20-წლამდელები

15:01 | 19.10.2016 | ნანახია 2675 - ჯერ

მსოფლიო რაგბის ინსპექტირების ჯგუფი საქართველოში

19 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი პირველ მოადგილე აკაკი ლოდიასთან და საქართველოს რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრ ბაჩო ხურციძესთან ერთად, მსოფლიო რაგბის ტურნირების ტექნიკურ დირექტორ საიმონ ქიბლს და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მსოფლიო რაგბის კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელ, მოედნების საფარის სპეციალისტს ჩარლზ ჰენდერსონს შეხვდა.

ინგლისელი სპეციალისტები საქართველოში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფებიან. მათი ჩამოსვლის მთავარი მიზანი კი 2017 წლის ახალგაზრდული (20 წლამდელთა) მსოფლიო ჩემპიონატისათვის მიმდინარე სამზადისის, ასევე თბილისსა და ქუთაისში დაგეგმილი სარაგბო მოედნების მშენებლობის პროცესის გაცნობაა.
2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის თბილისსა და ქუთაისში რაგბის 10 ახალი მოედანი უნდა აშენდეს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები საწვრთნელ პროცესს გაივლიან. მინისტრთან შეხვედრაზე საუბარის მთავარი თემა სწორედ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის სამზადისი და ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესრულება იყო.
20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება. თბილისსა და ქუთაისში 3 ქვეჯგუფში გადანაწილებული მსოფლის 12 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს. ახალგაზრდა ქართველ ბორჯღალოსნებს C ჯგუფში არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა, A ჯგუფში ითამაშებენ ავსტრალია, ინგლისი, სამოა და უელსი, ხოლო B ჯგუფში ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია და შოტლანდია.
ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება.
მატჩების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ >>
ტარიელ ხეჩიკაშვილი: "მსოფლიო რაგბის ინსპექტირების წარმომადგენლებთან მსგავსი სამუაშაო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საერთაშორისო ექპერტებს ინფრასტრუქტურის და ასევე ტურნირების ორგანიზების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ და მათ რჩევებს, რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ.
მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირების ჩატარების გამოცდილება ჩვენც დაგვიგროვდა და ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ. საქართველოში რაგბის სამომავლო განვითარებისათვის 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ."
საიმონ ქიბლი: "საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით ვიმყოფებით, რათა გავეცნოთ ზოგად სიტუაციას და შევამოწმოთ, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება მომავალი, 2017 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომელიც ივნისის თვეში გაიმართება. ჩვენი ინტერესის სფერო ინფრასტრუქტურული მიმართულებებია, დავათვალიერებთ როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში დაგეგმილი მოდნების მშენებლობის პროცესს და დავაკვირდებით თუ რამდენად გეგმაზომიერად განხორციელდება სამუშაოები იმისათვის რათა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს სავარჯიშოდ და სათამაშოდ საუკეთესო პირობები დახვდეთ.
ასევე გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებები აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას, იმისათვის რომ ადგილზე გაეცნონ ვითარებას, თავად იხილონ თუ როგორ არჩევანს სთავაზობს მათ საქართველო, რათა უკეთ მომზადონ მსოფლიო ჩემპიონატისათვის."

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:34 | 20.10.2016
meleksa (132)

მერე როგორი ვითარება დახვდათ, ვასწრებთ მოედნებს და ნორმალურად მასპინძლობას თუ ვერა?
ისე ინგლისი და სამხრეთ აფრიკა ამხანაგურადაც ხომარ წაგვეთამაშებიან შემთხვევით?

15:31 | 19.10.2016
geogoli (367)

კარგი იქნებოდა მაყურებელთა ინტერესი გაეთვალისწინებინათ და ქართველთა თამაშები მიხეილ მესხზე გამართულიყო. ავჭალის ტრიბუნები მსურველთა მეოთხედსაც ვერ დაიტევს. იმედია ოდესმე ეღირსება რაგბის საკუთარი დიდი სტადიონი

15:44 | 19.10.2016
BEERTRANCE (1073)

წესიერ ქვეყანაში ყველა ფედერაციაში დალაგებული ვითარებაა დაგეგმილი და სტადიონის გაზიარების პრობლემა არასდროს დგას. ჩვენსნაირ უთავბოლო ქვეყანაში მარტო.

0.127773