15:13 | 22.11.2016 | ნანახია 3122 - ჯერ

ნოემბრის ტესტები | მეტოქის შესახებ

26 ნოემბერს ბორჯღალოსნები წლის დასკვნით, მე-11 მატჩს უძლიერესი გუნდის - შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. ქართული რაგბის პროგრესმა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებების სერიამ მსოფლიო რაგბი მიიყვანა დასკვნამდე, რომ საქართველოსთვის წელიწადში ერთხელ ტესტ-მატჩი ტიერ1-ის წარმომადგენელთან დაენიშნა.

ჩვენი ნაკრების არსებობის 27-წლიან ისტორიაში, ეს მესამე შემთხვევა იქნება როდესაც უმაღლესი დონის გუნდს მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით. ტიერ1-ის გუნდებიდან ტესტ-მატჩები 2013 წელს არგენტინას და 2014 წელს ირლანდიასთან გავმართეთ, ახლა კი, შოტლანდიის ჯერია.

ბორჯღალოსნების შოტლანდიის წინააღმდეგ სამჯერ უთამაშიათ - ორჯერ ‘ა’ და ერთხელ ეროვნულ გუნდთან. პირველი ნაცნობობა 2008 წელს შედგა და გლაზგოში მასპინძელთა ‘ა’ ნაკრებმა 69-3 იმარჯვა; 2010 წელს ბუქარესტში რევანში შედგა და ასევე „ა“ ნაკრებს 22-21 ვძლიეთ; ხოლო 2011 წლის მსოფლიო თასზე, ინვერქარგილში მეტოქემ ლელო ვერ დაგვიდო, თუმცა კარში დარტყმებით 15-6 იმარჯვა. მეოთხე დაპირისპირება ქილმარნოქში შედგება და მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

შოტლანდიაში რაგბი ფეხბურთთან ერთად სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა და უამრავი მიმდევარი ყავს. ეროვნული ნაკრები ტურნირის დაარსების დღიდან მონაწილეობას ექვსი ერისა და მის წინამორბედ გათამაშებებში, მსოფლიო თასის მუდმივი მონაწილეა და რეგულარულად მართავს ტესტ-მატჩებს მსოფლიოს წამყვან სარაგბო ნაკრებებთა. პროფესიული კლუბები თამაშობენ ძლიერ შიდა ჩემპიონატში, ორი გუნდი კიდევ უფრო ძლიერ პრო 12-ში და ევროტურნირებში (ჩემპიონთა თასზე და ჩელენჯ ქაფზე). გარდა ამისა, სამოყვარულო და ნახევრადპროფესიული კლუბებისთვის არსებობს შიდა გათამაშების მთელი სისტემა, რომელიც დღითიდღე პოპულარული ხდება.

სხვანაირად არც შეიძლება იყოს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შოტლანდია ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ოვალური ბურთი პირველად შეათამაშეს. ჯერ კიდევ 1858 წლიდან, შოტლანდიაში რეგულარულად იმართებოდა შეხვედრები სკოლებისა და აკადემიის გუნდებს შორის, ხოლო 1871 წლის 27 მარტს, პირველ საერთაშორისო სარაგბო მატჩში შოტლანდიამ ინგლისი 1-0 დაამარცხა. როგორც ტერიტორიულად დიდ და პატარა, მეზობელ ქვეყნებს შორის ხდება ხოლმე, ამ ქვეყნის ნაკრებების დაპირისპირება მუდამ განსაკუთრებული სიმძაფრით გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში ფავორიტობა მხოლოდ წინასწარ ვარაუდად რჩება. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებისას თამაშდება საზიარო 'კალკუტა ქაფი' და ბოლოს შოტლანდიამ ის 2008 წელს მოიგო.

წარსულს თუ დავუბრუნდებით, შოტლანდიის რაგბის კავშირი 1873 წელს დაარსდა და 1886 წელს ირლანდიის და უელსის რაგბის კავშირებთან ერთად რაგბის მსოფლიო საბჭოს, დღევანდელი მსოფლიო რაგბის დამაარსებელი გახდა. საგულისხმოა, რომ რაგბის სამშობლო ინგლისი ამ ორგანიზაციას მხოლოდ 1890 წლიდან შეუერთდა. 1924 წლამდე, შოტლანდიის რაგბის კავშირს შოტლანდიის საფეხბურთო კავშირი ეწოდებოდა, 1899 წლიდან 1925 წლამდე კი, ანუ მარიფილდის გახსნამდე, ნაკრები საშინაო შეხვედრებს ინვერლეითზე ატარებდა.

