ინგლისის პრემიერშიპის კლუბების ხელმძღვანელები უკიდურესად უკმაყოფილონი არიან ნაკრების ვარჯიშების ინტენსივობით.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საქმის განსახილველად უკვე დაინიშნა შეხვედრა ედი ჯონსსა და გუნდის მთავარ მწვრთნელებს შორის.
გასულ კვირაში ინგლისის ნაკრების კანდიდატებს ბრაიტონში ორდღიანი შეკრება ქონდათ, რომლის დროსაც ძიუდოშიც ივარჯიშეს, რასაც საქართველოს ნაკრები უკვე წლებია იყენებს. ბრიტანელების შემთხვევაში, ჯონსის ნოვაციამ არ გაამართლა და შედეგად „უოსპსის“ ფლანკერმა სემ ჯონსმა ფეხი მოიტეხა, „ბათის“ გარემარბმა ენტონი უოტსონმა ყბა, ხოლო „ექსეტერის“ გარემარბმა ჯეკ ნოუელმა კუნთი გაიწყვიტა. ამრიგად, სამივე მათგანს გაუცდება შემოდგომის ტესტები და დიდი ხნის განმავლობაში კლუბებსაც დააკლდებიან.
მაგრამ ეს მხოლოდ ის იყო, რაც შეუნიღბავი თვალითაც ჩანდა. შეკრების შემდეგ, მორაგბეთა უმეტესობა კლუბებს სხვადასხვა სახის დაჟეჟილობებით და სისხლჩაქცევებით დაუბრუნდა, რამაც გუნდის მწვრთნელების განრისხება გამოიწვია.
„ჩემი აზრით, მორაგბე, რომელმაც შაბათს ჩემპიონატის მატჩში იბრძოლა, ორშაბათს და სამშაბათს ასეთი დატვირთვებით არ უნდა ავარჯიშო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავერევით ნაკრების მწვრთნელების საქმიანობაში, თუმცა კარგი იქნება, თუ ჩვენს მოსაზრებებსაც გაითვალისწინებენ“ - განაცხადა „ნორთჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯიმ მალინდერმა.
შეთანხმების თანახმად, რომელიც ინგლისის რაგბის კავშირმა პრემიერშიპის კლუბებთან გასულ ზაფხულში გააფორმა, ედი ჯონსს აქვს უფლება მოთამაშეები არასანაკრებო ფანჯრის პერიოდში საწვრთნელი ვარჯიშებისთვის ექვსი დღით გამოიძახოს. 2016/2017 წლის სეზონში, ავსტრალიელი სპეციალისტი სამი ორდღიანი შეკრების გამართვას გეგმავს, რომელთაგან ერთი უკვე ჩატარდა, ხოლო მეორე იანვარშია ჩანიშნული.
კლუბები პირველი მინი-შეკრების შემდეგ აბუნტდნენ. „ექსეტერის“ მთავარი მწვრთნელი რობ ბაქსტერი ნაკრების სამწვრთნელო შტაბზე გაბრაზდა, რომლებმაც სათანადოდ ვერ შეაფასეს ჯეკ ნოუელის ფიზიკური მზადყოფნა. „სარასენსის“ თავკაცმა მარკ მაკკოლმა იმაზე მიანიშნა, რომ სანაკრებო შეკრება ჩემპიონთა თასის პირველი მატჩამდე 10 დღით ადრე დანიშნეს და ამით მას გეგმები აერია.
ერთადერთი, ვინც ჯონსს გამოექომაგა „ლესტერის“ თავკაცი რიჩარდ კოკერლი აღმოჩნდა, რომელსაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ნაკრების კვართით 27 მატჩი აქვს ჩატარებული: „ყველა მოთამაშის ოცნებაა, რომ საერთაშორისო დონეზე ითამაშოს. სწორედ ამიტომ, ისინი მალავენ დაზიანებას და ითმენენ ტკივილს, რათა სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის განაცხადში მოხვდნენ. მე თავად ვიქცეოდი ასე“.
სანამ კონფლიქტი უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს, ინგლისის რაგბის კავშირმა ნაკრებისა და მწვრთნელებს შორის საგანგებო შეხვედრა დანიშნა, რათა მოხდეს შეთანხმება და არცერთი მხარე არ დარჩეს მისით უკმაყოფილო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია