გასულ შაბათ-კვირას ევროპის ჩემპიონთა თასის პირველი ტურის თამაშები გაიმართა. ათი შეხვედრიდან ერთი გადაიდო, ქართველი ლეგიონერების კლუბების უმრავლესობა კი, სამწუხაროდ დამარცხდა.
მოედანზე რვა ჩვენებური გავიდა და 7 მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ლევან ჩილაჩავამ კი, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში თავისი პირველი ლელო გაიტანა.
პირველ ჯგუფში, შოტლანდიურმა „გლაზგომ“, რომელსაც ჯგუფური ეტაპი აქამდე არასდროს დაუძლევია, ინგლისურ „ლესტერს“ სარეკორდო სხვაობით მოუგო და წლევანდელი გათამაშება იდეალურად დაიწყო. ანგარიში სტუმრებმა ჯარიმით გახსნეს და მატჩის პირველი ლელო მე-20 წუთზე მოლით დადეს, თუმცა ამის შემდეგ ლელოებით მხოლოდ შოტლანდიელებმა გაიხარეს.
9-წუთიან ინტერვალში „მეომრებმა“ სამი ლელო მიითვალეს. აღსანიშნავია, რომ 14 ქულა მათ კაცნაკლულებმა აიღეს - ჯერ ლეონარდო სარტომ და მერე ფრეზერ ბრაუნმა რაქიდან შეუტიეს, ხოლო 33-ე წუთზე ჰენრი პირგოსმა გამოიჩინა თავი. „ლესტერმა“ შესვენებამდე ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 22:13 დასრულდა. 7300-მა მაყურებელმა მეორე ტაიმში ჯერ „გლაზგოს“ ორი ჯარიმა იხილა, ხოლო 68-ე წუთზე მარკ ბენეტიმ კონტრშეტევაზე მეოთხე, პრემიალური ლელო დაამიწა. სულ ბოლოს გადაცემა უკვე სარტომ ჩაჭრა და იტალიელმა დუბლი მიითვალა - 42:13.
ამავე ჯგუფში ირლანდიურ „მანსტერს“ პარიზში „რასინგთან“ უნდა ეთამაშა, თუმცა მოულოდნელად, 42 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა „მანსტერის“ მწვრთნელი ენტონი ფოლი და ეს შეხვედრა გადაიდო.
მეორე ჯგუფში 10 700-მა ინგლისელმა მაყურებელმა „უოსპსის“ 12 ლელო იხილა და მან იტალიური „ძებრე“ 82:14 გაანადგურა. სულ რაღაც 26 წუთი დაჭირდათ ინგლისელებს 4 ლელოს დასადებად, ხოლო შესვენებამდე ჯამში 6 დადეს, ორი თავადაც გაუშვეს და 42:14 დაწინაურდნენ. „ბზიკებმა“ მეორე ტაიმშიც 6 ლელო მიითვალეს, ოღონდ ამჯერად საკუთარი ლელო ხელუხლებლად შეინახეს და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს. 10 წლის წინ მათ მეორე იტალიურ კლუბ „ბენეტონთან“ 66 ქულა აიღეს და ამჯერად ეს მაჩვენებელი გააუმჯობესეს.
ვასილ კაკოვინის „ტულუზმა“ პრო 12-ის ჩემპიონ „კონახტს“ პირველი ტაიმი 21:11 მოუგო, მაგრამ 8 ათასმა მაყურებელმა მეორე ნახევარში ირლანდიელთა დაბრუნება იხილა და საბოლოოდ მასპინძლებმა 23:21 იმარჯვეს. ფრანგები 13 წუთის შემდეგ სამი ჯარიმით 9:0 იგებდნენ. ამაზე მასპინძლებმა ხანგრძლივი, 4-წუთიანი შტურმით უპასუხეს, რომლის დროსაც სტუმრები სამჯერ შეცდნენ - ორჯერ ფეხით მოედანში ცუდად მოიგერიეს ბურთი, მერე საკუთარი დერეფანი წააგეს და 85-მეტრიანი შეტევის შემდეგ ადეოლოკუნისგან ლელო მიიღეს. 30-ე წუთამდე „კონახტმა“ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და 11:9 დაწინაურდა.
შესვენებამდე იან დევიდმა და ჟან-მარკ დუსანმა ლელოები დადეს, ერთი გარდასახვა ზუსტი იყო და „ტულუზი“ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმის დებიუტში გუნდებმა გასატანი ჯარიმები გააცუდეს, 58-ე და 66-ე წუთებზე „კონახტმა“ ორი ლელო დადო, ერთი გარდასახა და გამარჯვება მოიპოვა. კაკოვინი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა, 4-ჯერ შეუტია და 8 მეტრით წაწია ბურთი წინ, ერთი პასი გააკეთა, ერთხელ თერნოვერი შეემთხვა, 10 ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა, ერთხელ კი, დაჯარიმდა.
