სხვა

17:01 | 28.11.2016 | ნანახია 2980 - ჯერ

ქართული ფინალი რუმინეთში

„არკულზე“ 3 დეკემბერს გასამართ რუმინეთის „სამეფო თასის“ ფინალში ოთხი ქართველი ლეგიონერეი ითამაშებს და მათგან ორი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდება.

ამ ქვეყანაში სუპერ-ლიგის გარდა თასის ორი გათამაშება იმართება. პირველი გაზაფხულზე დასრულდა, რის შემდეგაც გუნდებმა სუპერ-ლიგის პირველი წრე მოილიეს და მეორეს დაწყებამდე რუმინეთის „სამეფო თასის“ გამარჯვებულს გამოავლენენ, რომელშიც ელიტარული დივიზიონის მხოლოდ შვიდი გუნდი მონაწილეობს.

დებულების თანახმად, გუნდებმა ერთ წრედ ითამაშეს და პირველ ადგილზე გასული ბიძინა სამხარაძისა და იური ნატრიაშვილის „ბაია მარე“ პირდაპირ ნახევარფინალში მოხვდა, ხოლო დანარჩენმა ექვსმა ნახევარფინალური ეტაპის სამი საგზურისთვის თითო თამაში გამართეს. მიხეილ არჩუაშვილისა და ლევან გენებაშვილის ბუქარესტის „სტიაუამ“, კლუჟის „უნივერსიტატეა“ 19:10 დაამარცხა. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

რუმინეთის ნაკრებში გამოძახებული მორაგბეების გარეშე დარჩენილ „სტიაუას“, თავისზე ობიექტურად სუსტ მეტოქესთან დიდი ბრძოლის გადატანა მოახდა. მათ პირველ ტაიმში ორი ლელო დადეს და ერთი ჯარიმა გაიტანეს, მერე უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს, თუმცა 70-ე წუთზე მეორე ლელო თავადაც მიიღეს - 16:10. ბუქარესტელებმა 3 წუთში მესამე ჯარიმა გაიტანეს, რითაც დასკვნით წუთებში ნერვიულობა თავიდან აირიდეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

მეოთხედფინალში რუმინული რაგბის ფლაგმანი „ტიმიშოარა-სარასენსი“ „ბუქარესტთან“ 11:18 დამარცხდა და შედეგად, ნახევარფინალში „ბაია მარეს“ მეტოქეს „ბუქარესტი“ ერგო. კვაჭი ნატრიაშვილი და 9 ნომერი, გუნდის კაპიტანი სამხარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და მათმა გუნდმა მეტოქე იოლად, 48:20 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სამხარაძე ბოლო წლებში რუმინეთის სხვადასხვა ტურნირების ფინალში მეექვსედ ითამაშებს, თუმცა აქამდე ერთიც არ მოუგია.

„სტიაუა“ ბუქარესტულ დერბიში „დინამოს“ შეხვდა და 30:27 სძლია. კვაჭი გენებაშვილი და მეორეხაზელი არჩუაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. „დინამომ“ პირველი ტაიმი 20:15 მოიგო, „სტიაუამ“ მეორე ნახევარში ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე ორი ლელო და ერთი გარდასახა და 30:20 დაწინაურდა. სულ ბოლოს მეტოქემ თავისი მესამე ლელო დადო და გარდასახა, მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო და საფინალო სასტვენმა „სამეფო თასის“ ქართული ფინალი დააანონსა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.324031