საფრანგეთი პრო დ2

16:30 | 28.11.2016 | ნანახია 4338 - ჯერ

ქართველთა მუშტი-კრივი საფრანგეთში
მე-12 ტურში მსაჯებმა 4 ქართველი გაასინბინეს

პრო დ2-ში საკმაოდ ბევრი ქართველი თამაშობს, მაგრამ მათი უძლიერესი ნაწილი ნაკრებში იყო გამოძახებული და გასულ ტურში არ მონაწილეობდა. ხოლო ვინც საფრანგეთში დარჩა, თავი დიდად არ გამოუჩენია, თუ არ ჩავთვლით 4(!) სინბინს. უფრო მეტიც, ერთ შემთხვევაში რეფერიმ ორი ქართველი სულაც ერთმანეთთან ჩხუბისთვის გააძევა მინდვრიდან.

ვეტერანი მარჯვენა ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე თავისი “დაქსის” სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო მეორე ნახევრის მე-4 წუთზე თამაშში გიორგი თეთრაშვილი ჩაერთო – “აჟენის” მარცხენა ბურჯი, ვისაც ყუფარაძის პირისპირ მოუწია დადგომამ. ჰოდა, ქართველთა პირველივე შერკინებამ სიტუაცია დაძაბა. თამაშში თეთრაშვილის ჩართვიდან 5 წუთში კი ქართველები მუშტი-კრივზე გადასულან და მსაჯმა ორივე მიაბრძანა 10-10 წუთით. ხოლო როცა თეთრაშვილი მინდორზე დაბრუნდა, “აჟენის” მწვრთნელმა მასთან ერთად თამაშში მარჯვენა ბურჯი ვახტანგ ახობაძეც ჩართო. ყუფარაძე კი 66-ეზე გამოცვალეს. “აჟენმა” ურთულესი გასვლითი მატჩი 32:30 მოიგო და ცხრილის მე-2 საფეხურზე ავიდა. იმასღა დავძენთ, რომ სტუმრებს ნაკრებში გამოძახებული თამაზ მჭედლიძე აკლდათ.

“აჟენი” მეორე საფეხურზე ავიდაო, ვთქვით, და მანამდე ეს ადგილი “კოლომიეს” ეკავა, მაგრამ რუმინეთის ნაკრებში გამოძახებული ოთარ ტურაშვილის კლუბმა “ალბისთან” გასვლაზე 17:29 წააგო და ამ უკანასკნელს ასევე ქართველი პირველხაზელი გაუძევეს. “ალბის” სასტარტო #1 ვიზავისთან აშკარად იჩაგრებოდა და მწვრთნელმა მის ნაცვლად ბექა შეყლაშვილი უკვე 25-ე წუთზე შეიყვანა. ამით მასპინძელდა შერკინება დასტაბილდა, მაგრამ 36-ეზე ქართველმა ბურჯმა მეტოქის პასი წესების დარღვევით ჩაჭრა და რეფერიმ გაასინბინა.

და კიდევ ერთი ქართული სინბინის შესახებ. მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის “ორიაკი” ანგულემში უიმედოდ დამარცხდა – 5:36, არადა უფრო ავტორიტეტულ გუნდად კი მიიჩნევა. შარიქაძე და “ანგულემის” ფლანკერი შალვა სუთიაშვილი, მოგეხსენებათ, “ბორჯღალოსნების” შემადგენლობაში შოტლანდიაში იმყოფებოდნენ, ხოლო ხატიაშვილი და დათუნაშვილი “ორიაკის” სასტარტო თხუთმეტეულში იყვნენ. ჰოდა, 26-ე წუთზე ხატიაშვილმა “ანგულემის” შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა და რეფერიმ სწორედ ამის გამო გაასინბინა. 10 წუთში დაბრუნებულმა ბურჯმა მე-60 წუთამდე ითამაშა, ვიდრე შეცვლიდნენ, ხოლო ვეტერანმა დათუნაშვილმა შეუცვლელად იბურთავა.

ბექა გორგაძის “მონ-დე-მარსანმა” ბიარიცში 22:26 წააგო, ხოლო 20 წლის ქართველი ფლანკერი შეცვლაზე 69-ე წუთზე შევიდა.

ირაკლი მირცხულავა გათამაშების ლიდერის, “ოიონას” განაცხადში კი იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. მისმა გუნდმა კი “ვანი” 52:21 გაანადგურა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მარცხენა ბურჯი არჩილ ბეჟიაშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი, 48-ეზე, შეცვლაზე მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე შევიდა.

ეს იყო და ეს. იმედია, ნაკრებიდან კლუბებში დაბრუნებული “ბორჯღალოსნები” ერთ კვირაში უფრო პოზიტიური მიმოხილვის საშუალებას მოგვცემენ.

სლავა გასპაროვი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086138