საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში სამი ტური მიილია და მას ქულათა მაქსიმუმით დიდი 10-იდან დაქვეითებული რუსთავის „ხარები“ ლიდერობს, რომელმაც სამივე მატჩი პრემიალური ქულით მოიგო.
ქუთაისში „არესის“ 53:13 ძლევის შემდეგ, რუსთაველებმა საკუთარ მოედანზე სტუ- 75:7, ხოლო პატარძეულში ვეფხვები 42:11 დაამარცხეს. ბოლო მატჩში „ხარებიდან“ ორ-ორი ლელო თაბუკაშვილმა და თეგეთაშვილმა, ხოლო თითო-თითო ბერძულმა, გოგოლაძემ და ქანდაურაშვილმა დადეს.
სამივე თამაში მოიგო თბილისის „ივერიამ“, რომელმაც პირველ ტურში „ხულიგანას“ 22:12 სძლია და პრემია ვერ აიღო, მერე კი, ქუთაისში „არესს“ 31:17 და თბილისში თიბისის 34:15 აჯობა და ორივე შემთხვევაში პრემიაც ჩაიწერა.
„ვეფხვები“ გასულ ტურამდე, „ხარებთან“ შერკინებამდე დაუმარცხებელი იყო. კახელებმა თიბისის პრემიით, 48:0 მოუგეს, ხოლო „დინამოს“ 6:5 აჯობეს. გასულ ტურში პირველ ლიგაში პირველი ფრე დაფიქსირდა და ერთმანეთს „ხულიგანა“ და „დინამო“ დაუზავდნენ - 15:15. თბილისში სტუ-ს ქუთაისის „არესმა“ პრემიით, 49:19 მოუგო. პირველ ლიგაში სტუ-ს და თიბისის ჯერჯერობით მოგება არა აქვთ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია