საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში მე-8 ტურის თამაშები გაიმართა.
ტურის პირველ მატჩში ბექა შეყლაშვილის „ალბიმ“ ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონას“ უმასპინძლა. შეყლაშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო მირცხულავა და მის ნაცვლად 67-ე წუთზე თამაშში ვეფხვაძე ჩაერთო. მასპინძლებმა ტაიმი 16:11 მოიგეს, შესვენების შემდეგ ერთადერთი ლელო გავიდა, სტუმრებმა 63-ე წუთზე გარდასახვაც გაიტანეს და ლიდერთა შორის რჩებიან.
ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონმა“ ბექა გორგაძის „მონ დე მარსანი“ 35:14 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან მოედანზე მხოლოდ გორგაძეიყო და სრულად ითამაშა. „ნარბონი“ თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და სამი ლელოც გაიტანა, მაგრამ ერთი თავადაც გაუშვა და პრემია ვერ აიღო.
ლაშა ლომიძის „ბეზიე“ „მონტობანს“ ეწვია და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა - 23:38. ლომიძემ სრულად ითამაშა და მისმა გუნდმა ტაიმი 9:23 დათმო. მასპინძლებმა 49-ე წუთზე მესამე ლელო გაიტანეს და 33:9 დაწინაურდნენ. „მონტობანი“ პრემიასთან ახლოს იყო, 73-ე წუთზე მიღებული ლელო 2 წუთში გაქვითა, თუმცა ბოლო წუთზე მეორე ლელოც მიიღო.
შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემი“ ლიდერს, თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი მარგველანის „აჟენს“ ეწვია და დიდი ხნის განმავლობაშიმას ტოლსწორად ეომა, თუმცა დასკვნით 15 წუთში გატყდა და საბოლოოდ 23:40 დამარცხდა. მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა მჭედლიძემ, სტუმართა შორის შეუცვლელი იყო სუთიაშვილი, ოღონდ 10 წუთი 32-ე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათისთვის გაუცდა. ამ თამაშში ის „ანგულემის“ კაპიტნობდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შცვალეს სტუმართა კიდევ ერთი მესამეხაზელი თავბერიძე.
ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანი“ „კოლომიესთან“ 5:45 დამარცხდა. მარცხენა ბურჯმა ბეჟიაშვილმა მოედანზე 51 წუთი გაატარა.
გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონთან“ 13:47 დამარცხდა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკი“. მოედანზე მხოლოდ ერთი ქართველი იყო, ბურჯი ხატიაშვილი და მან მოედანზე 49 წუთი გაატარა.
ელიზბარ ყუფარაძის „დაქსმა“ „ბიარიცს“ 41:16 მოუგო და პრემიალური ქულაც აიღო. ქართველმა ბურჯმა ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.
საფრანგეთი. პრო დ2. VIII ტური
ალბი - უიონა 16:18
ნარბონი - მონ-დე-მარსანი 35:14
მონტობანი - ბეზიე 38:23
აჟენი - ანგულემი 40:23
კოლომიე - ვანი 45:5
კარკასონი - ორიაკი 47:13
პერპინიენი - ბურგუენი 45:15
დაქსი - ბიარიცი 41:16
1. | აჟენი | 8 | 6 | 1 | 1 | 213:180 | 27 | 1 |
2. | ორიაკი | 8 | 5 | 0 | 3 | 196:175 | 23 | 3 |
3. | კოლომიე | 8 | 5 | 0 | 3 | 198:133 | 22 | 2 |
4. | დაქსი | 8 | 5 | 0 | 3 | 194:198 | 22 | 2 |
5. | უიონა | 8 | 4 | 0 | 4 | 215:162 | 22 | 6 |
6. | ანგულემი | 8 | 5 | 0 | 3 | 158:163 | 21 | 1 |
7. | კარკასონი | 8 | 4 | 1 | 3 | 176:166 | 19 | 1 |
8. | პერპინიენი | 8 | 4 | 0 | 4 | 171:162 | 19 | 3 |
9. | მონტობანი | 8 | 4 | 0 | 4 | 190:163 | 18 | 2 |
10. | მონ-დე-მარსანი | 8 | 3 | 0 | 5 | 174:179 | 17 | 5 |
11. | ნარბონი | 8 | 4 | 0 | 4 | 161:188 | 16 | 0 |
12. | ბიარიცი | 8 | 3 | 0 | 5 | 184:184 | 15 | 3 |
13. | ბეზიე | 8 | 3 | 0 | 5 | 177:177 | 15 | 3 |
14. | ვანი | 8 | 2 | 2 | 4 | 151:195 | 13 | 1 |
15. | ბურგუენი | 8 | 2 | 1 | 5 | 123:204 | 12 | 2 |
16. | ალბი | 8 | 2 | 1 | 5 | 170:222 | 11 | 1 |
IX ტური. 27, 28 და 30 ოქტომბერი
უიონა - აჟენი, მონტობანი - ნარბონი, ბურგუენი - ბიარიცი, ვანი - ალბი, მონ-დე-მარსანი - კარკასონი, ანგულემი - პერპინიენი, ორიაკი - ბეზიე, კოლომიე - დაქსი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პრო დ2-ის მიმოხილვა კი კაია მაგრამ რატომ არ წერთ იმას რომ ნოემბრის ტესტების ბილეტების გაყიდვა უკვე დაიწყო?