საფრანგეთი პრო დ2

15:27 | 21.10.2016 | ნანახია 1783 - ჯერ

პრო დ2-ის VIII ტურის ანონსი

დღეს საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში მე-8 ტურის ექვსი შეხვედრა გაიმართება და ხუთ მათგანში ქართველი ლეგიონერების გუნდები ითამაშებენ. ხუთივე ეს მატჩი 22 საათზე იწყება.

ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონი“ ბექა გორგაძის „მონ დე მარსანს“ დაუხვდება. მასპინძელთა განაცხადში ქართველი ლეგიონერები არ არიან, ხოლო სტუმართა ახალგაზრდა მესამეხაზელი მოედანზე პირველივე წუთებიდან იქნება. ის მიმდინარე სეზონში მესამედაა სასტარტო შემადგენლობაში და ჯამში მეხუთე თამაშს ჩაატარებს.

სასტარტო შემადგენლობაშია „ბეზიეს“ ახალგაზრდა მესამეხაზელი ლაშა ლომიძე, რომლის გუნდიც სტუმრად „მონტობანს“ შეხვდება. ლაშა მეოთხედ იქნება ძირითადში, ჯამში მეშვიდე თამაშს ჩაატარებს და აქამდე ერთი ლელო აქვს გატანილი. მისი გუნდი ზედიზედ ორჯერ დამარცხდა და სატურნირო ცხრილის შუაში დაეშვა.

ერთბაშად სამი ქართველი იქნება მოედანზე თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძის და გიორგი მარგველანის „აჟენისა“ და შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემის“ დაპირისპირებაში. შესაბამისად, ეს შეხვედრა ქართველ ქომაგს ყველაზე მეტად დააინტერესებს, მით უმეტეს, რომ ეს გუნდები ლიდერთა შორის არიან.

წინა ტურში დაისვენა და მოედანს უბრუნდება მიმდინარე სეზონში სამი ლელოს დამდები მჭედლიძე. ტრადიციულად, სტუმართა მესამე ხაზში ვიხილავთ საქართველოს ნაკრების კაპიტანს სუთიაშვილს. პირველი ტურის შემდეგ მოედანს უბრუნდება „ანგულემის“ კიდევ ერთი ქართველი მესამეხაზელი თავბერიძე. სამივე ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაშია.

ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანი“ სტუმრად შეხვდება „კოლომიეს“. სტუმართა შორის მესამედ ითამაშებს მარცხენა ბურჯი ბეჟიაშვილი, რომელიც აქამდე ერთხელ სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო ერთხელ შეცვლაზე შევიდა. ამჯერად ის მოედანზე პირველივე წუთებიდან იქნება.

გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონი“ ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკს“ მასპინძლობს. მოედანზე მხოლოდ ერთი ქართველი გავა და ის ბურჯი ხატიაშვილია, რომელიც მესამედაა „ორიაკის“ სასტარტო შემადგენლობაში, სულ კი, მიმდინარე სეზონში მეექვსე თამაშს ჩაატარებს.

საფრანგეთი. პრო დ2. VIII ტური

21 ოქტომბერი

ნარბონი - მონ-დე-მარსანი [22:00 საათი]

მონტობანი - ბეზიე [22:00 საათი]

აჟენი - ანგულემი [22:00 საათი]

კოლომიე - ვანი [22:00 საათი]

კარკასონი - ორიაკი [22:00 საათი]

პერპინიენი - ბურგუენი [22:30 საათი]


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091316