ჩელენჯ კაპი

13:03 | 24.10.2016 | ნანახია 3704 - ჯერ

ქართველები ჩელენჯ ქაფზე: პირველები და პირველად

ევროპის მეორე დონის საკლუბო ჩემპიონატ ჩელენჯ ქაფის მეორე ტური, ქართველი ლეგიონერებისთვის გამორჩეული გამოდგა.

მესამე ჯგუფში ორი მოგების შემდეგ მოულოდნელად გალიდერდა ქართველი ლეგიონერების გუნდი, ერთმა მორაგბემ პირველად ითამაშა პირველი გუნდის შემადგენლობაში, ხოლო ერთმა ახალ გუნდთან ერთად პირველი გამარჯვება იზეიმა.

პირველ ჯგუფს ორი ლიდერი ყავს, რომელთაგან ერთი ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელია“. მეორე ტურში, ფრანგულ დერბიში „ლა როშელმა“ დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონი“ 51:24 დაამარცხა. ამ თამაშს ჩელენჯ ქაფის მეორე ტურში ყველაზე მეტი, 14 634 მაყურებელი დაესწრო და მათ ჯამში 11 ლელო იხილეს, რომელთაგან 8 მასპინძელთა ანგარიშზეა. ფრანგული გუნდები ამ ტურნირში მეორე შემადგენლობით თამაშობენ და ყაულაშვილი და ხინჩაგიშვილი ისვენებდნენ.

„ლა როშელის“ მსგავსად ორივე შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგო ინგლისურმა „გლოსტერმა“. მეორე ტურში მათ იტალიური „ბენეტონი“ მიიღეს და 9600 მაყურებელი გაახარეს. „გლოსტერმა“ მეოთხე, პრემიალური ლელოს დადება ბოლო წუთზე მოახერხა. დეკემბერში, 8 და 17 რიცხვში ლიდერები ერთმანეთთან შინ და გარეთ ითამაშებენ და ჯგუფის ლიდერიც აქ უნდა გამოიკვეთოს.

მეორე ჯგუფში ზაზა ნავროზაშვილის, გიორგი ჯავახიასა და თორნიკე მატარაძის „ლიონმა“ უელსური „ოსპრეიზი“ მიიღო, 13:31 დამარცხდა და პრემიაც გაატანა. 8 638-მა გულშემატკივარმა, პირველივე წუთებიდან სტუმართა დომინირება იხილა, რომელთაც მეთოდურად გაზარდეს სხვაობა, საბოლოოდ კარგი ანგარიშით მოიგეს და „ლიონს“ ჯგუფიდან გასვლის შანსი მნიშვნელოვნად შეუკვეცეს.

სამაგიეროდ, „ლიონის“ პირველ გუნდში ზედიზედ მეორედ ითამაშა ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა მატარაძემ, რომელიც ამჯერად შეცვლაზე 30 წუთით შევიდა. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ფრანგებმა შერკინებაში უპირატესობა მოიპოვეს და თავისი ორი ლელო 59-ე და ბოლო წუთებზე დადეს. მატარაძე თამაშში აქტიურად ჩაერთო და 30 წუთში 6-ჯერ შეუტია, რითაც ბურთი 3 მეტრით წაწია წინ და ერთხელ პასი გააკეთა. დაცვაში მან 3 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ დაჯარიმდა.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა „ნიუკასლსმა“ფრანგულ „გრენობლს“ თითო ტაიმში 4-4 ლელო დაუდო და 50:7 მოუგო. მომდევნო ორ ტურში „ლიონს“ და „ნიუკასლს“ ურთიერთშეხვედრები ელით და თუ რომელიმე გუნდი ორივე ჯახს მოიგებს, ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გაუჩნდება.

მესამე ჯგუფს, სადაც ქართველი ლეგიონერების ერთბაშად სამი გუნდი თამაშობს, მოულოდნელი ლიდერი ყავს. რუსეთის ჩემპიონმა, დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის „ენისეიმ“ ევროტურნირების სტარტზე ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო, ამჯერად უელსურ „ნიუპორტთან“ პრემიალური ქულით და სატურნირო ცხრილში უელსელებთან ერთად ფრანგული და ინგლისური კლუბებიც ჩამოიტოვა. ევროპაში უკვე იმაზეც კი საუბრობენ, რომ შესაძლოა პირველად ევროთასების ისტორიაში, რუსული კლუბი პლეი ოფში ვიხილოთ.

