ბორჯღალოსნები

20:52 | 17.11.2016 | ნანახია 1950 - ჯერ

მორაგბეთა ნაკრებმა "შევარდენზე" ღია ვარჯიში ჩაატარა

19 ნოემბერს მიხეილ მესხზე სამოასთან გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნებმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს.

ტრადიციულად, ვარჯიშს გულშემატკივრები მრავლად დაესწრნენ, მორაგბეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ავტოგრაფები ჩამოართვეს და მომავალი ჯახის წინ შეძლებისდაგვარად გაამხნევეს.

ღია ვარჯიშის პირველი ნაწილი ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. ერთი კვირის წინანდელის მსგავსად, ის ამჯერადაც ინტენსიური იყო და ყველა მოთამაშე, მათ შორის ისინიც, რომლებიც სამატჩო განაცხადში არ არიან, სრულად დაიხარჯნენ. მერე იყო შეხვედრა გულშემატკივრებთან და ვარჯიში ძალოსნობის დარბაზში.

ინგლისის პრემიერშიპის ვუსტერისა და ბორჯღალოსნების კვაჭის, ჯაბა ბრეგვაძის თქმით გუნდი ამჯერადაც იმ სტილში ითამაშებს, როგორც იაპონიასთან და ეცდება შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანოს:

იაპონიასთან მატჩის შემდეგ ჩვენს თამაშში განსაკუთრებულ სახეცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ეს დღეები უმთავრესად შეცდომების გამოსწორებაზე ვზრუნავდით, დაიხვეწა მცირედი დეტალები. მნიშვნელოვანია, რომ ამ რაოდენობის შეცდომები აღარ დავუშვათ და მეტოქეს ამდენი საჩუქარი აღარ გავუკეთოთ. სამოას ნაკრებს ზაფხულში ფრედ ვეთამაშეთ, თუმცა მაშინ მათ ძალიან ბევრი მორაგბე აკლდათ და ახლა სულ სხვა გუნდით გვეწვივნენ. მიმაჩნია, რომ სამოა იაპონიაზე ძლიერი და სწრაფი გუნდია და რთული თამაშის მოლოდინში ვარ.

იაპონიასთან ტრავმის გამო არ უთამაშია, ამჯერად სრულ მზადყოფნაშია და თამაშს იწყებს ლელო-სარასენსის გარემარბი ალექსანდრე თოდუა:

ამ ეტაპზე ტრავმა აღარ მაწუხებს და სათამაშოდ მზად ვარ. იაპონიასთან მარცხი მძიმედ, მაგრამ გადავლახეთ. თამაში გავარჩიეთ და აღმოვაჩინეთ ის შეცდომები, რის გამოც მოსაგები მატჩი დავთმეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სამოასთან შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ჩვენს გუნდს პირველი თამაშის ჩატარება ყოველთვის უჭირს და ვფიქრობ, შეცდომების სიმრავლეც ამან განაპირობა. გარდა ამისა, გაუთვალისწინებელი ტრავმებიც იყო და გავლენა ამანაც იქონია.

ერთი კვირის წინ სანაკრებო დებიუტის მოლოდინი ჰქონდა ტულონის ახალგაზრდა კვაჭ ბადრი ალხაზაშვილს, რომელიც განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე გასვლამ არ მოუწია. ის იმედოვნებს, რომ ამჯერად თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნება:

მაქსიმალურად მოტივირებული ვარ. ნაკრებში დებიუტი გასულ შაბათს უნდა მქონოდა, თუმცა მოედანზე გასვლა არ მომიწია და იმედია, ამჯერად სხვაგვარად იქნება. თუ მომეცემა შანსი, მაქსიმუმს გავიღებ, რათა წარმატებული დებიუტი მქონდეს. წლების განმავლობაში ახალგაზრდულ ნაკრებებში ვთამაშობდი, თუმცა ეროვნულ გუნდი სულ სხვა დონეა. ბევრად მეტია ინტენსივობა და ხარისხიც მაღალია. უმაღლესი დონის მორაგბეებთან ერთად ვვარჯიშობ, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელია მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღიურად 11:00-დან 19:00-მდე და ონლაინ ვებგვერდზე TKT.GE/Rugby

rugby.ge


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:22 | 18.11.2016
krasni (587)

გეთანხმებით ასი პროცენტით. სამოასაც დავდებთ და ეშინოდეს შოტლანდიას. იაპონია გადაგვირჩა, მოვიცლით მაგენისთვისაც.

15:14 | 18.11.2016
zurageorgevich (45)

შოტლანდიასთან დაკავშირებით საერთოდ არ ვთვლი რო ბიჭები გაბრაზებულები და მონდომებულები არ გავლენ... მეტიც, აგერ ირლანდიამ ზელანდია დაამარცხა მსოფლიოზე იაპონიამ სამხრეთ აფრიკა მოკლედ დრო მოვიდა ერთი ფურორი ჩვენც მოვახდინოთ და თავდაჯერებულ სქოთებს კაბები აუწიოთ... მე მოგებას ველი ყველა თამაშიდან მათ შორის შოტლანდიასთანაც

12:45 | 18.11.2016
ogafa (407)

შოტლანდიასთან დაგვხატავდა

12:03 | 18.11.2016
პანტელეიმონი (1218)

ვიცი ბიჭები გაბრაზებულები არიან და სამოას დაანგრევენ, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ გაბრაზებას შოტლანდიისთვისაც შემოინახავენ.

10:58 | 18.11.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით, ნაკლები შეცდომები ამჯერად.

0.087798