ამბები

20:01 | 11.02.2016 | ნანახია 1687 - ჯერ

„მანსტერი“ „რასინგის“ სამხრეთაფრიკელით დაინტერესდა

ირლანდიური „მანსტერი“ ფრანგული „რასინგის“ სამხრეთაფრიკელი ლეგიონერით, იოჰან გუსენით დაინტერესდა, რომელსაც მგეზავისა და ფულბეკის პოზიციაზე შეუძლია თამაში.

23 წლის ნიჭიერი მორაგბე პარიზულ კლუბში 2014 წელს „ჩიტასიდან“ გადავიდა და სწრაფად შეძლო გუნდში დამკვიდრება, მაგრამ დენ კარტერის გამოჩენის შემდეგ, ახალზელანდიელ ვარსკვლავთან და ფრანგ რემი ტალესთან კონკურენციის გაწევა გაუჭირდა.

გუსენს „რასინგთან“ მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და პარიზელები მის „მანსტერში“ გაშვებას არ აპირებენ. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იოჰანი ირლანდიურ ფრანშიზში უფრო მეტად გაიხსნება და ამავდროულად, თავად „მანსტერიც“ მნიშვნელოვნად გაძლიერდება. სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებში მას 6 თამაში აქვს ჩატარებული და გუნდს 8 ქულით შეეწია. სამაგიეროდ, 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში გუსენის მონაგარი 79 ქულაა (5 მატჩში).

შეგახსენებთ, რომ „რასინგში“ საქართველოს ნაკრების ყოფილი ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი თამაშობს და ცოტა ხნის წინ გუნდმა კიდევ ერთი „ბორჯღალოსნით“, ტულონელი მამუკა გორგოძით გაძლიერების სურვილი გამოთქვა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084882