ამბები

14:04 | 1.10.2014 | ნანახია 2825 - ჯერ

“ფედერალ 1”-ის ქართული ქულები

საფრანგეთის ნახევრადპროფესიული “ფედერალ 1”-ის პირველი ჯგუფის მეოთხე ტურში რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის “მონლუსონმა” ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის “ლიმოჟი” ქართველი ლეგიონერების ქულებით 35:19 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობაში სამივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, გარემარბმა გიგაურმა სრულად ითამაშა და ორი ლელო გაიტანა, მგეზავი კვირიკაშვილი 54-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი, მან გუნდს 15 ქულა შესძინა, ხოლო პირველხაზელმა მოდებაძემ მოედანზე 77 წუთი გაატარა. სტუმართა შორის საწყისი 50 წუთი გარემარბად ითამაშა ურჯუკაშვილმა, ხოლო პირველხაზელი კაზალიკაშვილი 48-ე წუთზე შეცვალეს. “ლიმოჟი” ჯარიმით მე-13 წუთზე დაწინაურდა, რაზეც “მონლუსონმა” ერთ წუთში ლელოთი უპასუხა და კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. სტუმართა მეორე ჯარიმას კვირიკაშვილმა ჯერ ჯარიმითვე უპასუხა, ხოლო 29-ე წუთზე მეორედ შეასრულა გარდასახვა.

34-ე წუთზე “ლიმოჟმა” ჯარიმით ჩამორჩენა ისევ შეამცირა, მაგრამ “მეკომ” შესვენებამდე ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და ტაიმი 23:9 დასრულდა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც გიგაურმა ლელო გაიტანა და კვირიკაშვილის გარდასახვა კვლავ ზუსტი აღმოჩნდა. სტუმრებმა საპასუხო ლელო 54-ე წუთზე გაიტანეს და მასპინძლები პრემიალური ქულის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი, მათ ჯარიმაც გაიტანეს და ჩამორჩენა 11 ქულამდე დაიყვანეს. 77-ე წუთზე გიგაურმა თავისი მეორე და გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა და “მონლუსონმა” 5 ქულა ჩაიწერა. ამ გუნდმა ჯამში 14 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზეა, ხოლო “ლიმოჟი” 11 ქულით მესამეა.

ირაკლი ნატრიაშვილისა და გიორგი მენაბდიშვილის “ტულემ” ავთო კოპალიანის “ბობინი” 21:9 დაამარცხა. მენაბდიშვილმა 46-ე, ხოლო ნატრიაშვილმა 62-ე წუთიდან ითამაშა. კოპალიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 72 წუთი გაატარა. პირველი ტაიმი 10:9 დასრულდა, 53-ე წუთზე “ტულემ” მეორე ლელო გაიტანა, მაგრამ არ გარისკა, ჯარიმებით უპირატესობა გაზარდა და პრემიალური ქულის გარეშე დარჩა. “ტულე” 8 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “ბობინი” 6 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.

გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “ბერჟერაკი” საკუთარ მოედანზე ლიდერ “ნევერთან” 23:30 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ გაბელია იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. “ბერჟერაკმა” პრემიალური ქულა აიღო და ჯამში 7 ქულით მე-5 ადგილზეა. გიორგი ჩხაიძისა და გიორგი სორდიას “ლილს” “ლიბურნესთვის” უნდა ემასპინძლა, მაგრამ თამაში გადაიდო. 5 ოქტომბერს გაიმართება ირაკლი ნინიძის “ლორმონისა” და თედო ზიბზიბაძისა და გიორგი ოზგებაშვილის “პერიგოს” შეხვედრა.

მეორე ჯგუფში გურამ კავთიძის “მაკონიმ” რევაზ ბელქანიას, გიორგი ჯაშიტაშვილისა და მიხეილ გაჩეჩილაძის “კარკერანი” პრემიალური ქულით - 42:9 დაამარცხა. მასპინძელთა შორის პირველხაზელი კავთიძე თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო და 78-ეზე ლელო გაიტანა. სტუმართა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ბელქანიას, ის სასტარტო 15-ეულში იყო და შესვენებისას შეცვალეს. “მაკონიმ” ოთხივე თამაში მოიგო და 17 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “კარკერანი” 5 ქულით მე-8 ადგილზეა.

14 ქულით მეორე ადგილზეა ნოდარ ჭეიშვილის “ლა სეინი”, რომელმაც “შალონი” 25:19 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. გიორგი სულუაშვილის “ბურგ ან ბრესმა” საბა ქართველიშვილი “შამბერის” 16:12 აჯობა. ქართველიშვილი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა, მისმა გუნდმაპრემიალური ქულა ჩაიწერა და 9 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო “ბურგ ან ბრესი” 14 ქულით მესამეპოზიციაზეა. ის დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა “ლა სეინს”.

დავით ბალანჩივაძის “ლა ვულტმა” თემურ გელანტიას “ტრიკასტინი” 18:13 დაამარცხა. ბალანჩივაძე შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა, მისმა გუნდმა ამ სეზონში პირველი გამარჯვებამოიპოვა და 5 ქულით მეშვიდეა, ხოლო გელანტია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. “ტრიკასტინმა” ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით პრემიალური ქულა აიღო, ეს მისი პირველი ქულა იყო მესამე თამაშში და ბოლო, მე-10 ადგილზეა. მხოლოდ პრემიალური ქულა აიღო ასტამურ იოსელიანის “რომანმა”, რომელიც “ობნასთან” სტუმრად 9:13 დამარცხდა. იოსელიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს. “რომანი” 11 ქულით მე-4 ადგილზეა.

მესამე ჯგუფში დევი დათუნაშვილისა და ტარიელ დონაძის “როდეზი” ქართველი ლეგიონერების გარეშე “ვანთან” 11:23 დამარცხდა. “როდეზისთვის” ეს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იყო და 12 ქულით მესამე ადგილზეა.

მეოთხე ჯგუფში ლაშა მალაღურაძის “ბანიერმა” სიმონ მაისურაძის “ვალანსი” 32:12 დაამარცხა და 14 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მალაღურაძემ შუამარბად სრულად ითამაშა და გუნდს 8 ქულით შეეწია, ხოლო მაისურაძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 70 წუთი ითამაშა. მალაღურაძემ 57-ე წუთზე ჯარიმით ანგარიში 22:7 გახადა, სამ წუთში გარდასახვა შეასრულა, ხოლო ბოლო წუთზე ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა. “ვალანსი” 4 ქულით მერვე ადგილზეა.

14 ქულა აქვს თორნიკე ლომიძის “ოშსაც”, რომელმაც “მულეონი” სტუმრად 30:13 დაამარცხა. ლომიძე განაცხადში არ იყო. ლადო გუნიავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “აგდემ” ბექა ბურდიაშვილის “გროლეს” 32:3 აჯობა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველ ლეგიონერთაგან შეუცვლელად ითამაშა პირველხაზელმა გიორგაძემ, ხოლო გუნიავა და ბურდიაშვილი განაცხადში არ იყვნენ. “აგდე” 10 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო “გროლე” 2 ქულით ბოლო საფეხურზეა.

ვახტანგ მაისურაძის, ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსმა” “ლანემეზანი” 35:10 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მაისურაძე განაცხადში არ იყო, ზაქაშვილმა და პატარაიამ კი თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს და ორივე ერთად 55-ე წუთზე შეცვალეს. “ექს-ან-პროვანსი” 12 ქულით მე-4 ადგილზეა. “ფედერალ 1”-ის მომდევნო ტური 11-12 ოქტომბერს გაიმართება.

თეგებიფედერალ 1

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080415