კრასნოდარში თამაშს მეორე ტურში ყველაზე ცოტა, 1500 მაყურებელი დაესწრო. სტუმრებმა შესვენებამდე ორი ლელო დადეს და ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ რუსებმა ორივეჯერ შეძლეს პასუხის გაცემა და ტაიმი 17:12 მოიგეს. „ნიუპორტმა“ 62-ე წუთისთვის ორი ჯარიმით კვლავ მოიპოვა ლიდერობა, თუმცა დასკვნით მეოთხედში „ენისეიმ“ სამი ლელო დადო და 38:18 იმარჯვა. შუამარბი კაჭარავა და მესამეხაზელი გაჩეჩილაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და სრულად ითამაშეს. სამწუხაროდ, მათი პირადი სტატისტიკა უცნობია.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერმა“ ფრანგულ კლუბს, კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილისა და გიორგი ცუცქირიძის „ბრივს“ 7200 მაყურებლის წინაშე უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 24:25 დამარცხდა. ფრანგებმა ტაიმი 10:7 მოიგეს, 58-ე წუთისთვის მასპინძლები 17:10 დაწინაურდნენ, თუმცა მომდევნო 13 წუთში 2 ლელო, ერთი გარდასახვა და 1 ჯარიმა გაუშვეს. „ვუსტერმა“ ბოლო წუთზე ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ამით მხოლოდ 1 პრემიალური ქულა ჩაიწერა.

რადგან ეს გუნდები ჩელენჯ ქაფზე მეორე შემადგენლობებით თამაშობენ, ბრეგვაძეს და ასიეშვილს მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს. განაცხადში არ იყო ცუცქირიძე, ხოლო ლობჟანიძე და ბეკოშვილი მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდნენ. ბურჯმა ბეკოშვილმა 42 წუთი ითამაშა და უმეტესად დაცვაში მოუწია გარჯა. მან ერთხელ შეუტია და 1 მეტრით წაწია ბურთი, ხოლო დაცვაში 8 ბოჭვა შეასრულა.

ლობჟანიძემ „ბრივის“ პირველ გუნდში მეოთხედ ითამაშა, მეორედ სასტარტო შემადგენლობაში და მასთან ერთად პირველი გამარჯვება იზეიმა. საქართველოს ნაკრების 9 ნომერმა მოედანზე 53 წუთი გაატარა და ერთხელ შეუტია, რომლის დროსაც მბოჭავი ჩამოიცილა, ხაზი სუფთად გაჭრა და 17 მეტრი ირბინა. პოზიციიდან გამომდინარე მის ანგარიშზე 31 პასია, დაცვაში 2 ბოჭვა შეასრულა და 4-ჯერ ითამაშა ფეხით. 10 დეკემბერს „ენისეი“ „ბრივს“ მასპინძლობს და ქართველ ლეგიონერებს ერთმანეთის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

უკვე ვწერდით, რომ „ბრისტოლის“ პირველ გუნდში პირველად ითამაშა გიორგი ნემსაძემ და 13 წუთში 12 მეტრი მოიგო. ამ ჯგუფს „კარდიფი“ ლიდერობს, რომელმაც „პოს“ 27:12 სძლია.

მე-5 ჯგუფში ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსემ“ რუმინულ „ტიმიშოარა-სარასენსს“ 27:0 მოუგო და პრემიალური ქულაც აიღო. ჟვანია სასტარტო შემადგენლობაში იყო, 52 წუთი ითამაშა და 3 შეტევით 8 მეტრი იარა, ერთი პასი გააკეთა და ერთხელ თერნოვერი შეემთხვა. მის ანგარიშზე 1 ბოჭვაა და ორჯერ დაჯარიმდა. შეცვლაზე 5 წუთი ითამაშა და ერთი ბოჭვის შესრულება მოასწრო მელიქიძემ.

