ბორჯღალოსნები

13:22 | 9.11.2016 | ნანახია 5918 - ჯერ

საქართველო-იაპონია: გავიცნოთ "ბორჯღალოსანთა" მეტოქე

12 ნოემბერს ბორჯღალოსნები იაპონიას ურთიერთ-შეხვედრების ისტორიაში მეხუთედ ერკინებიან. დღემდე ბალანსი 3-1-ზეა მეტოქის სასარგებლოდ, მომავალი შეხვედრა კი, მესხის სტადიონზე 15 საათზე დაიწყება.

ამჯერად სასწორზე დიდი რამ დევს. თუ საქართველოს ნაკრები მეტოქის დამარცხებას შეძლებს, სარეიტინგო მონაგარს 0,558 ქულას შემატებს, ხოლო 15 ქულაზე მეტი სხვაობით გამარჯვება 0,837 ქულის მომტანი იქნება. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში ფიჯის ჩამოიტოვებენ, რომელიც 11 ნოემბერს ‘ბარბაროსებთან’ არასარეიტინგო თამაშს ატარებს.

წარმატების საწინდარი გულშემატკივრის მხარდაჭერა რომაა, არაერთხელ თქმულა მწვრთნელების თუ მორაგბეების მხრიდან და ვისაც ამ ისტორიული მოვლენის ცოცხლად ხილვა სურვს, ბილეთები ყოველდღე, 11-იდან 19 საათამდე მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში იყიდება და მათი ფასი 3, 5 და 10 ლარია. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: TKT.GE/Rugby

საკურებად წოდებული იაპონია

მეტოქე ძლიერთა კატეგორიიდანაა და ამაზე მისი ისტორიაც მეტყველებს. იაპონიის მიწაზე რაგბი პირველად 1866 წელს ითამაშეს, ხოლო რაგბის კავშირი 1926 წელს დაარსდა და ნაკრებმა პირველი თამაში 1932 წელს კანადასთან ჩაატარა (9-8). გუნდს წარსულში რამდენიმე ღირშესანიშნავი თამაში ჰქონდა და 1968 წელს ‘ჯუნიორ ოლ ბლექსი’ 23-19 დაამარცხა, ხოლო 1971 წელს ინგლისთან მცირედით, 3-6 დამარცხდა.

იაპონიის თიკუნი ალუბლის ყვავილი, გნებავთ მამაცი ყვავილია, ხოლო ემბლემას ‘საკურა’ ამშვენებს. იაპონიამ დღემდე ჩატარებულ ყველა მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა, ბოლო დროს კი, იაპონურ რაგბში დიდძალი ფული ჩაიდო, შეიქმნა ძლიერი იაპონური ლიგა, სადაც მრავლად თამაშობენ სახელგანთქმული ზელანდიელი, აფრიკელი და ავსტრალიელი მორაგბეები, წელს კი, ამ ქვეყნის გუნდი ‘სანვულვზი’ (მზის მგლები) სუპერ რაგბში ჩაერთო და 15-იდან ერთი თამაშის მოგება და ერთის ფრედ დასრულება მოახერხა.

შიდა რაგბის თემა რომ ამოვწუროთ, სპეციალისტების აზრით ის სიძლიერით მხოლოდ სუპერ რაგბის, საფრანგეთის ტოპ 14-ს, ინგლისის პრემიერშიპს და გინეს პრო 12-ს ჩამოუვარდება.

‘საკურები’ 1969 წლიდან აზიის რაგბის ჩემპიონატში თამაშობენ, რომელიც ამჟამად აზიის ხუთი ერის სახელითაა ცნობილი და 23-ჯერ გახდნენ ჩემპიონები, ხოლო სხვა ხუთ შემთხვევაში მეორე ადგილი დაიკავეს. 2006 წლიდან გუნდი წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში ჩაერთო და ორჯერ - 2011 და 2014 წლებში ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ღირშესანიშნავ გამარჯვებებს თუ დავუბრუნდებით, იაპონიამ 1989 წელს შოტლანდია 28-24, 1998 წელს არგენტინა 44-29, 2013 წელს უელსი 23-8 და 2014 წელს იტალია 26-23 დაამარცხა. ყველაზე დიდი სხვაობით „ალუბლებმა“ 2002 წელს ტაივანი დაამარცხეს - 155-3, ხოლო თავად 1995 წელს ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ 17-145.

არ გეგონოთ გამოგვრჩა და იაპონიის ყველაზე დიდი გამარჯვება 2015 წლის მსოფლიო თასზე შედგა, როდესაც სამხრეთ აფრიკას ბოლო წუთზე დადებული ლელოთი 34-32 აჯობეს. აღსანიშნავია, რომ აზიელებს მსოფლიო თასზე მანამდე მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდათ, ისიც შორეულ 1991 წელს ზიმბაბვესთან (52-8), 2007 წელს კანადას ფრედ ეთამაშნენ (12-12), ხოლო 2011 წელს ქულები კვლავ კანადასთან გაიყვეს - 23-23.

