ტესტ-მატჩები

15:34 | 26.10.2016 | ნანახია 3361 - ჯერ

შოტლანდიამ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა 31-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 2016 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ავსტრალიის, არგენტინისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

ივნისში, იაპონიასთან ტოკიოში გამართულ ორ მატჩთან შედარებით, გუნდში 4 ახალი სახე და ხუთი ცვლილებაა.

გუნდს ემატებიან ბურჯი ზენდერ ფაგერსონი, რომელიც ზაფხულში შოტლანდიის 20-წლამდელთა ნაკრების ღირსებას მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე იცავდა და ერთხელ ეროვნულ გუნდშიც უთამაშია და ცენტრი მარკ ბენეტი, რომელმაც რიოს ოლიმპიურ თამაშებზე დიდი ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტრავმა მოიშუშა და ნაკრებს უბრუნდება „ედინბურგის“ მეორეხაზელი გრანტ გილკრისტი, ხოლო უკანახაზელი ჰემიშ უოტსონი ისეთ ფორმაშია, ახალზელანდიელი სპეციალისტი მას ყურადღების მიღმა ვერ დატოვებდა.

შოტლანდიის ნაკრებს უბრუნდებიან „ჰარლიქუინსის“ გარემარბი ტიმ ვისერი და „გლაზგო უორიორსის“ სამეული - ფინ რასელი, ალექს დანბარი და რობ ჰარლი. შოტლანდიის ნაკრებში პირველად ითამაშებს „ედინბურგის“ 24 წლის ბურჯი ალან დელი, რომელიც სამხრეთ აფრიკელია და ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია. მას ტრავმირებული ვილემ ნელისა და რორი საზერლენდის შემცვლელად უხმეს. სხვა ცვლილებებიდან აღსანიშნავია „გლოსტერის“ ცენტრის, მეტ სკოტის არყოფნა.

„მოთამაშეთა ამ ჯგუფისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდი დგება. მათი ვალდებულებაა, რომ მომავალი თამაში წარმატებით ჩაატარონ და განწყობაც შესაბამისია. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე განსაკუთრებით კარგად ვთამაშობთ და მათ სამი საუცხოო ბრძოლა ელოდებათ. როგორც ყოველთვის, აქცენტი მარტივ რაგბიზე, თანმიმდევრულობის შენარჩუნებაზე გაკეთდება და ამ ყველაფერს დაემატება მცირედი დეტალები, რათა მეტოქეებს სიახლეები შევთავაზოთ და გაუმჯობესება გავაგრძელოთ“ - განაცხადა კოტერმა.

12 ნოემბერს შოტლანდია ავსტრალიას მასპინძლობს, რომელთანაც შარშან მსოფლიო თასის მეოთხედფინალში მსაჯის მიერ ბოლო წუთზე დაშვებული შეცდომის გამო 34:35 დამარცხდა. 19 ნოემბრეს სქოთები მსოფლიო თასის ნახევარფინალისტს, არგენტინას შეხვდებიან და ორივე ეს თამაში „მარიფილდზე“ ჩატარდება. შოტლანდია საქართველოს 26 ნოემბერს, კილმარნოკში, „რაგბი პარკზე“ მიიღებს და ეს იქნება ამ გუნდების პირველი, ისტორიული ტესტ-მატჩი შოტლანდიის მიწაზე. ეროვნული ნაკრებების დონეზე, საქართველო შოტლანდიას 2011 წლის მსოფლიო თასზე ეთამაშა, ლელო არ გაუშვა და მისაღები სხვაობით, 6:15 დამარცხდა.

ტრავმების გამო შოტლანდია ნოემბერში შემდეგ მორაგბეებს მოისაკლისებს: ადამ ეში, კევინ ბრაისი, დევიდ დენტონი, რაიან გრანტი, ვილემ ნელი, რორი საზერლენდი და დუნკან ვეირი.

შოტლანდიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის:

მორკინალები: Allan Dell, Alasdair Dickinson, Zander Fagerson, Moray Low, Gordon Reid, Ross Ford, Fraser Brown, Stuart McInally, Grant Gilchrist, Jonny Gray, Richie Gray, Tim Swinson, John Barclay, John Hardie, Rob Harley, Josh Strauss, Hamish Watson, Ryan Wilson;

უკანა ხაზი: Greig Laidlaw(c), Henry Pyrgos, Pete Horne, Finn Russell, Mark Bennett, Alex Dunbar, Huw Jones, Duncan Taylor, Damien Hoyland, Sean Maitland, Tommy Seymour, Tim Visser, Stuart Hogg.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:51 | 27.10.2016
meleksa (132)

იმედია ავსტრალია და არგენტინა კარგად მიჩეჩქვავენ სკოტებს და ჩვენთან მორყეულები იქნებიან. მანამდე კი უნდა მოვუგოთ სამოას და იაპონიას. სახლში მაგათთან წაგება უკვე აღარ შეიძლება.

19:02 | 26.10.2016
krasni (587)

ოპტიმალური შემადგენლობა იქნებ შევკრიბოთ და ვანახოთ რა ბიჭებიც ვართ. ისე ამ ზაფხულზე იაპონიამ რა შანსი გაუშვა, ისტუმრა სკოტები ორი შეხვედრით, მაგრამ რად გინდა. ამერიკამ კიდევ იტალია გამოუშვა წაუგებელი. იაპონია, სამოას თბილისში წაქცევით, გაისად ნოემბრისთვის დავიმსახურებთ ალბათ უფრო მაღალი ეშელონიდან ვინმეს სტუმრობას.

16:33 | 26.10.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია დავამწუხრებთ.

19:04 | 26.10.2016
buratino (480)

იმედი კარგია მაგრამ რეალურად ამის შანსი 20% მგონია (თანაც თუ დასჭირდათ, მსაჯები ჩაგვძირავენ). ისე ბიჭებს ჩემი თქმა არ სჭირდებათ მაგრამ მაინც მოვუწოდებ, წნეხის გარეშე ითამაშონ და დიდი ყურადღება მიაქციონ იმათ უკანახაზელებს (განსაკუთრებით ლეიდლოუს, ბენეტს, სეიმურს და ჰოგს)

10:53 | 27.10.2016
BEERTRANCE (1073)

წესით უნდა გრძნობდნენ რო წნეხი არ ექნებათ ჩვენგან. ჩვენ მოვითხოვთ იაპონიის და სამოას დამარცხებას.

16:41 | 26.10.2016
პანტელეიმონი (1218)

ყველას გვაქვს მაგის იმედი.

0.095255