რაგბის თემატიკაზე მომუშავე საიტმა “პლანეტ რაგბი” ნოემბრის ტესტების მონაწილეთა გამოსვლის მიმოხილვას აგრძელებს. გამოცემის მორიგი ანალიტიკური წერილის ობიექტი საქართველოს ნაკრები გახდა.
“გასულ ნოემბერში საქართველოს ნაკრებს 3 ტესტ-მატჩი ჰქონდა, რომელთაგან ორში დამარცხდა – თბილისში იაპონიასთან და კილმარნოკში შოტლანდიასთან, ხოლო ერთი მოიგო - სამოასთან, ასევე თბილისში.
სოლიდური ივნისის შემდეგ, როცა ქართველებმა ფიჯი და ტონგა დაამარცხეს, ხოლო სამოასთან ფრედ ითამაშეს, ისინი ნოემბრის ტესტებში ჩაებნენ, მაგრამ მათდა საუბედუროდ, იაპონელებს მშვენიერ ფორმაში მყოფი ლომანო ლემეკი და კოტანო მაცუშიმა ჰყავდათ – 22:28.
ქართველები ვერ გატეხა “მამაც ყვავილებთან” წაგებამ, რაც ყველა ნაკრებს როდი ახასიათებს. ერთ კვირაში მათ სამოას 20:16 მოუგეს, ხოლო ქართულმა შერკინებამ გუნდის ქომაგებს იმედი ჩაუსახა, რომ ნაკრები გამარჯვებათა კალაპოტს დაუბრუნდებოდა.
კილმარნოკის მატჩში საქართველოს ნაკრების შერკინება დროდადრო უბრალოდ დამანგრეველი იყო და შოტლანდიამ აღმოაჩინა, რომ ლევან ჩილაჩავას, ჯაბა ბრეგვაძისა და მიხეილ ნარიაშვილისთანებთან შეჯახება ნაფლეთებად ქცევის რისკთანაა დაკავშირებული. მაგრამ ასეა თუ ისე, თამაშის სხვა კომპონენტებში საქართველოს ნაკრები ჯერაც მოიკოჭლებს – ხანგრძლივი თავდაცვისას და ხელდახელ თამაშში, როცა მათ ბევრი ბრძოლა უწევთ, ვიდრე შემოქმედებითი, კომბინაციური რაგბის თამაშს შეუდგებიან. ასევე დასახვეწია მათი თამაში ხანგრძლივი შეტევებისას.
ისინი სულ რამდენიმეჯერ არიან შენახვედრები პირველი დონის გუნდებს, ამდენად სულაც არაა გასაკვირი, რომ ექვსი ერისა და “რაგბი ჩემპიონშიფის” ნაკრებები ქართველებს იოლად ისხლიტავენ.
ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოს ნაკრები უპირისპირდებოდა გერმანიას, ესპანეთს, რუმინეთს, პორტუგალიას, რუსეთს, ფიჯის, სამოას (ორჯერ), ტონგას, იაპონიას და შოტლანდიას, ანუ ისინი, რაღა თქმა უნდა, ყველა ღონეს ხმარობენ, რათა “დიდი ბიჭებისთვის” ანგარიშგასაწევ კონკურენტად იქცნენ.
ამას წინათ ქართველთა დამრიგებელმა მილტონ ჰეიგმა “პლანეტ რაგბისთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი გუნდისთვის ექვსი ერის კარი გაიღება – მოგვეცით ეს შანსი, რადგან ჩვენ მას ვიმსახურებთო.
რუმინეთთან თამაშზე მისული 54 ათასი მაყურებელი ილუსტრაციაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში კარგი რაგბი სწყურიათ და ჰეიგი დარწმუნებულია, რომ მექანიზმი უკვე მოქმედებაშია მოსული.
ხოლო როცა ეს მოხდება, ცხადია, საქართველო კიდევ უფრო შეამცირებს ჩამორჩენას წინ მყოფებთან”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1