შარშან ედი ჯოუნზის გაწვრთნილმა გუნდმა სამხრეთ აფრიკის შემდეგ სამოა 26-5, ხოლო აშშ 28-18 დაამარცხა, თავად შოტლანდიასთან 10-45 დამარცხდა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მიუხედავად სამი გამარჯვებისა, მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. მიუხედავად ამისა, 2019 წლის მსოფლიო თასის მასპინძელმა პლანეტის უდიდეს სარაგბო ფორუმზე თამაშის უფლება სპორტული კუთხითაც მოიპოვა.

იაპონიის ნაკრების საუკეთესო მექულე აიუნუ გორომარუა (708), საუკეთესო მელელოვე დაისუკე ოჰატა (69), ხოლო ყველაზე მეტი, 96 კეპი ჰიტოში ონოს ანგარიშზეა.

ნოემბრიდან იაპონიის ნაკრებს ჯეიმი ჯოზეფი წვრთნის და ევროპაში, კერძოდ საქართველოში გამომგზავრებამდე, ერთი ტესტ-მატჩი უკვე ჩაატარა. საკურებმა, რომლებიც ამ პერიოდისთვის 10-მდე მორაგბეს მოისაკლისებენ, ტოკიოში არგენტინას უმასპინძლეს და 20:54 დამარცხდნენ. ბორჯღალოსნებთან მატჩის შემდეგ, ისინი ევროპულ ტურნეს განაგრძობენ და 19 ნოემბერს უელსს ეწვევიან, ხოლო 26-ში საფრანგეთში ფიჯის შეხვდებიან.

ეროვნული ნაკრებების დონეზე, საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების გზები პირველად 2006 წელს გადაიკვეთა. ბორჯღალოსნები კუნძულებზე შესუსტებული შემადგენლობით გაემგზავრნენ და იაპონიის „ა“ ნაკრებთან პირველი ტაიმის 15-0 მოგების შემდეგ, საბოლოოდ 15-16 დამარცხდნენ, ხოლო პირველმა გუნდმა 32-7 მოგვიგო.

2012 წელს აზიელები თბილისში გვეწვივნენ და მესხზე ბოლო წუთზე გატანილი არეკნის ხარჯზე 25-22 მოიგეს. რევანში 2014 წელს შედგა, როდესაც იმავე მესხზე ბორჯღალოსნებმა მეტოქე ლამაზ სტილში, 35-24 დასცეს. 2015 წელს, მსოფლიო თასის წინ გასახურებელი მატჩისას აზიელებმა გლოსტერში 13-10 იმარჯვეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:50 | 09.11.2016
meleksa (132)

ძველ იაპონიას კარგად იცნობდა მელიტონა, ახლის მაგიტომ მეშინია ზუსტად. ერთი რამ ფაქტია, შერკინების უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად და ბურთი რაც შეიძლება დიდხანს გვქონდეს! წარმატებები ჩვენს ჯიგრებს!

22:33 | 09.11.2016
krasni (587)

წარმატებები ბიჭებს.

22:18 | 09.11.2016
orioni (88)

10-ში შესვლის ასეთი შანსი ხელიდან გასაშვები არ არის. იაპონელების ერთადერთი უპირატესობა ხაზის სწრაფი და გამართული თამაშია, მაგრამ არა მგონია ფიჯიზე უკეთესი, ასე რომ ეს ბრძოლა მოსაგებია.

21:43 | 09.11.2016
ogafa (407)

წარმატებები

19:43 | 09.11.2016
პანტელეიმონი (1218)

გამარჯვება და ათეული მოგველოცოს ბიჭებო ! ! !

19:27 | 09.11.2016
giogobi (68)

ჩვენი უკანა ხაზის თამაშზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. განსაკუთრებით,მათ ფეხით ამოწეულ ბურტებზე როგორ ითამაშებენ. იაპონელები ახერხებენ ბურთის სწრაფ ჩახურვას და თერნოვერებს უნდა ვერიდოთ,სწრაფი კონტრშეტევა აქვთ

19:15 | 09.11.2016
tokageo (45)

ოხ როგორ ვისიმოვნებდი ამ ჯახის სტადიონზე ხილვით . მაგრამ არაუშავს, ბიჭები დადებენ ჯიგარს და იაპონიას უფრო დამაჯერებლად მოვუგებთ ვიდრე 2 წლის წინ, არადა მაშინაც ყურებით ვათრიეთ. მთავარია არ მოვდუნდეთ!!!

