პოპულარული ბრიტანული “დეილი მეილისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების დამრიგებელი მილტონ ჰეიგი შოტლანდიელთა თავკაც ვერნ კოტერთან თავის ძველ მეგობრობაზე საუბრობს და საინტერესო დეტალებს იხსენებს. ამ ინტერვიუში ბევრი ისეთი რამაა, რაც რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის ნაკლებადაა ცნობილი, ასე რომ, გირჩევთ წაიკითხოთ, დაგაინტერესებთ.
“ორი ძველი მეგობარი ერთად გატარებულ წლებს ლონდონიდან ედინბურგში ღამის რეისის დროს იხსენებს და სანაძლეოს დებს – შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩში გამარჯვებული გუნდის მწვრთნელი ძმაკაცისგან საუკეთესო ვისკის ერთ ბოთლს მიიღებს!
ვერნ კოტერი და მილტონ ჰეიგი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ. მათი მეგობრობა სამშობლოში დაიწყო – როცა ვერნ კოტერი “ბეი ოვ პლენთის” წვრთნიდა, მისი პირველი ასისტენტი სწორედ ჰეიგი იყო. იქ დამეგობრდნენ ახალზელანდიელები. შაბათს კი ისინი პირველად შეერკინებიან ერთმანეთს ეროვნული გუნდების თავკაცების რანგში.
“ვიდრე თვითმფრინავი ლონდონიდან ედინბურგში ჩაფრინდებოდა, ენა არ გაგვიჩერებია – 14 წელი გავიდა, რაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმოღვაწეობთ. რაც შეეხება მომავალ თამაშს... გამარჯვებულს ერთი ბოთლი ვისკი ერგება”, - თქვა ქართველთა თავკაცმა.
მოთამაშის კარიერის გახსენებისას მილტონმა იხუმრა: “ვერნი 8 ნომერი იყო, ვფიქრობ, მეორე ხაზშიც ითამაშებდა, მაგრამ გაბარიტებით ვერ ქაჩავდა (სინამდვილეში კოტერი ზორბა კაცია – 100 კგ-მდე წონისა და 2 მეტრამდე სიმაღლის – ავტ.). მე კი, ხომ მეტყობა, რომ 9 ნომრის იქით ვერ წავიდოდი?”
ხოლო როცა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდეს, ორივემ თავი “ბეი ოვ პლენთიში” ამოყო – კოტერი თავკაცის რანგში, ჰეიგი – მისი ასისტენტისა. მათი შრომა ნაყოფიერი გამოდგა – გუნდი ეროვნული პროვინციული ლიგიდან ახალი ზელანდიის მეორე დივიზიონში დაწინაურდა. ორწლიანი თანამშრომლობის შემდეგ წარმატებული სამწვრთნელო ტანდემი დაიშალა – მილტონ ჰეიგი ქვეყნის რაგბის კავშირმა რესურსების მწვრთნელად დანიშნა. საინტერესოა, რომ მის ნაცვლად კოტერის ასისტენტად ჯო შმიდტი მოიყვანეს – ირლანდიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი.
“ჰოდა, ახლა ვერნს შოტლანდიაში ხედავთ, ჯოს – ირლანდიაში და მე – საქართველოში”, - ამაყად ამბობს მილტონი, - იმ დროიდან გრძელი გზის გავლა მოგვიხდა და სასწაულიც ვიხილეთ, როცა ჯომ ისტორია შექმნა – ირლანიის ნაკრები ზელანდიასთან პირველ გამარჯვებამდე მიიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზელანდია ჩვენი სამშობლოა”.
მათ მეგობრობას გამოცდა ელის – სპორტული კონკურენციის თვალსაზრისით. ჰკითხეთ ჰეიგს, რას მალავს კოტერის გარეგნობა, და ასეთ პასუხს მიიღებთ: ესაა ხალისიანი, ხუმარა კაცი, ვისაც უყვარს კარგი წითელი ღვინო.
“ვერნი არის დიდი და რბილი დათუნია. მართალია, შოტლანდიაში ახალი თიკუნი მოუგონეს – სთერნ ვერნ (მკაცრი ვერნი), მაგრამ მის მეორე მხარესაც კარგად ვიცნობ. ეს მართლაც კარგი, უბრალო ბიჭია, რომელსაც სიცილი და ხუმრობა უყვარს”.
