ახალი ზელანდიის ნაკრებმა „იდენ პარკზე“ ავსტრალია 37:10 დაამარცხა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ 18 გამარჯვება იზეიმა.
აქამდე რეკორდსმენები ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა იყვნენ, რომელთა ანგარიშზე ზედიზედ 17-17 მოგება იყო.
ავსტრალიასთან „ოლ ბლექსმა“ 6 ლელო გაიტანა, თუმცა ანგარიშის სხვაობა მათი თამაშის ხარისხის არ შეესაბამება და მათ წარმატებაში ავსტრალიელთა შეცდომებთან ერთად რეფერის ხელიც ურევია. „უოლაბებს“ ბევრი შანსი არ ქონიათ, მაგრამ ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და ერთი 100%-იანი ლელო რეფერიმ უსამართლოდ ჩამოართვა, ხოლო მერე ისეთი ჯარიმა გაუფუჭდათ, თავადაც რომ ვერ წარმოიდგენდნენ და თანაც ეს ყველაფერი ანგარიშის გაზრდამდე ხდებოდა.
ჯულიან სავეამ ამ თამაშში დუბლი შეასრულა, ჯამში 45 სანაკრებო ლელო მოუგროვდა და ზელანდიელ მელელოვეთა დავაში მე-4 ადგილამდე დაწინაურდა. იმის გათვალისწინებით, რომ სავეა ჯერ მხოლოდ 26 წლისაა, 45 ლელო 49 შეხვედრაში დაამიწა და საუკეთესო ზელანდიელი მელელოვეს ანგარიშზე 49 ლელოა, სულ მალე მას ქვეყანაში პირველობის შანსი ექნება.
ოკლენდში ანგარიშის გახსნის შანსი ბერნარდ ფოლის ქონდა, მაგრამ ჯარიმა გაუცუდდა. „ოლ ბლექსმა“ აფეთქებით უპასუხა, მე-5 წუთზე ბენ სმიტმა ხაზი გაჭრა და მარჯვენა კუთხეში ისრაელ დეგი დაგეზა, ხოლო 5 წუთში მეორე კუთხეში ლელო ენტონი ლინერტ-ბრაუნმა დაამიწა. ავსტრალიას გონს მოსასვლელად დრო დაჭირდა, 28-ე წუთზე დენ ჰაილეტ-პეტიმ ითამაშა კარგად, შეტევა რის ჰოგმა გააგრძელა და ლელოთი რორი არნოლდმა დაასრულა, ხოლო ფოლიმ გარდასახა. ტაიმის ბოლოს ჰოგი ფეხით ცდილობდა თამაშს, როდესაც პერენარამ დაუფარა და ლელოში შესული ბურთი დაამიწა - 15:7 პირველი ტაიმის შემდეგ.
მეორე ტაიმის დასაწყისში ფოლიმ ჯარიმით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა და 46-ე წუთზე ავსტრალიამ ლელოც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება არ დაანება. უკანა ხაზის კარგი თამაშის შემდეგ, ფლანგზე ჰენრი სპეიტი გაიქცა, თუმცა რეფერიმ ჰაილეტ-პეტი სავეასთვის გზის გადაღობვაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა და ჩასათვლელი ლელო გააუქმა. მერე დენ კოულსს შეეძლო ლელოს დადება, თუმცა მეტოქის შეცდომის შემდეგ ბურთს ფეხი რომ წაკრა, დამიწება წამის მეასედით მცველმა დაასწრო. 52-ე წუთზე ფოლის შეეძლო სხვაობის 2 ქულამდე დაყვანა, მაგრამ კარის წინიდან ბურთი ძელს გაარტყა.
ორიოდე წუთში ავსტრალიელების შეცდომით ზელანდიელებმა ისარგებლეს, კონტრშეტევას სავეა მიყვა კარგად და ლელო დაამიწა, ხოლო აარონ კრუდენმა გარდასახა. კრუდენმა ჯარიმით სხვაობა გაზარდა, ხოლო 69-ე წუთზე სავეა მარცხენა ფლანგზე ორ მბოჭავს გაექცა და დუბლი შეასრულა. 73-ე წუთზე სავეას ჰეთ-თრიკამდე ორიოდე მეტრი დააკლდა, თუმცა ამან ავსტრალიას ვერ უშველა, შებოჭილი თანაგუნდელისგან ოფლოუდი კოულსმა შეირგო და მისმა ლელომ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 37:10.
4 ნოემბერს ავსტრალია უელსს ეთამაშება, ხოლო ახალი ზელანდია სარეკორდო სვლის გაგრძელებას ირალნდიასთან ეცდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბარეტმა ივარჯიშოს დარტყმაში თორე ტეხავს ზელანდიისთვის. ტიპმა რამდენი გარდასახვა ვერ გაიტანა პროსტა.