საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის - პრო დ2-ის მე-7 ტური დღეს ხუთი თამაშით დაიწყება. გუშინ ლაშა ლომიძის „ბეზიე“ „პერპინიენს“ უნდა შეხვედროდა, თუმცა მატჩი კვირისთვის გადაიდო.
დღევანდელი პროგრამის 5 თამაში 22 საათზე იწყება. შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემი“ ელიზბარ ყუფარაძის „დაქსს“ უმასპინძლებს. ფედერალ 1-იდან წელს აღზევებული გუნდი მოულოდნელ ლიდერად მოგვევლინა და დღევანდელ თამაშს საქართველოს ნაკრების კაპიტანი სუთიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იწყებს.
ფედერალ 1-იდან აღზევებული კიდევ ერთი გუნდი, ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანი“ ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონს“ დაუხვდება. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ არიან.
ბექა გორგაძის „მონ დე მარსანი“ ბექა შეყლაშვილის „ალბის“ ეთამაშება. ბურჯი შეყლაშვილი მოედანზე პირველივე წუთებიდან იქნება, ხოლო მესამეხაზელი გორგაძე თადარიგშია.
ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი მარგველანის „აჟენი“ „ბურგუენს“ სტუმრად შეხვდება. მჭედლიძეს, რომელსაც ზედიზედ სამი თამაშია ლელო გააქვს, დასვენების საშუალება მისცეს. განაცხადში არც სხვა ქართველი ლეგიონერები არიან.
„კარკასონის“ სასტარტო შემადგენლობაშია ბურჯი გიორგი ნაცარაშვილი. მისი გუნდი სტუმრად „ბიარიცს“ შეხვდება.
დღის ბოლო მატჩში ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონა“ „მონტობანს“ მასპინძლობს. მასპინძელთა შორის თამაშს პირველივე წუთებიდან იწყებს მირცხულავა.
საფრანგეთი. პრო დ2. VII ტური
14 ოქტომბერი
ანგულემი - დაქსი [22:00 საათი]
ბიარიცი - კარკასონი [22:00 საათი]
ბურგუენი - აჟენი [22:00 საათი]
მონ-დე-მარსანი - ალბი [22:00 საათი]
ვანი - ნარბონი [22:00 საათი]
უიონა - მონტობანი [22:30 საათი]
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია