საფრანგეთი ტოპ-14

11:55 | 26.10.2016 | ნანახია 4060 - ჯერ

ზირაქაშვილის 13+3

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა, საფრანგეთის ტოპ 14-ის ლიდერ „კლერმონთან“ ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და იქ 2020 წლამდე დარჩება.

33 წლის მორაგბის სიმაღლე 179 სანტიმეტრია და 118 კილოგრამს იწონის. ის იმ მორაგბეთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც კლუბის ერთგულებით გამოირჩევა და „კლერმონი“ ერთადერთი ფრანგული კლუბია, სადაც უთამაშია. როგორც ჩანს, დათო სარაგბო კარიერას სწორედ „ვულკანებში“ დაასრულებს.

ზირაქაშვილი „კლერმონში“ 2004 წელს გადავიდა, პრაქტიკულად პირველივე დღიდან იქცა გუნდის შერკინების ლიდერად და პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა ბურჯია. განვლილ 13 სეზონში მან ამ გუნდის მაისურით 262 მატჩი ჩაატარა და 18 ლელო დადო. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა რამდენიმე ტრავმა. მან რამდენჯერმე ითამაშა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, თუმცა გამარჯვებული მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს გახდა. გარდა ამისა, მან და „კლერმონმა“ 2007 წელს ევროპის რანგით მეორე, ევროპის ჩელენჯ ქაფი მოიგეს.

მის ანგარიშზე 53 სანაკრებო კეპია და 9 ლელო დადო. „ბორჯღალოსნებში“ დათოს დებიუტი 2004 წელს, ურუგვაისთან მონტევიდეოში გამართულ მატჩში შედგა. ზირაქაშვილი ეროვნულ გუნდს შარშან, 2015 წლის მსოფლიო თასზე ნამიბიასთან გამართული მატჩის შემდეგ დაემშვიდობა. მას ნათამაშები აქვს 3 მსოფლიო თასზე - 2007, 2011 და 2015 წლებში. გარდა ამისა, ზირაქაშვილი იყო პირველი ქართველი მორაგბე, რომელიც მსოფლიო ნაკრებში გამოიძახეს (მსოფლიო ნაკრები და „ბარბაროსები“ სხვადასხვა გუნდებია) და ახალი ზელანდიის ვეტერანთან გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. ცნობისათვის, მის გარდა ქართველი მორაგბეებიდან მსოფლიო ნაკრებში მხოლოდ მამუკა გორგოძეს უთამაშია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:38 | 26.10.2016
geogoli (367)

ჩემი აზრით იჩქარა წასვლა ნაკრებიდან. დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის და წარმატებები საკლუბო კარიერაში

15:51 | 26.10.2016
tengocie (60)

ლომი ხარ ლომი. ზირაქა ნამდვილად იმსახურებს სათანადო გაცილებას ნაკრებიდან, ოღონდ საკუთარ კედლებში, თუნდაც ეხლა ნოემბრის ტესტებზე.

14:11 | 26.10.2016
buratino (480)

ზირაქა მართლა მაგარია მაგრამ ნაკრებში უკვე აღარაა და მსოფლიო სპორტი, ისიც დაწერეთ რომ ნოემბრის ტესტების ბილეთების გაყიდვა დაიწყო

14:03 | 26.10.2016
krasni (587)

ზირაქა ძალიან მაგარი გვყავს. ისე, კიდევ გამოადგებოდა ნაკრებს.

13:04 | 26.10.2016
test (124)

პარდონ, მე შემეშალა გადავიკითხე სტატია ))

13:03 | 26.10.2016
test (124)

სტატიაში შეგეშალათ ბატონო, მამუკა გორგოძის და დავით ზირაქაშვილის გარდა, დუდუ ქუბრიაშვილს და კოტე მიქაუტაძესაც აქვთ ნათამაშები.

16:37 | 26.10.2016
BEERTRANCE (1073)

დუდუს და კოტეს ბარბაროსებში აქვთ ნათამაშები.

12:27 | 26.10.2016
buratino (480)

ნამდვილი ვაჟკაცი და ქვეყნის სასიქდულო მამულიშვილი! ასწლოვანი მუხასავით უდრეკია

12:25 | 26.10.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები ზირაქ.

0.071553