აღსანიშნავია, რომ სანაკრებო დონეზე შოტლანდიური რაგბი ფეხბურთს აღემატება. მორაგბეთა საშინაო არენა მარიფილდი 67800 მაყურებელს იტევს და ის პრაქტიკულად ყველა თამაშზე პირთამდე ივსება. აღსანიშნავია, რომ 1975 წელს შოტლანდიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრას 104 000 მაყურებელი დაესწრო. ამავდროულად, შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრების სტადიონ ჰემპდენ პარკზე დაახლოებით 15 ათასით ნაკლები, 52103 მაყურებელი ეტევა. თუმცა, შოტლანდიაში საკლუბო რაგბი უფრო ნაკლებადაა განვითარებული, ქვეყნის ყველა რეგიონში ოვალური ბურთი პოპულარული არაა და მთლიანობაში, სპორტის ამ ორი სახეობის პოპულარობაც ერთმანეთს ამის ხარჯზე უტოლდება.

შოტლანდიის ნაკრების ისტორია რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს. 1870 წელს, ინგლისელთა საფეხბურთო ნაკრების მიერ შოტლანდიელთა ძლევის შემდეგ, სქოთებმა მეტოქეს წერილით მიმართეს და მომავალ წელს ისინი ედინბურგში, რაგბის სათამაშოდ მიიწვიეს. ოვალური ბურთით გამართულ პირველ სანაკრებო შეხვედრაში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შოტლანდიამ ინგლისელთა ძლევა მოახერხა. 1883 წლიდან პირველ მსოფლიოს ომამდე, შოტლანდიამ რამდენიმე სახელოვანი გამარჯვება მოიპოვა ინგლისის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ (ხუთი ერის წინამორბედ ტურნირებზე, რომელშიც საფრანგეთი არ მონაწილეობდა და პირველობისთვის მხოლოდ ოთხი გუნდი იბრძოდა). ომამდე გამართულ ტურნირებში შოტლანდიამ რვაჯერ იმარჯვა და კიდევ ორჯერ პირველობა ინგლისთან გაიყო. რვიდან ხუთჯერ შოტლანდიამ ისე იპირველა, რომ სამივე მეტოქე დაამარცხა.

ამ პერიოდში სქოთებმა უკანასკნელად 1907 წელს იმარჯვეს და მომდევნო წარმატებას 18 წელი ელოდა. 1925 წელს, უკვე ხუთი ერის პირველობის რანგში, შოტლანდიამ ინვერლეითზე საფრანგეთი 25-4 დაამარცხა, მერე უელსს (24-14) და ირლანდიას (14-8) გასვლაზე აჯობა და გადამწყვეტ შეხვედრაში, მარიფილდის გახსნით მატჩში ინგლისს უმასპინძლა. სტადიონზე შეკრებილმა 70 000-მა მაყურებელმა სამჯერ იხილა ინგლისელთა დაწინაურება, მაგრამ საბოლოოდ მათმა საყვარელმა გუნდმა მაინც იმარჯვა - 14-11 და პირველად მოიპოვა ხუთი ერის გამარჯვებულის ტიტული. 1926 წელს, შოტლანდიის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ინგლისელებს თვიქენჰემში სძლია. 1931 წლამდე შოტლანდიამ ორჯერ მოიგო ხუთი ერი და ორჯერ ის ირლანდიასთან გაიყო, ხოლო 1932-39 წლებში ორჯერ გახდა ოთხი ერის გამარჯვებული (1932 წლიდან ხუთ ერს საფრანგეთი გამოაკლდა). 1939 წლის სექტემბერში შოტლანდიის რაგბის კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით დროებით მუშაობა შეწყვიტა.

სანაკრებო შეხვედრები 1946 წლიდან განახლდა და ხუთი ერის გარდა, ტესტ-მატჩებსაც მართავდა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ძველი დიდება ვერ დაიბრუნა. 1964 წელი შოტლანდიის ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ისინი ახალ ზელანდიას ფრედ ეთამაშნენ - 0-0 და ეს იყო უკანასკნელი საერთაშორისო შეხვედრა, რომელიც ქულის გარეშე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ „ოლ ბლექსი“ ერთადერთია დიდი სარაგბო ქვეყნის გუნდებიდან, რომელიც შოტლანდიას არასდროს დაუმარცხებია და 28 მარცხის წილ მხოლოდ ფრით თუ მოიწენებს თავს. ამავე წელს კი, სქოთებმა უელსთან ერთად ხუთი ერის პირველობა მოიგეს, ერთპიროვნული გამარჯვებულები კი, მხოლოდ 40 წლის შემდეგ, 1984 წელს გახდნენ.

