ბორჯღალოსნები

13:51 | 23.11.2016 | ნანახია 10799 - ჯერ

რიჩი გრეი: “არგენტინელებივით ძლიერი ქართველები”
“ნახეთ, რა უქნეს სამოას? ძვლები დაუნაყეს!”

“ბორჯღალოსნების” მორიგი მეტოქის თავკაცის, ვერნ კოტერის ერთ-ერთმა ასისტენტმა რიჩი გრეიმ (“ტულუზისა” და შოტლანდიის ნაკრების შერკინების მეორეხაზელ სეხნია-მოგვარეში არ აგერიოთ – ავტ.) პოპულარულ ბრიტანულ გაზეთ “სქოთსმენის” სარაგბო მიმომხილველ დანკან სმითთან საუბარში საქართველოს ნაკრებთან მომავალ მატჩზე თქვა, არგენტინასთან და ავსტრალიასთან თამაშებზე არანაკლებ მძიმე ჯახი გველისო. რიჩი გრეი სარაგბო წრეებში ცნობილი და ავტორიტეტული კაცია, სამხრეთაფრიკელთა სამწვრთნელო შტაბში უმუშავია, ქართველებსაც იცნობს – ოდესღაც რიჩი დიქსონისთვის გაუწევია გარკვეული პროფესიული დახმარება. გთავაზობთ ინტერვიუს ნაკვესებს – ყველაფერს, რაც კი “ბორჯღალოსნებსა” და შაბათს კილმარნოკში გასამართ დაპირისპირებას შეეხება.

“თუკი ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ნაკრები საუკეთესო ვარიანტია იმისთვის, რათა შოტლანდიამ ნოემბრის ტესტები მაჟორული აკორდით დაასრულოს, მწარედ ცდება – გინდ არგენტინა-ავსტრალიას შეხვედრიხართ და გინდ - საქართველოს”. ეს რიჩი გრეის მოსაზრებაა, ვისაც ქართველებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

“მათთან ერთად 2-3 დღე დავყავი, როცა რიჩი დიქსონი ქართველთა ნაკრებს 2011 წლის მსოფლიო თასზე საბრძოლველად ამზადებდა”, - თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

“ესაა ხარისხიან მოთამაშეთა ჯგუფი. ნაკრებში შემთხვევით არცერთი მათგანია მოხვედრილი. მათი უმრავლესობა ფრანგული ტოპ 14-ის საკვანძო მოთამაშეა, განსაკუთრებით ფორვარდები. გადახედეთ მათ შედეგებს ბოლო მსოფლიო თასზე, შედეგებს ბოლო 12 თვის ტესტ-მატჩებში – არავისზე ნაკლები გუნდია”.

12 ნოემბერს საქართველო საკუთარ მოედანზე იაპონიასთან 22:28 დამარცხდა, და ეს ამ გუნდის ერთადერთი მარცხია მას მერე, რაც მსოფლიო თასზე ტონგასა და ნამიბიას მოუგო, ხოლო გასულ უიქ-ენდზე ქართველებმა სამოა დასცეს – 20:16.

რიჩი გრეი სპორტსმენობისას შოტლანდიის პრემიერლიგაში მოასპარეზე “გალას” კაპიტანი იყო, ხოლო მოგვიანებით სამხრეთ აფრიკის ნაკრებში რაქში თამაშის კონსულტანტად მუშაობდა. ამჟამად ეს სპეციალისტი შოტლანდიის ნაკრებთანაა კონტრაქტით დაკავშირებული და ვერნ კოტერს გუნდის 6 ერის მატჩებისთვის მომზადებაში ეხმარება. რიჩის მოლოდინის თანახმად, შაბათის ტესტი მორიგ ბრუტალურ დაპირისპირებად იქცევა.

“ფიზიკურად ძალიან, ძალიან ძლიერები არიან, მრისხანე გუნდია. ნახეთ, რა უქნეს სამოას? ძვლები დაუნაყეს. ჩვენთვის ეს იქნება ისეთივე ხისტი შერკინება, როგორც ავსტრალიასთან და არგენტინასთან. ძალიან კარგი გუნდია და მატჩისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ”.

საქართველომ ზედიზედ მეექვსედ მოიგო ევროპის ერთა თასი, შემდეგ კი წყნარი ოკეანისკენ გასწია ტურნეზე, სადაც ფიჯი და ტონგა დაამარცხა, ხოლო სამოასთან თამაში ფრედ დაასრულა.

ქართველებმა ევროპულ რაგბის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი აჩუქეს – “ტულონის” ფლანკერი მამუკა გორგოძე. რიჩი გრეიმ იცის, რომ მათი მიზანი 6 ერთან გაერთიანებაა და შოტლანდიასთან თამაში ამ კონტექსტში საქართველოს ნაკრების შანსია.

“ამაზე საუბრები ყოველთვის იყო და ახლა ის მომენტია, როცა შეჯამდება, თუ რა გააკეთეს ქართველებმა ბოლო 1 წლის განმავლობაში. ისინი ეცდებიან, ამ გადამწყვეტ მომენტში ყველაფერი გაიღონ, რათა რჩეულთა მაგიდას დამსახურებულად მიუსხდნენ. ესაა ძალიან კარგი გუნდი.

მათ გორგოძის დონის მორაგბეები ჰყავთ. მაგალითად, პირველი ხაზის მორკინალი ქუბრიაშვილი და მისი ტიპის სხვა მოთამაშეები. ისინი კვალიფიციური მორაგბეები არიან და ეჭვგარეშეა, შაბათს უმძიმესი ტესტი გვექნება”, - დასძინა რიჩი გრეიმ.

სლავა გასპაროვი


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:56 | 24.11.2016
orioni (88)

დიპლომატიის ნაწილია, თავს იზღვევს რო რამე და მარცხი იწვნიონ, იტყვის ხომ ვამბობდი ძლიერი და მაგარი გუნდიაო, თუ მოიგო იტყვის აი როგორ ძლიერი გუნდი დავამარცხეთო...

15:57 | 24.11.2016
BEERTRANCE (1073)

ეგეთ დიპლომატიას ყველა მიმართავს ხოლმე და ეგ ასე ვთქვათ საშუალო დონის დიპლომატიობაზე ბევრად მეტი იყო.

მთავარია ჩვენებმა არ იფიქრონ ნამეტანი ეშინიათ და არ მოეშვან. პირიქით გამალებით ემზადებიან ჩვენთან შესახვედრად.

10:39 | 24.11.2016
BEERTRANCE (1073)

ეგ ზრდილობის გამო ნათქვამ ქათინაურს ნამდვილად აღარ ჰგავს, აშკარად სათანადოდ ემზადებიან შეხვედრისთვის. იმედია ჩვენები "კიდევ უფრო სათანადოდ" ემზადებიან

00:08 | 24.11.2016
beso68 (6)

ხშირად არ შემოვდივარ სარაგბო თემაზე თუმცა რაგბს მეც ყურადღებით ვაკვირდები, ეხლა ის საკვანძო დრო გვიდგას რომ სარაგბო სამყარო შეიძლება უფრო მეტად ავალაპარაკოთ. პირადად მე არ ვითხოვ შოტლანდიასთან მოგებას შოტლანდიაში(თუმცა მოგება ორმაგად გამახარებს და სალაპარაკო თემას უფრო მეტად გაზრდის), მაგრამ ვითხოვ შოტლანდიელების მხრიდან ჩვენს დამსახურებულ დაფასებას თამაშის მერე და არა მაამებლურს, პერსპექტიულს და მზარდ გუნდად წოდებულს. დროა ჩვენი ჩარხი წაღმა დავატრიალოთ(ბობოლებთან მაქვს მხედველობაში), ჩვენვე თუ არ შევძელით ეს, ფაქტის წინაშე თუ არ დავაყენეთ, იმათ იმედზე(რაგბის მამებზე) კარგა ხანი ვერ ვიქნებით. ძნელია მაგრამ არა შეუსრულებელი.

15:19 | 23.11.2016
პანტელეიმონი (1218)

მელიტონას და სამწვრთნელო შტაბის იმედი მაქვს, მჯერა რაღაც მომზდებული ექნებათ.

რაც შეეხება ბიჭებს, მჯერა წლის უმნიშვნელოვან მატჩს ისე ითამაშებენ, რომ ხმაურით და ქართული შემართებით შევანგრევთ რეიტინგის ათეულს და უდიდეს განაცხადს გავაკეთებთ 6 ერისთვის.

კიდევ ერთი, ბიზნეს წრეებმა და განსაკუთრებით გენერალურმა სპონსორმა იქნებ მოიფიქრონ რამე ისეთი რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ბორჯღალოსნების მოტივაციას.

15:06 | 23.11.2016
ogafa (407)

შოტლანდიას რომ ძვლები დაუნაყოთ?

14:34 | 23.11.2016
zurageorgevich (45)

ერთის მხრივ სასიამოვნოა როცა ქართველ მორაგბეებს ესე დამსახურებულად აქებს. მეორეს მხრივ შოტლანდიელ მორაგბეებს და შოტლანდიური რაგბის ქომაგს შეახსენა რო ქართველებთან იოლ გამარჯვებას ნუ მოელიან, მიზეზებზეც მოკლედ მაგრამ არგუმენტირებულად ისაუბრა... ერთგვარად ფსიქოლოგიურად საბრძოლოდ განაწყო გუნდიც და ქომაგიც... მოგების იმედი მაქვს...

0.08304