მე-3 ჯგუფში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონი“ ჩემპიონთა თასის მფლობელს, ინგლისურ „სარასენსს“ დაუხვდა და 14 103 მაყურებლის წინაშე 23:31 დამარცხდა. მასპინძელთა შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა გორგოძემ, 12 შეტევით ამდენიმე მეტრი მოიგო, ერთხელ მბოჭავი ჩამოიცილა, 9 პასი და 4 ოფლოუდი შეასრულა, ხოლო ერთხელ თერნოვერი შეემთხვა. დაცვაში მან 10 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა, ერთი დერეფანი მოიგო და ერთხელ დაჯარიმდა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს ჩილაჩავა, რომელმაც ლელო 55-ე წუთზე გაიტანა. მან 5 შეტევით 4 მეტრი მოიგო და ერთი პასი გააკეთა, დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა, 2-ჯერ კი, დაჯარიმდა.
პირველ ტაიმში ინგლისელებმა სამი ლელო დადეს და დიდი უპირატესობა მოიპოვეს - 25:6. მეორე ტაიმში ოუენ ფარელიმ ეს უპირატესობა ჯარიმით კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო 55-ე წუთზე ჩილაჩავამ 5-მეტრიანი ხაზიდან შეუტია და მიწოლით 3 მეტრი მოიგო, ორი დარტყმის შემდეგ კვლავ მან აიტაცა ბურთი და ლელოში გადადო. 63-ე წუთზე „ტულონმა“ თავისი ნახევრიდან დაიწყო შეტევა, რომლის დროსაც გორგოძემ ორ ეპიზოდში დიდებულად ითამაშა და ის ლელოთი ბრაიან ჰაბანამ დაასრულა. ჰალფპენიმ ორივე გარდასახა და ჩამორჩენა 5 ქულამდე დავიდა - 23:28. მაგრამ იმ დღეს „სარასენსი“ უკეთესი იყო, მატჩის მიწურულს ფარელიმ ჯარიმით ანგარიში 31:23 გახადა და „ტულონს“ პრემიალური ქულაც არ შეხვდა.
ამავე ჯგუფში „სკარლეტსმა“ „სეილს“ 3 ლელო დაუდო, დუბლი კანადელმა ვან დე მერვემ შეასრულა და 28:11 იმარჯვა.
მე-4 ჯგუფში „ლენსტერმა“ 14 ათასი ირლანდიელი გულშემატკივარი 5 ლელოთი გაახარა, თავად ორი გაუშვა, თუმცა 33:15 მოგებასთან ერთად, პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მეორე მატჩში მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძის, გაგი ბაზაძისა და შალვა მამუკაშვილის „მონპელიე“, ინგლისში „ნორთჰემპტონთან“ ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით 14:16 დამარცხდა და მხოლოდ პრემიას დასჯერდა.
ამ თამაშში ერთბაშად ოთხმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა, ოთხივე სასტარტოში იყო და პირველიდა 4 ნომრის ჩათვლით, განაცხადში ეწერა: მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, დუდუ ქუბრიაშვილი, კოტე მიქაუტაძე. ნარიაშვილმა 61 წუთი ითამაშა, 5-ჯერ მიიღო ბურთი, 2 პასი გასცა და 2 მეტრი მოიგო, 2 ბოჭვა შეასრულა, ერთი გაუცუდდა და ერთხელ დაჯარიმდა. მამუკაშვილმა მოედანზე 72 წუთი გაატარა, 2 მეტრი 6 შეტევით მოიგო, დაცვაში შეასრულა 9 ბოჭვა, რაც მეორე მაჩვენებელია „მონპელიეს“ შემადგენლობაში, ერთი ბოჭვა გაუცუდდა და ერთხელ თერნოვერი გაახერხა. ის კარგად იდგა შერკინებაში და დერეფანში ბურთი 15-ჯერ ააგდო, საიდანაც მეტოქის ნადავლი მხოლოდ ერთი გახდა. ქუბრიაშვილმა 54 წუთი ითამაშა, 2-ჯერ შეუტია და ბურთი 4 მეტრით წაწია წინ, ერთხელ მბოჭავი ჩამოიცილა და ერთხელ თერნოვერი შეემთხვა. 54-ე წუთზე შეცვალეს მიქაუტაძეც.
ინგლისელები 20 წუთის შემდეგ 10:0 დაწინაურდნენ. 29-ე წუთზე „მონპელიემ“, კერძოდ ქუბრიაშვილმა, 5-მეტრა შერკინებაში ჯარიმა გამოიმუშავა და 3 ქულა აიღო, ხოლო 35-ეზე ფრანსუა სტეინმა ლელო დადო, გარდასახვა არაზუსტი იყო და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა. მეორე ტაიმის მე-9 წუთზე „ნორთჰემპტონმა“ ჯარიმა გაიტანა, რაზეც სტეინმა 58-ე და 66-ე წუთებზე ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და ფრანგები 14:13 დაწინაურდნენ. 79-ეზე ინგლისელებს ჯარიმა გაუცუდდათ, „მონპელიემ“ უხეიროდ ითამაშა, ფეხით დარტყმული მოედანში დარჩა, მერე კარიდან 32 მეტრში, გასატან პოზიციაში დაჯარიმდა და საბოლოოდ მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა.
