კელტების ლიგა

9:21 | 10.10.2016 | ნანახია 1517 - ჯერ

პრო 12: „ალსტერი“ პირველად დამარცხდა

ირლანდიელების, უელსელების, შოტლანდიელების და იტალიელების გაერთიანებული ჩემპიონატის, გინეს პრო 12-ის 2016/2017 წლების გათამაშების მე-6 ტური განსაკუთრებული აღმოჩნდა.

2011 წლიდან დღემდე, რაც ეს ტურნირი ამ ფორმატით იმართება, ექვს შეხვედრაში პირველად დაიდო 45 ლელო, რაც პრო 12-ში შეტევითი რაგბის განვითარებაზე მეტყველებს. წინა რეკორდი 2015/2016 წლების სეზონის ბოლო, 22-ე ტურში დაფიქსირდა და მაშინ მაყურებელმა ჯამში 43 ლელო იხილა. ახალი რეკორდი დამყარდა პრემიალური ქულების კუთხითაც. ჯამში გუნდებმა 9 პრემიალური ქულა ჩაიწერეს - 6 ოთხი და მეტი ლელოს დადებისთვის და სამიც მცირედი მარცხისთვის.

ანტონ ფეიქრიშვილის „ალსტერი“, ირლანდიურ დერბიში სტუმრად ეთამაშა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „კონახტს“. „კონახტმა“ წლევანდელი სეზონი ცუდად დაიწყო და ზედიზედ სამჯერ დამარცხდა, ხოლო მეოთხე მარცხისგან, იტალიურ „ძებრესთან“ შესვენებაზე მოსულმა სეტყვამ იხსნა. სამაგიეროდ, ჩემპიონი ბოლო ორი ტურია იგებს და ამჯერად ქართველი ბურჯის გუნდს სძლია, რომელიც აქამდე დაუმარცხებელი იყო.

ფეიქრიშვილი „ალსტერის“ განაცხადში არ იყო. მასპინძლებმა პირველ ტაიმში სამი ლელო დადეს, 33-ეზე ერთი თავადაც გაუშვეს და 22:8 დაწინაურდნენ. მატჩის განახლებიდან 5 წუთში, სტუმრებმა ორი გარდასახული ლელოთი წონასწორობა აღადგინეს, თუმცა 53-ე წუთზე მეოთხე ლელო მიიღეს. 66-ე წუთამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, „კონახტმა“ 4 ლელოს დადებისთვის პრემია აიღო და 30:25 მოიგო, ხოლო „ალსტერს“ პრემია მცირედი მარცხისთვის ერგო. მიუხედავად სეზონში პირველი წაგებისა, ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე რჩება.

შოტლანდიაში „ედინბურგმა“ იტალიურ „ბენეტონს“ 7 ლელო დაუდო და 45:10 გაანადგურა.

უხვქულიანი აღმოჩნდა უელსური დერბი, რომელშიც „კარდიფი“ 22 წუთის შემდეგ სტუმრად 10:3 იგებდა, მაგრამ შესვენებამდე 4 ლელო მიიღო - 27:10. ელი ვალკერმა დუბლი შეასრულა, ხოლო მეოთხე ლელო მოლდოველმა არხიპმა დაამიწა. თამაშის განახლებიდან 5 წუთში „ოსპრეიზმა“ კიდევ 2 ლელო დადო და მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა, დასკვნით მეოთხედში კი, მაყურებელმა სტუმართა ორი და მასპინძელთა ერთი ლელო იხილა - 46:24 „ოსპრეიზის“ სასარგებლოდ.

ირლანდიურ დერბიში „ლენსტერსა“ და „მანსტერს“ შორის ყველაზე ცოტა ქულა და ლელო გავიდა. შესვენებამდე გუნდებმა თითო ლელო გაცვალეს და ტაიმი მასპინძლებმა 11:7 მოიგეს, 55-ე წუთზე მათ ლელო-გარდასახვით უპირატესობა გაზარდეს, ხოლო 68-ე წუთზე მესამე ლელო დადეს და გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტეს. 74-ე წუთზე „მანსტერმა“ ერთი ლელო-გარდასახვა გაქვითა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და პრემიაც ვერ აიღო - 25:14 „ლენსტერის“ სასარგებლოდ.