“არაერთხელ გვიქეიფია, ოჯახებით ვმეგობრობთ და ერთმანეთს რეგულარულად ვეხმიანებით.
ის მართლაც პირდაპირი და ხისტია მოთამაშეებთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს მისი სარაგბო სახეა. მან ზუსტად იცის, რა სჭირდებათ მის მოთამაშეებს და ადამიანების მართვის უნარი არის მისი მთავარი ნიჭი. თუ ვინმესთვის ყბაშია მისადები, არ მოერიდება და ისეთს მიადებს, მეორედ რომ აღარ მოუნდეს.
ის გახსნილია მოთამაშეებისთვის, ბოლომდე იხარჯება მათთვის. შედეგიც სახეზეა – შოტლანდია მსოფლიოს მე-7 გუნდად აქცია. ეს ვერნისა და მისი თანამოაზრეების დიდი შრომის ნაყოფია”.
“როცა შევიტყვე, რომ შოტლანდიაში თამაში მოგვიწევდა, ავღელდი და გავიფიქრე, რომ ჩემი ერთ-ერთი ამბიცია ასრულდა. შემდეგ გაირკვა, რომ თამაში კილმარნოკში გაიმართებოდა და ჩემი სიხარული გაქრა. “მარიფილდზე” თამაში დავიმსახურეთ. ასეა თუ ისე, მატჩს მოუთმენლად ველი”.
საქართველო ბოლო 4 საშინაო მატჩში მოპოვებული 3 მოგებით ჩავიდა შოტლანდიაში. ერთადერთი მარცხი ამას წინათ იაპონიისგან იწვნია, ფიჯი-ტონგა-სამოა კი ძლეული ჰყავს. რაგბი ქართველთა ეროვნულ სახეობადაა ქცეული. წლის დასაწყისში რუმინეთთან მატჩს 52 ათასი მაყურებელი დაესწრო, 30 ათასი მათთვის ჩვეული რიცხვია. შოტლანდიასთან მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი კი ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებლით გადაიცემა.
ევროპის ერთა თასის უცვლელი და უკონკურენტო გამარჯვებულები 6 ერის გაფართოებას ითხოვენ, მაგრამ ამისთვის საჭიროა პირველი დონის ნაკრების დამარცხება. შოტლანდია სწორედ ასეთია.
“იმედგაცრუებაა, რომ 6 ერის ფორმატი არ ფართოვდება. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი, - თქვა ჰეიგმა, - ახლა უნდა გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ვერნმა აღფრთოვანებით მომილოცა, როცა 2011-ში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დავინიშნე. ის ჩემი ახლო მეგობარია, მაგრამ ჩვენთვის საუკეთესო განვითარება შოტლანდიაში გამარჯვება იქნებოდა – ეს 6 ერში მოხვედრის შანსს გაგვიზრდის. ვერნს არ მოეწონება, მაგრამ ჩვენს მეგობრობას არაფერი ემუქრება – ვისაც გინდა მოეგოს ის ვისკი”.
სლავა გასპაროვი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მელიტონ, ვერნის არ ვიცი, მაგრამ მე გპირდები, ჩემი საკუთარი ვენახის ერთ კასრ ბუდეშური - საფერავის ღვინოს, თუ შოტლანდიასთან მოიგებთ ! ! !
მსოფლიო სპორტი, უკვე დაიდო სქოთების შემადგენლობა სპორტალზე!
საინტერესოა, ჰეიგი როდის გამოაცხადებს
მიაწვა მელიტონ მიაწვაა აბა რა. იტალიამ თუ მოახდინა სასწაული წინა კვირას ეხლა ჩვენი ჯერია!!!
სლავა ჯიგარი ხარ.გამიხარდა შენი სტატიების ნახვა
აუუუუუუუუ მელიტონ, ერთი მაგ ნატვრა აგვიხდინეთ რა შენ და ბიჭებმა.
მიდი მელიტონ, შენი და ჩვენი ბიჭების იმედი გვაქვს
მიდი მელიტინა მიაწექი.