ჯგუფს შოტლანდიური „ედინბურგი“ ლიდერობს, რომელმაც ინგლისურ „ჰარლიქუინსს“ 73-ე წუთზე დადებული ლელოთი 36:35 მოუგო. 5300-მა მაყურებელმა კარგი დრო გაატარა. ლიდერი სამჯერ შეიცვალა და ჯამში 11 ლელო გავიდა. აქედან 6 შოტლანდიელების ანგარიშზეა, ხოლო „ჰარლიქუინსმა“ ორ შემთხვევაში საჯარიმო ლელო მიითვალა. აღსანიშნავია, რომ „ედინბურგმა“ ტაიმი 31:14 მოიგო, თუმცა 66-ე წუთისთვის სამი გარდასახული ლელო მიიღო და 31:35 ჩამორჩა. მასპინძელთა გასახარად, შოტლანდიელებმა ბოლოს მაინც შეძლეს გამარჯვების ლელოს დადება.

ახლა ევროთასებზე დიდი შესვენებაა, რაც ნოემბრის სანაკრებო შეხვედრებითაცაა განპირობებული და მესამე ტურის თამაშები 8-11 დეკემბერს გაიმართება.

2016/2017 წლები. ჩელენჯ ქაფი. II ტური

I ჯგუფი

ლა როშელი (საფრანგეთი) - ბეიონი (საფრანგეთი) 51:24

გლოსტერი (ინგლისი) - ბენეტონი (იტალია) 37:8

1.

ლა როშელი

2

2

0

0

92:34

10

2

2.

გლოსტერი

2

2

0

0

84:35

10

2

3.

ბეიონი

2

0

0

2

51:98

0

0

4.

ბენეტონ ტრევიზო

2

0

0

2

18:78

0

0

8-9 დეკემბერი: გლოსტერი - ლა როშელი; ბეიონი - ბენეტონი

II ჯგუფი

ლიონი (საფრანგეთი) - ოსპრეიზი (უელსი) 13:31

ნიუკასლი (ინგლისი) - გრენობლი (საფრანგეთი) 50:7

1.

ოსპრეიზი

2

2

0

0

76:13

10

2

2.

ლიონი

2

1

0

1

52:44

5

1

3.

ნიუკასლი

2

1

0

1

50:52

5

1

4.

გრენობლი

2

0

0

2

20:89

0

0

8-9 დეკემბერი: გრენობლი - ოსპრეიზი; ლიონი - ნიუკასლი

III ჯგუფი

ენისეი (რუსეთი) - ნიუპორტი (უელსი) 38:18

ვუსტერი (ინგლისი) - ბრივი (საფრანგეთი) 24:25

1.

ენისეი

2

2

0

0

57:30

9

1

2.

ნიუპორტი

2

1

0

1

55:54

5

1

3.

ბრივი

2

1

0

1

41:61

4

4

4.

ვუსტერი

2

0

0

2

36:44

2

0

10 დეკემბერი: ენისეი - ბრივი, ვუსტერი - ნიუპორტი

IV ჯგუფი

ბათი (ინგლისი) - ბრისტოლი (ინგლისი) 22:6

კარდიფი (უელსი) - პო (საფრანგეთი) 27:12

1.

კარდიფი

2

2

0

0

60:32

9

1

2.

ბათი

2

2

0

0

47:28

8

0

3.

პო

2

0

0

2

34:52

1

1

4.

ბრისტოლი

2

0

0

2

26:55

0

0

10-11 დეკემბერი: კარდიფი - ბათი, ბრისტოლი - პო

V ჯგუფი

სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ტიმიშოარა-სარასენსი (რუმინეთი) 27:0

ედინბურგი (შოტლანდია) - ჰარლიქუინსი (ინგლისი) 36:35

1.

ედინბურგი

2

2

0

0

95:52

10

2

2.

ჰარლიქუინსი

2

1

0

1

78:57

7

3

3.

სტად ფრანსე

2

1

0

1

48:43

5

1

4.

ტიმიშოარა-სარასენსი

2

0

0

2

17:86

0

0

10 დეკემბერი: ტიმიშოარა-სარასენსი - ჰარლიქუინსი, ედინბურგი - სტად ფრანსე

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.126802