გულშემატკივრის გვერდი

0:07 | 14.10.2016 | ნანახია 3498 - ჯერ

სანამ სცენაზე ვერ გამოდის სხვა
ლადო კილასონიას სპორტული ზღაპრები

დასრულდა ოთხი ერის წლევანდელი გათამაშება (ოთხი ერი ის ყოველწლიური ტურნირია, რომელშიც ახალი ზელანდიის, ავტრალიის, არგენტინის და სამხრეთ აფრიკის ნაკრები გუნდები თამაშობენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ორ წრედ შინ და გარეთ), რომელსაც ჩემი აზრით არაფერი უცნაური და ლესტერივით გამაოგნებელი არ მოუტანია მსოფლიოსთვის.

პირიქით, შეიძლება ითქვას, ზედმეტად კანონზომიერიც კი გამოვიდა. როგორც ყოველთვის ფიზიკური და უხეში იყო სამხრეთ აფრიკა; როგორც ყოველთვის საინტერესო და არასტაბილური ავტრალია: საინტერესო - საწყის ფაზებში, კობმინაციები აუტიდან, შერკინებიდან; არასტაბილური - თითქმის ყველგან; როგორც ყოველთვის (ბოლო წლებს ვგულისხმობ) მზარდი, აგრესიული და სულ უფრო და უფრო ლაღად და ტემპიანად მორაგბე არგენტინა და როგორც ყოვლთვის ყველაზე საშიში და მაგარი ახალი ზელანდია, ოღონდ ერთი განსხვავებით, მე ასეთი ზელანდია კი არა, არც ერთი სხვა რაგბის გუნდი არ მინახავს და მახსოვს მსოფლიოში.

რადგან 2016 წლის ახალი ზელანდიის ნაკრები ნამდვილად ის გუნდია, რომლის თამაშის ყურება ხომ სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება ამ გუნდის გახსენება შემდეგ, როდესაც ის დამთავრდება, ისევე, როგორც მთავრდება აბსოლიტურად ყველა დიდი გუნდი და იმპერია. ასეთი გუნდები მსოფლიოს ბევრი ახსოვს, გუნდები რომლებიც ხშირად ყველაფერს იგებენ, ხშირად კი ვერაფერს, მაგრამ მაინც ყველაზე დიდებად რჩებიან, ისეთებად, იმ მოკლე-მოკლე სიტყვებით რომ მოაღწიეს ჩვენამდე და ძაან ბევრ რამეს რომ ნიშნავს: ავსტრიის „ვუნდერთიმი“, დიდი უნგრეთი, 1974 წლის ჰოლანდია, 1970 და 1982 წლის ბრაზილია, კაპელოს „მილანი“, გუარდიოლას „ბარსელონა“, „ფიჯელი ჯადოქრები“, 1997 წლის ნიკ მალეტის სამხრეთ აფრიკა,1999 წლის ავსტრალია, 2003 წლის ინგლისი, მაგრამ ვერც ერთი აქ ჩამოთვლილი სარაგბო ნაკრებებიდან, ნაკრებებიდან, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს, მგონი ახლოს ვერ მივა იმ შავ, მბზინავ და ულამაზეს გველეშაპთან, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადია დაჰპატორნებია სარაგბო წყაროს და რომელსაც სტივ ჰენსონის ახალი ზელანდია ჰქვია.

ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: 2012 წლის შემდეგ გუნდმა 63 თამაშიდან 58 მოიგო, ორი ფრე ითამაშა და 3 წააგო. წელს კი ოთხი ერის ტურნირში ყველა თამაში შინაც და გარეთაც მინიმუმ 19 ქულის სხვაობით მოიგო, თან ვისთან?! და თუმცა სპორტში ხშირად ანგარიში თამაშს არ ასახავს, მაგრამ აქ ეგრე არ იყო.

ჰენსონის ახალმა ზელანდიამ გაანადგურა ყველა და ყველაფერში: შეტევა, დაცვა, კონტრშეტევა, რაქი, კონტრრაქი, აუტი, დაკიდებული ბურთი, პასი, ოფლოუდი და ასე დაუსრულებლად.

და რო ვუყურებ ზელანდიის ამ ნაკრებს სულ ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც დედამ მომიყვა: მეგობრისთვის უთხოვებია უდიდესი ფრანგი მოაზროვნის, ფილოსოფოსის და მწერლის მიშელ მონტენის წიგნი აღზრდის შესახებ. წასულა ის მეგობარი, მობრუნებულა რამენიმე დღეში და აღტაცებულს უთქვამს დედასთვის: ისე გასაგებად, ისე მარტივად, ლაღად და ლამაზად ეწერა ყველაფერი, როდესაც ვკითხულობდი ასე მეგონა ჩემი დაწერილი იყოო!

მეჩვენება რომ ზელანდიის ამბავიც მაგ წიგნის ამბავივითაა, უყურებ და ყველაფერი თითქოს ხელის გულზე დევს, ყველაფერი ნათელია, მარტივია, სადაა, ლამაზია და ისეთი იოლია - შენც შეძლებ! ზელანდია ხომ ერთადერთი გუნდია, რომელიც დაცვაში პრესინგს არ გეთამაშება, შეტევაში კი მარტო ჩათამაშებით გიჭრის ხაზს!

რატომ ხდება ასე? არ ვიცი.