შოტლანდიური „გლაზგო“ იტალიაში „ძებრეს“ ეწვია და ბრძოლაში მოიგო, თუმცა პრემიალური ქულაც წამოიღო. პირველი ტაიმის მიწურულს 11:11 იყო, მაგრამ სტუმრებმა მასპინძლებს ლელო გასახდელში გააყოლეს და ზედ გარდასახვაც მიაყოლეს. მეორე ტაიმის საწყის 12 წუთში „გლაზგომ“ კიდე 2 ლელო დადო და 30:11 დაწინაურდა. იტალიამ თავისი მეორე ლელო 3 წუთში გაიტანა, ხოლო 74-ე წუთზე მესამედ აიღო „მეომრების“ ჩათვლის მოედანი, ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და სხვაობა 5 ქულამდე დავიდა. შოტლანდიელებმა 79-ე წუთზე ჯარიმით გამარჯვება გაინაღდეს, „ძებრემ“ გაწითლებულ დროზე ჯარიმა თავადაც გაიტანა და პრემიალური ქულა დაიბევა - 28:33.

უელსურმა გუნდებმა „სკარლეტსმა“ და „ნიუპორტმა“ ერთმანეთს 4-4 ლელო დაუდეს. „ნიუპორტმა“ მასპინძლების ადრეულ ლელოს სამით უპასუხა და 20:7 იგებდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს მეორე ლელო გაუშვა. „სკარლეტსმა“ ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა, ხოლო მე-60 და 65-ე წუთებზე ორი ლელო გაიტანა, ორივე გარდასახა და 31:20 დაწინაურდა. „ნიუპორტმა“ მეოთხე ლელო 72-ე წუთზე მიითვალა და მას შემდეგ მაყურებელს შედეგიანი შეტევა აღარ უნახავს. „სკარკლეტსმა“ 31:27 მოგებისთვის 5 სატურნირო ქულა აიღო, ხოლო „ნიუპორტმა“ 4 ლელოს დადებისთვის და მცირედი მარცხისთვის 2 პრემიალური.

ახლა პრო 12-ის გუნდებს ორკვირიანი ევროტურნირები ელის და ჩემპიონატს 28 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან.

გინეს პრო 12. VI ტური

კონახტი (ირლანდია) - ალსტერი (ირლანდია) 30:25

ედინბურგი (შოტლანდია) - ბენეტონი (იტალია) 45:10

ოსპრეიზი (უელსი) - კარდიფი (უელსი) 46:24

ლენსტერი (ირლანდია) - მანსტერი (ირლანდია) 25:14

ძებრე (იტალია) - გლაზგო (შოტლანდია) 28:33

სკარლეტსი (უელსი) - ნიუპორტი (უელსი) 31:27

1.

ალსტერი

6

5

0

1

126:81

22

2

2.

ლენსტერი

6

5

0

1

150:107

22

2

3.

ოსპრეიზი

6

4

0

2

227:90

21

5

4.

გლაზგო უორიორსი

6

4

0

2

169:120

21

5

5.

მანსტერი

6

4

0

2

157:97

19

3

6.

კარდიფი

6

4

0

2

141:141

18

2

7.

სკარლეტსი

6

3

0

3

100:103

13

1

8.

კონახტი

5

2

0

3

82:130

10

2

9.

ედინბურგი

6

2

0

4

130:142

9

1

10.

ნიუპორტი

6

1

0

5

90:139

7

3

11.

ბენეტონ ტრევიზო

6

1

0

5

72:184

4

0

12.

ძებრე

5

0

0

5

65:175

3

3

VII ტური. 28-29 ოქტომბერი

კარდიფი - სკარლეტსი, ედინბურგი - ძებრე, გლაზგო - ბენეტონი, ალსტერი - მანსტერი, ოსპრეიზი - ნიუპორტი, ლენსტერი - კონახტი

ზურა ქოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080312