წაგებულ შეხვედრაში. ეს იყო ინდივიდუალური შეცდომების შედეგი და ამავდროულად, ახალმა სისტემამაც ვერ იმუშავა. იაპონია იმ სტილის გუნდია, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ბევრი ლელო გააქვს. მან 20 ქულა გააკეთა არგენტინასთან და 30 უელსთან. რაც შეეხება დღევანდელ შოტლანდიას, ის შეტევაში ძალიან კარგია. სტიუარტ ჰოგი საუკეთესო თუ არაა, თავის პოზიციაზე ტოპ-ხუთეულში ნამდვილადაა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნოემბერში ბევრად უკეთეს გუნდებს ვეთამაშეთ, ვიდრე ივნისში და ლელოთა სიმრავლე ამანაც განაპირობა.

მსოფლიოში საუკეთესო ქომაგები

ეს ადრეც აღმინიშნავს საჯაროდ, რომ როდესაც სახლში ვთამაშობთ... უბრალოდ ვიტყვი - მსოფლიოში საუკეთესო ქომაგი გვყავს! მინდა გაგანდოთ იაპონიისა და სამოას სამწვრთნელო შტაბის ნააზრევი, რომელიც მათგან მატჩის შემდეგ მოვისმინე - არც მოგებული და არც წაგებული თამაშის შემდეგ, არასდროს გვინახავს მაყურებელი სტადიონზე რჩებოდეს და საპატიო წრისას გუნდს ასე გულანთებულად უხდიდეს მადლობას. ჩვენთან ასე არ ხდება, განსაკუთრებით წაგებული მატჩის შემდეგ - მოიხედავ და სტადიონი ცარიელია. საქართველოში კი, მარცხის შემდეგაც სათითაოდ ყველა ჩვენგანი გრძნობს თითოეული ქომაგის თანადგომას - ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ!

ნოემბრის ტესტ-მატჩების დასრულების შემდეგ, ლონდონში მსოფლიო რაგბის შეხვედრას დავესწარი და იქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მსოფლიოში მართლაც ყველაზე მაგარი ქომაგი გვყავს! ბოლო დროს ისინი რიცხობრივადაც გაიზარდნენ და რაგბიც მეტად ესმით: ხედავენ, იციან და აანალიზებენ იმას, რაც მინდორზე ხდება და თამაშისგან მეტ სიამოვნებას იღებენ - რომი ერთ დღეში არ აშენებულა და ჩვენ ქომაგსაც ძალიან კარგად ესმის, რომ წინსვლისთვის მეტი დრო გვჭირდება. ამას ჩვენი სუპერ ქომაგი ძალიან კარგად იაზრებს და იაზრებს იმასაც, რომ პროგრესს ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ - გუნდმა და ქომაგმა ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა უნდა ვიაროთ!

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:22 | 07.12.2016
nukri1968 (4)

წარმატებები მელიტონ

13:58 | 07.12.2016
dd24 (139)

2019 მდე იმედია ჩვენ ახალგაზრდა უკანახაზელებს ექნებათ დიდი პროგრესი სიჭინავა, გოგოლაძე, სვანიძე, მოდებაძე, ჯინჭველაშვილი, კოშაძე, აფრასიძე, მიმინოშვილი ამათი მეიმედება დახლოებით 22-23 წლის იქნებიან 2019 წლისთვის და ამ დროს უკვე უნდა გვაჩვენონ რა შეუძლიათ თუ გამომრჩა ვინმე მაპატიეთ

12:34 | 07.12.2016
deqstera (71)

გორგოძემ მსოფლიოს შემდეგ თქვა, 6 ერისთვის მზად მაშინ ვიქნებით როცა სამოა-ფიჯი-ტონგას ისევე ადვილად დავამარცხებთ როგორც ერთა თასის წევრებსო და მართალიც არის, 6 ერამდე ძალიან ბევრი გვიკლია და მარტო შერკინებით შეიძლება ერთი და ორი თამაში მოიგო მაგრამ სტაბილურობას ვერშეიძენ, ამისთვის საჭიროა ჩემპიონატის განვითარება ან როგორც მინიმუმ ერთი გუნდის პრო 12-ში დამატება და ახალგაზრდებზე ზრუნვა...

