ლეგიონერები

16:58 | 21.11.2016 | ნანახია 2748 - ჯერ

ქართველთათვის უფერული უქმეები
ფრანგული ელიტა - ელიტარული მოთამაშეების გარეშე

მართალია, მსოფლიო რაგბის საშემოდგომო ტესტების პერიოდი უდგას, მაგრამ საფრანგეთში შიდა ჩემპიონატი არ შეწყვეტილა და ფაქტობრივად ყველა იქაურ ელიტარულ კლუბს წამყვანი მორაგბეების გარეშე უწევს თამაში.

ტოპ 14-ით დავიწყოთ. “ტულონმა” ნაკრებში გამოძახებული ქართველების - მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის არყოფნაში “კასტრთან” გასვლაზე უიმედოდ წააგო – 17:34.

კიდევ ერთმა ქართველმრავალმა კლუბმა, “ბრივმა” “პოს” 38:25 აჯობა, მაგრამ ჩვენებურთაგან ამ მატჩში მხოლოდ სოსო ბეკოშვილმა ითამაშა – მეორე ტაიმი სრულად გაატარა მინდორზე, ხოლო კახა ასიეშვილი და ვასილ ლობჟანიძე ნაკრებში არიან გამოძახებულნი.

ვეტერანმა დავით ზირაქაშვილმა “კლერმონის” შერკინების პირველ ხაზში შეუცვლელად ითამაშა და მისმა გუნდმა “ლიონთან” შეხვედრის ბოლო შეტევაშიღა მოიპოვა გამარჯვება: მორგან პარამ უკვე გადაცილებულ დროში ზუსტი არეკნით სასწორის პინა კლერმონელთაკენ გადახარა – 16:13. ვიტო კოლელიშვილი, მოგეხსენებათ, ეროვნულ ნაკრებთან ერთადაა, ხოლო “კლერმონი” ერთპიროვნული ლიდერობით ტკბება.

ლექსო ყაულაშვილი თავის გუნდს ვერ დაეხმარა და “ლა როშელმა” ქართველი ბურჯის გარეშე “ბორდოსთან სტუმრად სრული ფიასკო განიცადა – 0:26, რის გამოც მეტოქეს ცხრილის მე-2 საფეხური დაუთმო.

“სტად ფრანსესა” და “მონპელიეს” რთულ ჯახში ერთბაშად სამმა ქართველმა პირველხაზელმა იბურთავა – სტუმართა კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა პირველ ტაიმში ითამაშა, ხოლო პარიზელთა ბურჯები ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე შეცვლაზე შესაბამისად 52-ე და 73-ე წუთებზე შევიდნენ. მატჩი პარიზელებმა 21:17 მოიგეს. იმასღა დავძენთ, რომ მონპელიელთა სამი ქართველი მორკინალი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული – მიხეილ ნარიაშვილი, კოტე მიქაუტაძე და დუდუ ქუბრიაშვილი.

დაბოლოს, “ბეიონმა” სეზონში მე-3 გამარჯვება იზეიმა და თავი ცხრილის ბოლო ადგილს დააღწია. ბეიონელთა პირველ ხაზს დიდი ჯაფა დაადგა, მასპინძლები მე-2 ტაიმის დასაწყისში დაწინაურდნენ და მას შემდეგ ტულუზელები მათი თავგანწირული დაცვის გარღვევას გააფთრებით ცდილობდნენ. 77-ე წუთზე “ბეიონის” მწვრთნელმა შეცვლაზე ვეტერანი ქართველი ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი შეიყვანა და მისი დამსახურებაცაა, რომ მასპინძლებმა ტულუზელთა სასტიკ წნეხს ვაჟკაცურად გაუძლეს – 16:13. სტუმართა ბურჯი ვასილ კაკოვინი საქართველოს ნაკრებთან ერთად შოტლანდიასთან სათამაშოდ ემზადება.

პრო დ2-ში “აჟენმა” “პერპინიანს” უმასპინძლა და 23:6 დაამარცხა, რაშიც 12-წუთიანი წილი ვახტანგ ახობაძემ დაიდო – მწვრთნელმა ქართველი ბურჯი 68-ე წუთზე გაააქტიურა.

“დაქსის” ვეტერანმა მარჯვენა ბურჯმა ელიზბარ ყუფარაძემ ნარბონში 80 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი 16:31 დამარცხდა. “ნარბონის” ქართველები განაცხადში ვერ მოხვდნენ.

ასევე გასვლითი მატჩი დათმო ბექა შეყლაშვილის “ალბიმ” – “მონტობანთან” 6:23. ქართველი პირველხაზელი თამაშში 49-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 13:6 იყო.

ირაკლი მირცხულავაც მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა მინდორზე – 54-ე წუთზე, ხოლო მისმა “ოიონამ” გასვლით მატჩში მაჩანჩალა “ბურგუენი” 26:23 დაამარცხა.

ლიდერ “კოლომიესა” და ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბეზიეს” შეხვედრა კი მოულოდნელად უაღრესად დაძაბული და ნერვული გამოდგა. მასპინძლებმა 15:12 კი მოიგეს, მაგრამ ამ შედეგის მიღწევა ძალზე გაუჭირდათ. რუმინეთის ნაკრების კვაჭი ოთარ ტურაშვილი შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა, 76-ეზე კი მეტოქეთა პირველხაზელ ვიტოლიო მანუკულასთან ჩხუბისთვის წითელი ბარათი მიიღო. შეგახსენებთ, ბეზიელი მღლეტელი ლაშა ლომიძე საქართველოს ნაკრებთან ერთად საშოტლანდიოდ ემზადება.

“ორიაკის” მრავალრიცხოვანი ქართველობიდან გასულ ტურში მხოლოდ ვეტერანმა მეორეხაზელმა ლევან დათუნაშვილმა ითამაშა, რომელიც თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და როცა შეცვალეს (53-ეზე), მისი გუნდი “ბიარიცს” 28:15 ამარცხებდა. საბოლოოდ – 31:20 და “ორიაკი” ლიდერთან 2-ქულიანი ჩამორჩენით მე-3 პოზიციაზე დამკვიდრდა.

ინგლისურ-უელსური თასის გათამაშებაში ანტონ ფეიქრიშვილმა თავისი ახალი კლუბის, “კარდიფ ბლუზის” სასტარტო შემადგენლობა დააჭაშნიკა, მაგრამ მეორე უელსურ კლუბთან, “ოსპრეიზთან” დაპირისპირების მეორე ნახევრის დასაწყისში რეფერისგან წითელი ბარათი მიიღო და მანამდე მედგრად მებრძოლი კარდიფელები მძლავრ მეტოქეს ვეღარ გაუძალიანდნენ. ფეიქრიშვილის გაძევებისას ანგარიში 7:7 იყო, საბოლოოდ კი 7:31 დაფიქსირდა...


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:11 | 22.11.2016
test (124)

გიორგი მელქაძე კიარა მელიქიძეა

0.087265