ალბათ იმიტომ, რომ ნამდვილი ლიდერია ავსტრალიის ამჟამინდელი კაპიტანი სტივენ მური და კიდევ უფრო მაგარია არგენტინის მეზღვაურივით მოქნილხელება და ოფლოუდიანი კაპიტანი ავგუსტინ კრევი, მაგრამ სხვაა ზელანდიელი, ხაზის მოთამაშეებზე უფრო სწრაფი და მოძრავი ჰუკერი დენ კოულზი, უხეში და დაუნდობელია სამხრეთ-აფრიკელი გიგანტი ეცებესი, გაუწეველი და დიდი იმედების მომცემია არგენტინელი მატიას ალემანო, მაგრამ სხვაა ბრედლი რეტალიკი, თავისი რბილი ხელით და წამში დასკანირებული აუტით, მართლა კიროგას ეტლივით მიჰქრის შეტევაში არგენტინის რვა ნომერი ფაკუნდო ისა და „კარმანშიკივით“ იპარავს რაქიდან ბურთებს დავიდ პოკოკი, მაგრამ სხვაა კირონ რიდი, ძალიან მაგარია ბერნარდ ფოლი, კიდევ უფრო საშიშია შეტევაში ნიკოლას სანჩესი, მაგრამ სულ სხვაა ბრედლი ბარეტი და ასეა თითქმის ყველა პოზიციაზე, მოთამაშეების იქითაც, ნიჭიერი ტაქტიკოსი და მკაცრი კაცია ავსტრალიის მწვრთვნელი მაიკლ ჩეკა, ნერვიული, ცბიერი და ფანტაზიიანია არგენტინელი დენიელ ურკადი, მაგრამ სხვაა დიდი, დაფიქრებული და ყოვლეთვის მშვიდი სტივ ჰენსონი, თავისი ლითონისყურიანი პასტით, გადაშლილი მათემატიკის რვეულით და ზელანდიური სამწვრთვნელო შტაბით და რაც ყველაზე მთავარია, რაგბის ამბავში ძაან საინტერესოა ცხელსისხლიანი არგენტინა, რომელშიც უელსურმა მოსახლეობამ ჯერ კიდევ 19-ე საუკუნის ბოლოს ჩაიტანა რაგბი, მაგარია აბორიგენიანი და რაგბის ლიგიანი ავსტრალია, რომელმაც მსოფლიოს დავიდ კემპეზი, მაიკელ ელა და სტივენ ლარქემი აჩუქა, ძაან საშიში და საინტერესოა სამხრეთ აფრიკა, რომლის ალბათ ყველაზე დიდმა თაობამ, დიდი ჰერბერის თაოსნობით, აპარტეიდის გამო ვერც ერთ საერთაშორისო ტურნირში ვერ მიიღო მონაწილეობა, მერე კი ნელსონ მანდელა გამოუშვა ციხიდან, მსოფლიო თასს უმასპინძლა და მოიგო, მაგრამ სულ სხვაა ახალი ზელანდია, ქვეყანა სადაც უქმე დღეებში, ბუნებაში გასული ოჯახები, ბაბუები, ბებიები, დედები, მამები, საჭმელთან და ძირს გასაშლელ ლამაზ კუბოკრულ პლედებთან ერთად რაგბის ბურთსსაც ამოაძვრენენ მანქანების საბარგულებიდან და ეგრე ერთობიან შვილებთან და შვილიშვლიებთან ერთად.

მგონი ამიტომ თამაშობენ მაგ ქვეყანაში ისეთ რაგბის, რომელიც თითქოსდა ასეთი იოლია და რომელზეც ყველა ოცნებობს.

ამ ოცებაში კი ის შავი ულამაზესი გველეშაპი მთლიანად დაეპატრონა რაგბის წყაროს და ნებისმიერს, ვინც მიუახლოვდება, იქვე ფერფლავს.

მაგრამ ხმები დადის, გამოჩნდა ერთი ტანად პატარა და ისე კიდე ძაან დიდი და ულმობელი კაცი, ეხლა იმ ნისლით დაფარულ კუნძულზეა გამაგრებული ევროპას რომ უთხრა აუდეთ აქედანო. ჰოდა, თითოქს იმ კაცს ეთქვას მაგ შავ გველეშაპს ჩემი კუპიდონებივით ქათქათა, გულგასისხლული ბიჭებით მოვაჭრი თავსო!

თქმა ერთია, გაკეთება - მეორე, მანადე კი სცენაზე ვერ გამოდის სხვა.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1798764870341910&id=1602476556637410


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:59 | 14.10.2016
meleksa (132)

ოხ ოხ ხო ხოოო, როგორ უნდა ედი ჯონსს ზელანდიასთან გამარჯვება, გახდება კიდეც ინგლისელების სათაყვანებელი სამუდამოდ. მაგრამ ჰანსენსაც იგივე უნდა, უნდა რომ დაუმტკიცოს მთელ სამყაროს რომ ედიზე მაგარია და უფრო მაგარი ბიჭებიც ყავს.

მსოფლიო ჩემპიონატამდე თუ ხვდებიან ინგლისი და ზელანდია ერთმანეთს?

10:41 | 14.10.2016
geogoli (367)

როგორც ყოველთვის ადვილად წასაკითხად და გულზე მოსახვედრად წერ ლადო. მარტო ბრედლი ბარეტი არ მომეწონა, დანარჩენი მაგრად წერია

0.079673