ინგლისი

17:30 | 5.12.2016 | ნანახია 3589 - ჯერ

მიქაუტაძის ლელომ “მონპელიეს” ფრთები შეასხა

საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ელიტურ დივიოზიონში ქართული ლელო გავიდა: “ბორჯღალოსანმა” კოტე მიქაუტაძემ გრენობლში გასვლითი მატჩის 56-ე წუთზე მონპელიელ თანაგუნდელთა მრავალსვლიანი შეტევა ლელოში შერბენით და ბურთის დამიწებით დააგვირგვინა. იმ მომენტამდე “გრენობლი” 30:27 იგებდა, მაგრამ ქართველი მეორეხაზელის დროულმა ლელომ თამაშის ბედი შეცვალა – “მონპელიემ” გატეხა მასპინძლები და საბოლოოდ ტაბლოზე 51:37 დააფიქსირა თავის სასარგებლოდ.

არადა მატჩი მიქაუტაძისთვის ერთობ უიღბლოდ დაიწყო - მე-12 წუთზე, მეტოქესთან შეჯახებისას მას ცხვირიდან სისხლი წასკდა და ექიმებს მთელი 9 წუთი დაჭირდათ სისხლდენის შესაჩერებლად. თამაშში დაბრუნებულმა ქართველმა კი თავისი გუნდის ისედაც მძლავრ შერკინებას დამატებითი სიმძლავრეები შესძინა. მონპელიელთა შერკინების სიმძლავრე ვახსენეთ და ისიც უნდა ვთქვათ, რომ სასტარტო პირველი ხაზი მიხეილ ნარიაშვილმა, შალვა მამუკაშვილმა და დუდუ ქუბრიაშვილმა შეადგინეს, 61-ე წუთამდეც ასე იდგნენ. მამუკაშვილი სწორედ 61-ეზე გამოცვალეს, ხოლო ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი 68-ეზე გავიდნენ მოედნიდან.

7 ლელოთი მოპოვებულმა ბონუს-ქულამ “მონპელიე” ცხრილის მე-2 საფეხურზე აიყვანა. პირველი “კლერმონია”, ხოლო მე-3 ადგილზე “ტულონი” იმყოფება, რომელმაც “ბორდოს” უმასპინძლა და 37:10 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 22-ე წუთზე ბორდოელი ლუკ ბრეიდი მასთან უხეშობისთვის წითელი ბარათით დაისაჯა.

“სტად ფრანსემ” “ბეიონი” 51:5 გაანადგურა და ამ გამარჯვებაში თავისი 15-წუთიანი წვლილი ახალგაზრდა გიორგი მელიქიძემ შეიტანა. პარიზელთა პირველხაზელმა ჯერ მე-20 წუთიდან ითამაშა შეცვლაზე, როცა “სტად ფრანსეს” რაბა სლიმანი გაუსინბინეს და გიორგიმ მესამეხაზელი ლაკაფია 10 წუთით გამოცვალა, ხოლო 73-ეზე მელიქიძემ უკვე თავისი თანაამპლუელი სლიმანი ჩაანაცვლა და საფინალო სასტვენამდე მოედანზე დარჩა. პარიზელები მე-9 ადგილზე არიან.

“ტულუზმა” საკუთარ მოედანზე “ბრივი” 30:5 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში 52-ე წუთიდან ვასილ კაკოვინმა ითამაშა, ხოლო ბრიველთა სასტარტო პირველი ხაზი 48-ე წუთზე მთლიანად შეიცვალა და ქართველი ბურჯები კარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი თამაშში ერთდროულად შევიდნენ. “ტულუზი” მეშვიდეა, “ბრივი” - მე-10.

მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში კი ქართველებს ლელო არ გაუტანიათ. შალვა სუთიაშვილის “ანგულემმა” ბურგუენში ადგილობრივი კლუბი დაძაბულ ბრძოლაში 20:15 დაამარცხდა, “ბორჯღალოსანთა” ვიცე-კაპიტანმა მე-60 წუთამდე ითამაშა, მაგრამ გუნდს დასჭირდა და 69-ეზე 6 წუთით კიდევ დაბრუნდა თამაშში. “ანგულემი” ცხრილის მე-6 საფეხურზე ავიდა.

“ორიაკმა” “მონ-დე-მარსანს” უმასპინძლა და 25:21 მოუგო. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ვეტერანი ლევან დათუნაშვილი იყო, ვინც 25-ეზე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. გიორგი შარაშიძე ორიაკელთა განაცხადში კი იყო, მაგრამ არ ათამაშეს. სტუმართა შემადგენლობაში კი ფლანკერმა ბექა გორგაძემ შეუცვლელად ითამაშა. “ორიაკი” მეოთხეა, “მონ-დე-მარსანი” - მეშვიდე.

“ვანმა” “ბეზიეს” 14:13 აჯობა და სტუმრებს ვერც ლაშა ლომიძის შესვლამ უშველა - ქართველი მესამეხაზელი მატჩში 55-ე წუთზე ჩაერთო და ბოლომდე ითამაშა. ბეზიელები ბოლოსწინა, მე-15 საფეხურზე არიან.

“დაქსმა” შინ “ალბისთან” წააგო - 19:23. მასპინძელთა ვეტერანი პირველხაზელი ელიზბარ ყუფარაძე სასტარტოში იყო, მაგრამ 27-ე წუთზე დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა, ხოლო სტუმართა შორის 44-ე წუთზე ასევე ბურჯი ბექა შეყლაშვილი გამოჩნდა. “დაქსი” მე-13, ხოლო “ალბი” მე-14 ადგილზეა.

“აჟენმა” “კარკასონს” 33:7 მოუგო. მასპინძელთა შერკინების პირველი ხაზი 49-ე წუთზე მთლიანად გამოიცვალა და სწორედ იმ მომენტიდან მატჩის ბოლომდე გიორგი თეთრაშვილმა და ვახტანგ ახობაძემ ბურჯებად ითამაშეს. უფრო ადრე, 46-ეზე “კარკასონში” შეცვლაზე გიორგი ნაცარაშვილი გამოჩნდა, ასევე ბურჯი. “კარკასონი” მე-11 ადგილზეა, ხოლო "აჟენი" ამ გამარჯვებამ ცხრილის ლიდერად აქცია.

ყოფილმა ლიდერმა “ოიონამ” “ნარბონთან” გასვლითი მატჩი დათმო - 16:21. სტუმართა შორის ბოლო 3 წუთი გიორგი ვეფხვაძემ ითამაშა.

დაბოლოს, ჯაბა ბრეგვაძის შესახებაც ვთქვათ. საქართველოს ნაკრების საუკეთესო კვაჭმა “ვუსტერ უორიორზის” სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო საშინაო მატჩი “უოსპსის” წინააღმდეგ. საბოლოოდ “მეომრები” 12:26 დამარცხდნენ, ხოლო ბრეგვაძე 67-ე წუთზე შეცვალეს. ეს ინგლისის პრემიერშიფის მატჩი გახლდათ. “ვუსტერი” კვლავ ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:58 | 08.12.2016
qomagi (248)

ორიაკში შარიქაძეს და აჟენში მჭედლიძეს არ უთამაშიათ და მიზეზი რა იყო?

11:21 | 06.12.2016
krasni (587)

მიქაუტაძეს მეტი სისწრაფე, მეტი გამბედაობა და მსოფლიო ვარსკვლავი გახდება.

0.085211