18:06 | 09.11.2016
buratino (480)

გასაგებია რომ ბევრი ფაქტორი არსებობს ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგვადუნოს/არც დათვური სამსახური გაგვიწიოს. მეორე მხრივ, იაპონელებმა იციან რომ თუ მიყოლებით 2-ე თამაშს წააგებენ, საკმაოდ დაშორდებიან 10-ეულს (ანუ წყალში ჩაყრიან მსოფლიოზე მიღწეულს) ხოლო მოგებით თითქმის დაბრუნდებიან იქ.
მე მაინც მგონია, რომ შერკინებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ბევრი იქნება დამოკიდებული დერეფნების მოგებასა და რაქიდან ბურთების სწრაფ გამოტანაზე, აგრეთვე ძალიან ბევრი - ზუსტ დარტყმებზე. მოკლედ, იაპონელებს მათი მთავარი კოზირი - სისწრაფე უნდა მოვუსპოთ ან მაქსიმალურად შევუზღუდოთ. ასეთ შემტხვევებში გამარჯვება ნამდვილად ჩვენი იქნება

17:59 | 09.11.2016
giogobi (68)

აბა რას იტყვით ბიჭებო? როგორ თამაშს ელით? მე მგონია, ძალიან რთული თამაში იქნება. მითუმეტეს ჩვენტვის პირველი თამაშია,მათ კი არგენტინას 20 ქულა გაუკეთეს

16:19 | 09.11.2016
→ LELOS← (98)

შერკინებაში გვექნება ძალიან დიდი უპირატესობა ეს უნდა გამოვიყენოთ თითოეული ჟარიმა უნდა გამოვიყენოთ და ყველაფერი კარგად დამთავრდება.

15:47 | 09.11.2016
geogoli (367)

ძალიან კარგი გუნდია იაპონია და ღირსეული მეტოქეც იქნება, თუმცა ჩვენს სასარგებლოდ რამდენიმე სერიოზული ფაქტორია, უპირველასად ის რომ, ედი ჯონსი აღარ ყავთ, მერე მეორე - წამყვანი მორაგბეები არ ყავთ,მესამე - არგენტინასთან სერიოზული ჯახი გადაიტანეს და ცოტა აზრზე მოსვლა დაჭირდებათ, მეოთხე - აკლიმატიზაცია აქვთ გასავლელი (ეს ყველაზე მცირე პრობლემაა).
ჩვენი მხრივ ბევრი უპირატესობა გვაქვს (კარგ ფორმაში არიან ბიჭები, სახლში ვთამაშობთ, ზაფხულის წარმატებები კუნძულებზე), მაგრამ ვშიშობ ფსიქოლოგიურად ცუდად არ იმოქმედოს იმ ფაქტმა, რომ ყველა გამარჯვებას ითხოვს ჩვენი გუნდისგან და სხვა შედეგს არც კი განვიხილავთ.

14:26 | 09.11.2016
maxo_65 (458)

ჩვენი გუნდი ძალიან კარგი დაცვით გამოირჩევა, თან რაც არ უნდა იყოს ედი ჯონსის გუნდი უფრო ძლიერი იყო..ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენება

14:24 | 09.11.2016
maxo_65 (458)

წარმატებები ჩვენს ბიჭებს..ასეთი ძლიერი გუნდი არასდროს გვყოლია..განსაკუთრებით მახარებს უკანახაზელების სათამაშო ფორმა..ეჭვიც არ მეპარება სახლში ორივე თამაშს მოვიგებთ..რაც შეეხება შოტლანდიას, მოუგებელი არ ისაა...ერთადერთი რაც მაწუხებს დარმყმელები რა ფორმაში იქნებიან..ამ თამაშებში ჯარიმებს და გარდასახვებს დიდი მნიშვნელობა ექნება...

14:23 | 09.11.2016
beeq777 (35)

იაპონიას კარგი გუნდი ყავს, მიუხედავად დანაკლისისა და ვინც მათ თამაშს უყურა არგენტინასთან დამეთანხმება. ეს გუნდი თამაშობს სწრაფ შემტევ რაგბს და დაკომპლექტებულია კარგი მორაგბეებით. მინდა გამოვყო ხაზის ცენტრი 12-13 ნომრები რომლებიც, ხაზის გამჭრელები არიან და სახიფათონი. 14-15 ნომრები ყავთ ძალიან სწრაფი, 14მ-ა არგენტინას ლელოც დაუდო. ასევე მათი 8 ნომერი ლელეი მაფი. სუსტი მხარე შერკინება და ერთი-ერთზე ბოჭვებია ჩემის აზრით. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები იმედია ჩვენი კარნახით წარიმართება თამაში და საჩვენო ტაქტიკა და სქემით, სხვაგვარად გაგვიჭირდება მათ სისწრაფეებზე გამკლავება.

0.094299