2016/2017 წლების ჩელენჯ ქაფის გახსნით მატჩში, ლონდონში „ჰარლიქუინსმა“ ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსეს“ 7 ლელო დაუდო და 43:21 დაამარცხა.
12-ათასამდე მაყურებელმა ჯამში 10 ლელო იხილა, თუმცა მასპინძლებმა თავიდანვე მოიპოვეს საგრძნობი უპირატესობა და ის ხელიდან აღარც გაუშვიათ. სპეციალისტებმა ეს მატჩი ორი 8 ნომრის - ინგლისელი ჯეიმს ჩიზემისა და იტალიელი სერჯიო პარისეს დაპირისპირებად მონათლეს და ნამატჩევს აღნიშნეს, რომ ინგლისელმა იტალიელი პირწმინდად დაჩაგრა. ეს არცაა გასაკვირი - ინგლისელმა პირველი ტაიმის მიწურულს, 5-წუთიან ინტერვალში ორი ლელო დადო.
პირველ მეოთხედში „ჰარლიქუინსმა“ სამი ლელო დაამიწა - მოლით ჯო მარლიმ, მეტოქის შეცდომით ჯო მერჩანტმა და ხელდახელ შეტევით ტიმ ვიზერმა. სეკუ მაკალუს ლელოს ჩიზემმა ორი ძალისმიერი შეტევით უპასუხა და ტაიმი 31:7 დასრულდა. 58-ე წუთზე ფრანგთა შეცდომით ვიზერმა ისარგებლა და დუბლი შოტლანდიელმაც შეასრულა, ფარნგებმა ორი ლელოთი უპასუხეს და პრემიის იმედად უტევდნენ, თუმცა ბოლოს კვლავ შეცდნენ და კონტრშეტევაზე წერტილი მარლენ იარდმა დასვა - 43:21.
ქართველმა ბურჯებმა შეცვლაზე ითამაშეს - ჟვანიამ 40 და მელიქიძემ, რომელიც ამ სეზონში პირველ გუნდში პირველად გამოჩნდა, 19 წუთი. ჟვანიამ ერთხელ შეუტია, 6 მეტრი იარა და პასი გააკეთა. მის ანგარიშზე 5 ბოჭვაა და ერთხელ დაჯარიმდა. მელიქიძის ანგარიშზე ერთი პასია და ერთხელ ფეხით ითამაშა, ხოლო დაცვაში ასევე 1 ბოჭვა შეასრულა.
20 ოქტომბერს „სტად ფრანსე“ რუმინულ „ტიმიშოარა-სარასენსს“ მასპინძლობს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამწუხაროდ ვერ ითამაშეს კარგად ჩვენმა ბიჭებმა. შერკინებაში განსაკუთრებით დაიჩაგრა სტად ფრანსე როცა ჟვანია და მელიქიძე იდგნენ. იმედია გამოასწორებენ თამაშს