მე-5 ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის „ალსტერი“ საფრანგეთში „ბორდოს“ 13:9 უგებდა, მაგრამ დასკვნით 6 წუთში სამი ლელოს გაშვება მოახერხა და 13:28 დამარცხდა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო.
ქართველი ლეგიონერების ერთადერთი გუნდი, რომელმაც პირველ ტურში გამარჯვება იზეიმა, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონია“, რომელმაც ინგლისში „ექსეტერს“ 10 მაყურებლის თვალწინ 5 ლელო დაუდო, 35:8 სძლია და პრემიაც ჩაიწერა. ზირაქაშვილმა პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა, უმეტესად შავი სამუშაო შეასრულა და 9 ბოჭვა მოაგროვა. უესლი ფოფანამ დუბლი შეასრულა, სტუმრებმა ტაიმი 21:3 მოიგეს და ის ერთადერთი ლელო მატჩის მიწურულს მიიღეს.
2016/2017 წლები. ჩემპიონთა თასი. I ტური
I ჯგუფი
გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) - ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) 42:13
რასინგი (საფრანგეთი) - მანსტერი (ირლანდია) გადაიდო
1. | გლაზგო უორიორსი | 1 | 1 | 0 | 0 | 42:13 | 5 | 1 |
2. | მანსტერი | 0 | 0 | 0 | 0 | 0:0 | 0 | 0 |
3. | რასინგი | 0 | 0 | 0 | 0 | 0:0 | 0 | 0 |
4. | ლესტერ თაიგერსი | 1 | 0 | 0 | 1 | 13:42 | 0 | 0 |
22-23 ოქტომბერი: მანსტერი - გლაზგო, ლესტერი - რასინგი
II ჯგუფი
უოსპსი (ინგლისი) - ძებრე (იტალია) 82:14
კონახტი (ირლანდია) - ტულუზი (საფრანგეთი) 23:21
1. | უოსპსი | 1 | 1 | 0 | 0 | 82:14 | 5 | 1 |
2. | კონახტი | 1 | 1 | 0 | 0 | 23:21 | 4 | 0 |
3. | ტულუზი | 1 | 0 | 0 | 1 | 21:23 | 1 | 1 |
4. | ძებრე | 1 | 0 | 0 | 1 | 14:82 | 0 | 0 |
23 ოქტომბერი: ტულუზი - უოსპსი, ძებრე - კონახტი
III ჯგუფი
ტულონი (საფრანგეთი) - სარასენსი (ინგლისი) 23:31
სკარლეტსი (უელსი) - სეილი (ინგლისი) 28:11
1. | სკარლეტსი | 1 | 1 | 0 | 0 | 28:11 | 4 | 0 |
2. | სარასენსი | 1 | 1 | 0 | 0 | 31:23 | 4 | 0 |
3. | ტულონი | 1 | 0 | 0 | 1 | 23:31 | 0 | 0 |
4. | სელი | 1 | 0 | 0 | 1 | 11:28 | 0 | 0 |
21-22 ოქტომბერი: სეილი - ტულონი, სარასენსი - სკარლეტსი
IV ჯგუფი
ლენსტერი (ირლანდია) - კასტრი (საფრანგეთი) 33:15
ნორთჰემპტონი (ინგლისი) - მონპელიე (საფრანგეთი) 16:14
1. | ლენსტერი | 1 | 1 | 0 | 0 | 33:15 | 5 | 1 |
2. | ნორთჰემპტონი | 1 | 1 | 0 | 0 | 16:14 | 4 | 0 |
3. | მონპელიე | 1 | 0 | 0 | 1 | 14:16 | 1 | 1 |
4. | კასტრი | 1 | 0 | 0 | 1 | 15:33 | 0 | 0 |
22-23 ოქტომბერი: კასტრი - ნორთჰემპტონი, მონპელიე - ლენსტერი
V ჯგუფი
ბორდო (საფრანგეთი) - ალსტერი (ირლანდია) 28:13
ექსეტერი (ინგლისი) - კლერმონი (საფრანგეთი) 8:35
1. | კლერმონი | 1 | 1 | 0 | 0 | 35:8 | 5 | 1 |
2. | ბორდო | 1 | 1 | 0 | 0 | 28:13 | 4 | 0 |
3. | ალსტერი | 1 | 0 | 0 | 1 | 13:28 | 0 | 0 |
4. | ექსეტერი | 1 | 0 | 0 | 1 | 8:35 | 0 | 0 |
22 ოქტომბერი: კლერმონი - ბორდო, ალსტერი - ექსეტერი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კოლელიშვილის შესახებ ამდენი ხალხი ვკითხულობთ და რა გახდა ამ ინფორმაციის მოძიება და გაზიარება?
კოლელიშვილთან დაკავშირებით რა ხდება ვინმემ იცით?