7-კაცა

17:39 | 30.11.2016 | ნანახია 3579 - ჯერ

ორი გუნდით დუბაიში

ამ კვირაში საქართველოს რაგბი 7-ის ორი გუნდი დუბაის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს. შვიდკაცა და შვიდქალა გუნდებისთვის, ეს ტურნირები 2017 წლის ევროპის გრან-პრისა და ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია.

ტრადიციულად, სპეციალურად რაგბისათვის შექმნილ დუბაის სპორტულ კომპლექსში, ყოველი წლის დეკემბერში მასშტაბური სარაგბო ღონისძიებები იმართება. უმთავრესი ტურნირი რაგბი 7-ში მსოფლიო სერიის პირველი ეტაპია, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. პარალელურად, იქვე იმართება რამდენიმე საერთაშორისო და წვეული ტურნირი და რაგბის ამ უდიდეს ზეიმში ქართული გუნდებიც მონაწილეობენ.

ქართული 7-ქალა ქალთა ღია საერთაშორისო ჩათვლაშია (INTERNATIONAL WOMEN ) ითამაშებს და ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს 1 და 2 დეკემბერს გამართავს. მისი პირველი მეტოქე ‘სქოთი ტაიგერსი’ (SCOTTY’S TIGERS) იქნება, დაახლოებით ორ საათში კრასნოდარის რეგიონის ქალთა ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 2 დეკემბერს ‘ძუ მგლებს’ (AUC WOLVERINES) შეხვდება. ამ სამ თამაშში ნაჩვენები შედეგის მიხედვით გოგონების მომდევნო მეტოქე გაირკვევა.

მწვრთნელთა თქმით, 2016 წლის დასკვნით ტურნირს გუნდი გაისად ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. შემადგენლობაში მრავლად არიან ახალბედები და მნიშვნელოვანია მათ გამოცდილება შეიძინონ.

გუნდის ფიზ-მომზადების მწვრთნელის, გიორგი მაისურაძის თქმით: „2016 წლის დასკვნითი, დუბაის ტურნირი გაისად ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის პირველი მოსამზადებელი ეტაპია. გუნდში მრავლად გვყავს ახალი მოთამაშეები და ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი მათი გამოცდაა. მნიშვნელოვანია, რომ მათ საერთაშორისო თამაშების გამოცდილება შეიძინონ, რათა გაისად მიზნის მიღწევა მოვახერხოთ. ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ სამ ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას და მათი მიზანიც წლის მთავარი შეჯიბრისთვის მომზადება იქნება“.

ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს 7-ქალა კიდევ სამ ტურნირში მიიღებს მონაწილეობა და მათი მიზანიც 2017 წლის მთავარი ტურნირისთვის უკეთ მომზადებაა, რათა დასახული მიზნის მიღწევა და პირველ დივიზიონში დაწინაურება მოხერხდეს.

„დუბაიში განახლებული შემადგენლობით მივემგზავრებით. ჩვენი მიზანია, რომ მწვრთნელების დავალებები პირნათლად შევასრულოთ. გუნდის ძველი მოთამაშეები უნარების გაუმჯობესებას ვეცდებით, ახლები გამოცდილებას შეიძენენ. დუბაის ტურნირზე ყოველთვის კარგი შედეგი გვქონდა და იმედია, წელსაც ასე იქნება“ - ამბობს 7-ქალას ერთ-ერთი მორაგბე ქეთი მოდებაძე.

7-ქალა დუბაის ტურნირზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

ქეთევან მოდებაძე, თინათინ სიხარულიძე, სალომე საღარაძე, ნათია გავაშელიშვილი, ნიკოლ გალუზინსკაია, ლოსანა ფოლადაშვილი, მარიამ ჭიჭინაძე, თინათინ პაპუაშვილი, სალომე სირაძე, ნანი სირაძე, ნანი პაკელიანი, თამარ მანაგაძე.

მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მენეჯერი: ია ხურცილავა

ექიმი: ილია ლათიბაშვილი

7-კაცა საქმეში 2 დეკემბრიდან ჩაერთვება. ტურნირს, რომელშიც ისინი ითამაშებენ ‘კაცთა საერტაშორისო წვეული’ (INTERNATIONAL INVITATION MEN) ეწოდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის პირველი და მეორე ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. ქართველებს ჯგუფურ ეტაპზე ზამბიის, გერმანიისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით გაირკვევა, თუ ვინ იქნება საქართველოს მეტოქე პლეი ოფის პირველ ეტაპზე.

მწვრთნელების გადაწყვეტილებით საქართველოს 7-კაცა დუბაიში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა და როგორც სელექციის პროცესზე, ასევე ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე, გუნდის მთავარი მწვრთნელი პალიკო ჯიმშელაძე გვიყვება:

“შემადგენლობა უმთავრესად იმ მორაგბეებით დავაკომპლექტეთ, რომლებმაც ზაფხულში ევროპის გრან-პრის სერიებში ითამაშეს და თავი გამოიჩინეს. გარდა ამისა, შანსი მივეცით იმ მოთამაშეებს, რომლებმაც საქართველოს 7-კაცა ჩემპიონატზე საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მათთან ვარჯიშებზე ვმუშაობდით და ვფიქრობ, დუბაიში საუკეთესო შემადგენლობით მივდივართ.

“ტრავმის გამო რამდენიმე მორაგბე გვაკლია, თუმცა ეს ბუნებრივი პროცესია. გასულ წლებში დუბაის ტურნირზე უმთავრესად ახალბედებით მივდიოდით, წელს ეს გადაწყვეტილება შევცვალეთ და ძირითად ბირთვს მხოლოდ რამდენიმე ახალწვეული დავამატეთ. ამ გადაწყვეტილებას თავისი მიზეზი აქვს. მომავალი წელი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი წელიწადია და რთული სეზონი გველის. მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე მობილიზებული ვიყოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

“დუბაის ტურნირში ყველა ევროპული ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მონაწილეობს. გარდა ამისა, ამ ტურნირში მეორე შემადგენლობებით თამაშობენ მსოფლიო სერიებში მონაწილე ქვეყნები და ეს ჩვენი გუნდისათვის უდიდესი გამოცდილება იქნება“.

7-კაცა დუბაის ტურნირზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

ბექა ურჯუკაშვილი, ლევან გოგოლაშვილი, რევაზ ბროძელი, ზურაბ ძნელაძე, რევაზ ჯინჯიხაძე, ნიკა სუხაშვილი, იოსებ მათიაშვილი, ვანო ბერიკაშვილი, ნიკა გიგაური, გურამ შენგელია, ანზორ სიჭინავა, გიორგი აბრამიძე.

მწვრთნელი: პავლე ჯიმშელაძე

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

ექიმი: ვახტანგ წიკლაური

ფიზიო: გიორგი სვანიძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:25 | 01.12.2016
badaduna (2)

warmatebebi

10:43 | 01.12.2016
badaduna (2)

პირდაპირი ეტერი ექნებატ

22:52 | 30.11.2016
პანტელეიმონი (1218)

+1

21:46 | 30.11.2016
ogafa (407)

წარმატებები

0.102102