ტოპ 14

13:40 | 10.10.2016 | ნანახია 3780 - ჯერ

ტოპ 14 ევროთასების წინ

ევროპის წამყვანი კლუბები, მათ შორის საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენლები მომდევნო ორი კვირა ევროტურნირებში ითამაშებენ, მანამდე კი, მე-8 ტურის თამაშები მოილიეს.

შაბათ-კვირას რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის რამდენიმე საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. „მონპელიემ“ თამაში ქართული პირველი ხაზით დაიწყო - მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და დუდუ ქუბრიაშვილი. აქამდე ტოპ 14-ში ქართული პირველი ხაზი „ბრივის“ შემადგენლობაში გვინახავს. ეს მოცემულობა ერთი საათი შენარჩუნდა.

„მონპელიე“ „კასტრს“ მასპინძლობდა. გუნდებმა პირველ ტაიმში თითო ლელო გაცვალეს და მასპინძლები 19:13 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში მათ კიდევ სამი ჯარიმა გაიტანეს, ორი მიიღეს და 28:19 მოიგეს. რაც შეეხება „მონპელიეს“ ქართველ ლეგიონერებს, მწვრთნელებმა მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე დაასვენეს, ხოლო ოთხივე პირველხაზელი განაცხადში იყო.

ტოპ 14-ში პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კვაჭმა მამუკაშვილმა და მოედანზე 75 წუთი გაატარა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ის აქტიური იყო შეტევაში და ბურთით 9 მიძალებით ჯამში 15 მეტრი დაფარა, ერთი ოფლოუდი და ორი პასი შეასრულა. დაცვაში მის ანგარიშზე 8 ბოჭვაა, თუმცა ახალ სტილთან შესაგუებლად დრო სჭირდება და 6 ბოჭვა გაუცუდდა, 2-ჯერ კი დაჯარიმდა.

60 წუთი ითამაშა მარცხენა ბურჯმა ნარიაშვილმა, რომელმაც უმეტესად შავი სამუშაო შეასრულა, 4-ჯერ შეუტია და ბურთი 2 მეტრით წაწია წინ, ხოლო დაცვაში 2 ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა. ის 3-ჯერ დაჯარიმდა. ქუბრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 31-ეზე გაგი ბაზაძემ შეცვალა, ხოლო მე-60 წუთზე მოედანზე დაბრუნდა და დარჩენილი დრო ითამაშა. ჯამში 51 წუთში მან ერთხელ მიიღო ბურთი და 2 ბოჭვა შეასრულა. უკვე ვთქვით, რომ ბაზაძე შეცვლაზე 31-ე წუთზე შევიდა, 43-ეზე სინბინით დაისაჯა და მე-60 წუთზე კვლავ შეცვალეს. გაგიმ ერთხელ შეუტია, 11 მეტრი ირბინა და გზად სამი მბოჭავი ჩამოიცილა. ის ერთხელ დაჯარიმდა და მაშინაც ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ერთხელ ბოჭვა გაუცუდდა.

კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილისა და გიორგი ცუცქირიძის „ბრივი“ სტუმრად „ბორდოსთან“ 25:27 დამარცხდა. ტოპ 14-ში მეორედ ითამაშა საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა 9 ნომერმა ლობჟანიძემ. მას პირველთან შედარებით სათამაშო დრო გაუზარდეს და ამჯერად შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა. მან ერთხელ თავად შეუტია, 8 პასი შეასრულა და ერთხელაც ფეხით ითამაშა, ხოლო დაცვაში 2 ბოჭვა შეასრულა. პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა ასიეშვილმა, რომელმაც 2 შეტევით 5 მეტრი იარა, 2 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ დაჯარიმდა.

პირველ ტაიმში ერთადერთი ლელო გავიდა და ის ავსტრალიელი ადამ ეშლი-კუპერის ანგარიშზეა. „ბორდომ“ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, რაზეც სტუმრებმა 4 ჯარიმით უპასუხეს - 13:12. მეორე ტაიმის საწყის 5 წუთში „ბრივმა“ კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და 5 ქულით დაწინაურდა, თუმცა 48-ე წუთზე კიდევ ერთი ავსტრალიელისგან, ბლერ კონორისგან ლელო მიიღეს და ანგარიში გათანაბრდა. მერე მასპინძლები სამი ჯარიმით დაწინაურდნენ, 71-ე და 78-ე წუთებზე ყვითელი ბარათით ორი მორაგბე დაკარგეს, რითაც „ბრივმა“ ისარგებლა, ლელოს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და მცირედი მარცხისთვის ქართველთა გუნდს პრემია შეხვდა - 27:25.

პარიზულ დერბიში ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსე“ ჩემპიონ „რასინგთან“ ბოლო წუთზე გაშვებული ლელო-გარდასახვით 22:29 დამარცხდა. პირველი ლელო არგენტინელმა ხუან იმჰოფმა მე-11 წუთზე დადო, როდესაც უმისამართო გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 65 მეტრი ირბინა. „სტად ფრანსე“ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ტაიმის მიწრულს ლელო ჟულიენ არიასმა გაიტანა და თავისიანები 16:7 დააწინაურდა.

პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში გატანილი სამი ჯარიმით, მაქსიმ მაშენომ წონასწორობა აღადგინა, მერე მასპინძლებმა და სტუმრებმა მორიგეობით ორ-ორი ზუსტი ჯარიმა შეასრულეს, თამაშიც თითქოს ფრედ სრულდებოდა, თუმცა სულ ბოლოს „რასინგმა“ მეტოქის დაცვა გატეხა და რადგან გარდასახვაც ზუსტი იყო, „სტად ფრანსეს“ პრემიაც აღარ შეხვდა. ჟვანიამ შეცვლაზე 15 წუთი ითამაშა და ერთი შეტევით ბურთი 2 მეტრით წინ წაწია, ერთხელ კი, ბოჭვა შეასრულა.

ფრედ, 17:17 დასრულდა ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელისა“ და მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონის“ შეხვედრა. ბოლო ტურების გმირ გორგოძეს მწვრთნელებმა ჩემპიონთა თასის წინ დასვენების საშუალება მისცეს. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ჩილაჩავამ მიიღო, რომელმაც დასკვნით 40 წუთში 2-ჯერ შეუტია და 2 მეტრი მოიგო. ის ძალიან კარგი იყო დაცვაში და 9 ბოჭვა შეასრულა.

პირველი ტაიმის 3:6 წაგების შემდეგ, სტუმრები მეორე ნახევარში ავსტრალიელი კარაროს ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა 68-ე წუთზე ლელო მიიღეს და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 77-ე წუთზე ბროკ ჯეიმსის ჯარიმით „ლა როშელი“ კვლავ წინ გავიდა. გაწითლებულ დროზე პიერ ბერნარდმა შორიდან ჯარიმა გაიტანა და მატჩი 17:17 დასრულდა.

დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონი“ „გრენობლს“ ქართველი ბურჯის გარეშე ეწვია, ერთის წილ 5 ლელო გაუვა და 16:44 დამარცხდა. მასპინძლებმა პრემიალური ქულაც აიღეს.

ტრავმირებული ზაზა ნავროზაშვილისა და ახალგაზრდა გიორგი ჯავახიას გარეშე მოთამაშე „ლიონმა“ „პო“ 27:22 დაამარცხა. მასპინძლებს პრემიალური ლელოს აღების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ 66-ე წუთზე სამის საპასუხოდ ერთადერთი ლელო მიიღეს.

დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონმა“ ვასილ კაკოვინის „ტულუზს“ 29:25 მოუგო და ლიდერის პოზიცია გაიმყარა. ზირაქაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა, ხოლო კაკოვინი შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ლელო გაიტანეს, თუმცა მასპინძლებმა 2-ჯერ ჯარიმიდანაც იხეირეს და 20:12 დაწინაურდნენ. 53-ე წუთზე „ტულუზმა“ მესამელელო დადო და გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, მერე „კლერმონის“ ორ ჯარიმას შორის ერთი სტუმრებმაც გაიტანეს და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.

როგორც ზევით გითხარით, ახლა ორი კვირით ევროტურნირების დროა და ტოპ 14 29 ოქტომბერს განახლდება.

საფრანგეთი. ტოპ 14. VIII ტური

რასინგი - სტად ფრანსე 29:22

მონპელიე - კასტრი 28:19

ბორდო - ბრივი 27:25

გრენობლი - ბეიონი 44:16

ლა როშელი - ტულონი 17:17

ლიონი - პო 27:22

კლერმონი - ტულუზი 29:25

1.

კლერმონი

8

5

2

1

252:175

27

3

2.

ლა როშელი

8

4

2

2

226:179

24

4

3.

მონპელიე

8

5

0

3

204:143

23

3

4.

ტულონი

8

4

1

3

196:171

22

4

5.

ბორდო

8

5

0

3

192:186

22

2

6.

ტულუზი

8

4

0

4

170:164

19

3

7.

ბრივი

8

4

1

3

183:205

19

1

8.

რასინგი

8

4

0

4

185:200

18

2

9.

ლიონი

8

3

2

3

165:196

17

1

10.

კასტრი

8

3

1

4

198:167

16

2

11.

სტად ფრანსე

8

3

1

4

210:204

16

2

12.

პო

8

3

0

5

179:201

16

4

13.

გრენობლი

8

2

0

6

182:263

11

3

14.

ბეიონი

8

1

2

5

133:221

8

0

IX ტური. 29-30 ოქტომბერი

პო - ტულუზი, სტად ფრანსე - ლიონი, მონპელიე - ლა როშელი, ტულონი - გრენობლი, ბეიონი - რასინგი, კასტრი - ბორდო, ბრივი - კლერმონი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:49 | 10.10.2016
temuchin (431)

ვასო მგელი ხარ, მაგარი აქტიური იყავი და ბოლო ლელო შენი დამსახურებაცაა რადგან ბოლო წამამდე ვერ გაიგო მოწინააღმდეგემ ბურთს ვინ აიტაცებდა.

0.086164