მანამდე, 1980 წელს შოტლანდიის ნაკრებმა ტურნე მოაწყო ავსტრალიაში და პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება დღემდე არის ერთადერთი, რომელიც შოტლანდიამ სამხრეთელ ბობოლებთან გასვლაზე მოიპოვა. 1983 წელს შოტლანდიამ ახალ ზელანდიასთან მეორედ ითამაშა ფრედ - 25-25 და როგორც ზევით ავღნიშნეთ, მომდევნო წელს ხუთი ერის თასი აღმართა, თანაც გრანდ სლემით. მას შემდეგ გუნდმა კიდევ ორჯერ მოიგო ხუთი ერი - 1990 და 1999 წლებში და ერთხელ პირველობა საფრანგეთთან გაიყო. 2000 წლიდან, ევროპის ხუთ ერს იტალია დაემატა და ექვს ერად გადაკეთდა, თუმცა 27 წლის წინანდელი წარმატება ჯერჯერობით უკანასკნელია ევროპის უძლიერეს სანაკრებო გათამაშებაში.

1987 წლიდან დღემდე, შოტლანდია ყველა მსოფლიო თასზე მონაწილეობდა და ყველაზე დიდ წარმატებას 1991 წელს მიაღწია, როდესაც ნახევარფინალში გავიდა და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. სქოთებმა მხოლოდ ერთხელ, 2011 წლის მსოფლიო თასზე ვერ შეძლეს ჯგუფური ეტაპის გადალახვა, ექვსჯერ კი, მეოთხედფინალში ითამაშეს.

მთლიანობაში, შოტლანდიის ნაკრებს 663 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მათგან მოიგო 281, დამარცხდა 350 დაპირისპირებაში და 32 ფრედ დაასრულა. ყველაზე დიდი სხვაობით 1997 წლის 6 დეკემბერს სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა - 10-68, ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება კი, 2004 წლის 13 ნოემბერში იაპონიასთან მოიპოვა - 100-8. 1883 წლიდან დღემდე, შოტლანდიელები 9-ჯერ გახდნენ ოთხი ერის, ხოლო ხუთჯერ ხუთი ერის გამარჯვებულები. კიდევ რვა შემთხვევაში ტიტული სხვა გუნდთან გაიყვეს.

შოტლანდიის ნაკრების სიმბოლო და ზედმეტსახელი ნაციონალური ყვავილი ნარშავია. ლეგენდის თანახმად, ეს ეკლიანი ყვავილი განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ვიკინგთა მუდმივი თავდასხმების დროს, რადგან როდესაც ისინი შიშველ ფეხს ამ ყვავილს აბიჯებდნენ, ტკივილისგან იმდენად ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ დამცველ ციხიონს აღვიძებდნენ და თავდამსხმელებს ჩუმად მიპარვის საშუალება ესპობოდათ. შოტლანდიის ნაკრების სიმბოლოდ და მასთან მიძღვნილ ჰიმნად ეს ყვავილი 1990 წელს შეირჩა. იმ წელს სქოთებმა ხუთი ერის პირველობა მოიგეს და თანაც გადამწყვეტ შეხვედრაში ინგლისი 13-7 დაამარცხეს. ამ ფაქტმა იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ შოტლანდიელ გულშემატკივრებს ყვავილი და მასთან მიძღვნილი ჰიმნი ძლიერ შეუყვარდათ და ნარშავმა სამუდამოდ დაიმკვიდრა შოტლანდიის ნაკრების სიმბოლოს სახელი.

შოტლანდიის ნაკრები ძირითადად მუქი ლურჯი ფერის ფორმით თამაშობს და შიგადაშიგ თეთრ ფორმებსაც ირგებს. 2016 წლის ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში შოტლანდია ავსტრალიას თითქმის მთელი თამაში უგებდა, მაგრამ 75-ე წუთზე ლელო გაუშვა, გარდასახვაც ზუსტი იყო და 22-23 დამარცხდა. 19 ნოემბერს მასპინძლებმა არგენტინას გამარჯვების ჯარიმა ბოლო წუთზე გაუტანეს და 19-16 სძლიეს. შედეგად, გუნდი მსოფლიო რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდა, არგენტინა და საფრანგეთი ჩამოიტოვა და საქართველოს 80,57 ქულით და მე-7 ადგილით ხვდება.


საქართველოს რაგბის კავშირის საიტი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:28 | 24.11.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით ბორჯღალოსნებო DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

21:21 | 22.11.2016
krasni (587)

გაუმარჯოს ბორჯღალოსნებს.

17:21 | 22.11.2016
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

წარმატებას გისურვებთ ბორჯღალოსნებო ! ! !

0.092188