სიახლეები

10:05 | 24.11.2016 | ნანახია 5071 - ჯერ

უმცროსი ბორჯღალოსნები | საქართველო 21-17 შოტლანდია

უკვე ტრადიციად იქცა - 23 ნოემბერს ბორჯღალოსნები თამაშს აუცილებლად იგებენ და გიორგობა დღეს ქართველ ერს ლამაზ საჩუქარს უძღვნიან. ეს ტრადიცია გუშინ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გააგრძელეს, რომლებიც 19-წლამდე შოტლანდიას, ბრიტანული ტურნეს მეორე მატჩისთვის ესტუმრნენ და 21-17 დაამარცხეს მასპინძლები.

ორივე ნაკრები 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ორივე გუნდი 18 და 19 წლამდე მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული. მასპინძლების თხოვნით მატჩს 19-წლამდელთა დაპირისპირება დაერქვა, რის გამოც შერკინებაში მიწოლა არ ყოფილა.

ტურნეს პირველი მატჩი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 19 ნოემბერს ჩრდილოეთ ირლანდიაში, ალსთერის თანატოლთა გუნდის წინააღმდეგ გამართეს და 27-12 იმარჯვეს, ახლა კი, ბევრად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს სძლიეს.

“უმცროსების” საქომაგოდ და გასამხნევებლად, ედინბურგში, მეგეთლენდის სპორტული კომპლექსის მოედანზე გამართულ მატჩს უფროსი ბორჯღალოსნები და სამწვრთნელო შტაბი დაესწრო. “უფროსები” უკვე დღეს აიღებენ გლაზგოსკენ გეზს და 26-ის თამაშისთვის იქ განაგრძობენ მზადებას. უმცროს ბორჯღალოსნებს ასევე ქომაგობდნენ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე, ასევე, ბორჯღალოსნების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი.

თამაში კარგი სანახავი გამოდგა და ანგარიში გელა აფრასიძის ჯარიმით გავხსენით, ხოლო აკაკი ტაბუცაძემ ლელო დაამიწა და ტაიმი 8:0 დასრულდა. მეორე ტაიმში შოტლანდიამ ინიციატივის დაუფლება მოახერხა. უმცროსი ბორჯღალოსნები ორჯერ დაისაჯნენ სინბინით და მეტოქემ დაწინაურება მოახერხა, თუმცა მერე ყველაფერი დალაგდა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და ლამაზი და დინამიური იერიშის შედეგად, რომელშიც მორკინალებთან ერთად ხაზის მოთამაშეებიც მონაწილეობდნენ, დავით მესხმა ლელო დაამიწა.

მესამე ლელო შეცვლაზე შესული ბექა მამუკაშვილის ანგარიშზეა, ხოლო საბოლოო შედეგი ჯარიმით თედო აბჟანდაძემ დააფიქსირა - 21-17. დასკვნით წუთებში შოტლანდია გამარჯვების ლელოს დადებას შეეცადა, ჩვენს 22-ში და ლელოს ხაზიდან 5-მეტრში დიდი მონდომებით უტია, თუმცა გაუვალ დაცვას წააწყდა.

ამრიგად, ბრიტანული ტურნე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ორი მოგებით დაასრულეს და შინ კარგ ხასიათზე ბრუნდებიან. კონკრეტულად ამ თამაშით და ზოგადად ტურნეთი კმაყოფილია გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე:

“სასიამოვნოა ბრიტანული ტურნე ასე კარგად რომ დავასრულეთ. დღევანდელი თამაშის დებიუტი მძიმე გამოდგა, თუმცა დაცვაში აგრესიულად და სტაბილურად თამაშის ხარჯზე უპირატესობა მოვიპოვეთ, მეტოქის შეცდომები გამოვიყენეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

“შეცდომები ჩვენც გვქონდა. ამ ტურნეს მიზანი სწორედ ის იყო, რომ სუსტი წერტილები აღმოგვეჩინა და მსოფლიოს ჩემპიონატამდე მათ გამოსწორებაზე გვეზრუნა. მეორე ტაიმში სინბინით ორჯერ დავისაჯეთ და ამან დაგვასუსტა, მეტოქემ სამი ლელოს დადება მოახერხა, თუმცა ბოლოს დავლაგდით და თამაში ღირსეულად დავასრულეთ. ტურნემ დაგვანახა, რომ გუნდში 9 და 10 ნომრების პრობლემა არ გვაქვს. ამ ბიჭებს თამაშის გაძღოლა შესანიშნავად შეუძლიათ”.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:20 | 25.11.2016
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბიჭებო ! ! !

16:09 | 24.11.2016
krasni (587)

ასე არ ჯობია, ახლა გასაგებია ვინ ვის ეთამაშებოდა. ვენაცვალე ბიჭებს, შერკინებაში მიწოლით რომ ყოფილიყო მაშინ რა იქნებოდა. მაგენს ისე უნდა გავუხადოთ საქმე, ეროვნულების შეხვედრაშიც რომ გვეხვეწებოდნენ, მიწოლის გარეშეო. კიდევ მეტი ყურადღება ახალგაზრდებს და ელიტა თვითონ მოვა ჩვენთან.

15:55 | 24.11.2016
BEERTRANCE (1073)

ჩვენი U20 იმათი U19. მარა აე ითქვა ჩვენებში უმეტესობა 18 წლის იყოო. ანუ მეტნაკლებად თანაბარი ამ მხრივ. და ვაჯობეთ შერკინების გამოყენების გარეშე. ეგ ძალიან კარგის მანიშნებელია. 1ად1 ისევ გვიჭირს დისციპლინა, 2 სინბინი ცუდია მაინც. იმედია ამ პრობლემას ავღმოფხვრით.

15:39 | 24.11.2016
temuchin (431)

გამოდის მათივე იარაღით გვიძლევია სკოტები და ამას რა ჯობს? შერკინებით რაღას ვიზამთ? ახლა თუ დისციპლინასაც მივხედავთ სკოტებს იქითაც ბევრს დავამწუხრებთ, წყალი არ გაუვა ამას!

14:22 | 24.11.2016
Svani (4)

თუ თანატოლები არიან და თან შერკინების გარეშე ვაჯობეთ, ეგ მთლად უკეთესი! მშვენიერი შედეგია!!!

12:59 | 24.11.2016
zurageorgevich (45)

მოგება ყოველთვის კარგია, ისე ერთი კია კარგად უნდა გვეთრია U19, რომ შემდეგში U20 შეგვახვედრონ ხოლმე... მაისური მომეწონა თეთრი, თანაც ადრეც გვქონდა ეროვნულში თეთრი... მე თუ მკითხავ შავსაც და წითელსაც ჯობია... შაბათს ეროვნულს წარმატებები

11:49 | 24.11.2016
meleksa (132)

ყოჩაღ ბიჭებს! იმ ცუანებს კიდე შეეშინდათ შერკინების მარა მაინც გაედოთ

11:09 | 24.11.2016
geogoli (367)

დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს და წარმატებები მომავალ მსოფლიო თასზე. შოტლანდიელებმა შერკინება რო გააუქმეს ეგ მაგარი მოუგონიათ, მაგარამ მაინც გავიმარჯვეთ

0.144133