10:26 | 07.12.2016
zurageorgevich (41)

მილტონის ძლიერ მწვრნელად ჩამოყალიბებაში მისმა ფსიქოლოგიამ და დიპლომატიამ დიდი როლი ითამაშა... არ ვიცი რამდენი ნაბიჯით წინ წაგვწია, მარა ქართული რაგბისთვის საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და ასეთი პროგრესი ეროვნულს მემგონი არ ქონია... ნოემბრის ტესტებზე კაი იქნებოდა იაპონიასთან მოგვეგო და კმაყოფილები ვიქნებოდით ნამდვილათ, შოტლანდიასთან პირველი მეორე ტაიმს რაც შეეხება ერთია, რომ პირველ ტაიმში ჩვენ ცუდად ვითამაშეთ და მეორეში შედარებით უკეთ ეს ჩვენი ვერსია ხოლო მეორე მხარეც აქვს პირველ ტაიმში სქოთებმა უბრალოდ დაგლიჯეს თავისი მაქსიმუმი გააკეთეს საგრძნობლად წინ წავიდნენ და მეორე ტაიმში მოეშვნენ და ამან ხოარ განაპირობა ჩვენი კაი თამაში (ეს უფრო ექსპერტების სათქმელია) მილტონმა სწორედ აღნიშნა, რომ დიდი სხვაობაა 8-9 ადგილოსანსა და 10-11-12 ადგილოსანს შორის... საერთო ჯამში წელს წარმატებულად ვხურავთ... მე მგონია მილტონს ბორჯღალოსნების განვითარებაში თავისი მაქსიმუმი ჯერ კიდე არ გაუკეთებია და წინაა 2019 წლის მსოფლიო და კიდე ბევრი აქვს დასამტკიცებელი არამარტო ნაკრების, თავის როგორც მწვრთნელის წარმატებაში... მადლობა მილტონს ყველაფრისთვის და როგორც მას არ გაუკეთებია თავისი მაქსიმუმი ქართული რაგბისთვის ისე არ მიუღია ქომაგის მაქსიმალური სიყვარული და სითბო... ქართული რაგბის განვითარებასთან ერთად ქართველი ქომაგებიც ვითარდებით და მრავლდებით... მოკლედ წარმატებები ყველას

10:04 | 07.12.2016
dd24 (139)

ნამვილად გვქონდა წელს საკმაო პროგრესი უბრალოდ ბოლოსკენ გამოცდილება დაგვაკლდა ცოტა, მომავალი წლის ტესტებზე ხომ არ გაქვთ რამე ინფორმაცია ზაფხულის ან საშემოდგომო?

10:36 | 07.12.2016
jora84 (31)

ზაფხულში ურუგვაი, ბრაზიალია, არგენტინა, ნოემბერში აშშ, კანადა და სავარაუდოდ უელსი.

13:52 | 07.12.2016
dd24 (139)

არგენტინასთან კაი მეგობრობა გვაქ მოკლედ, აი აშშ ს ჯინი მაქ ყველაზე სარაგბო ქვეყნებში ბოლოს რო მოგვიგეს მაგის რევანშს ველოდები მოუთმენლად

21:31 | 06.12.2016
temuchin (151)

კაი კაცი ხარ მილტონ, წარმატებები! აბა შენ იცი შენი იმედი გვაქვს ყველას!

19:52 | 06.12.2016
geogoli (161)

მილტონი გადასარევი დიპლომატი და კარგი მწვრთნელია.
ხომ არ იცით რაგბის კავშირის ხელმძრვანელი ხომ არ აპირებს გულშემატკივრებთან შეხვედრას?

18:38 | 06.12.2016
BEERTRANCE (713)

ასეა მელიტონ, უბრალოდ თამასამ აიწია და მადაც გაგვეზარდა ქომაგებს.

18:06 | 06.12.2016
buratino (293)

უჭკვიანესი მწვრთნელია- ზუსტი ანალიზი, რეალური შეფასებები და სწორი გეზი სამომავლოდ

0.116874