ჩემპიონთა თასი

13:22 | 10.04.2016 | ნანახია 1220 - ჯერ

ჩემპიონთა თასის ინგლისური დერბები [+ვიდეო]

ჩემპიონთა თასის პირველმა ორმა მეოთხედფინალურმა შეხვედრამ, რომლებშიც ინგლისური დერბები შედგა, დაძაბულ ბრძოლებში ჩაიარა და მასპინძლებმა მხოლოდ დასკვნით წუთებში შეძლეს სტუმრების დამარცხება.

„უოსპსი“ „ექსეტერს“ 24 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ეთამაშა და ნახევარფინალისკენ გზა უკანასკნელ წუთზე, ჯიმი გოფერთის ზუსტი გარდასახვის წყალობით გაიკვალა. საწყის მეოთხედში მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის 22-ში ფაზურმა შეტევებმა შედეგი რომ ვერ მოიტანა, გოფერთიმ ორი ჯარიმა გაიტანა - 6:0. „ექსეტერმა“ ტაიმის მიწურულს, 4-წუთიან ინტერვალში ტომას ველდრუმის დუბლით უპასუხა. პირველ ჯერზე სტუმრებმა დერეფნიდან მოლი ააგორეს და ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთეს, ხოლო 36-ე წუთზე ველდრუმმა მოედნის ცენტრში მასპინძელთა შეცდომით ისარგებლა, გადაცემა ჩაჭრა და სიჩქარე აკრიფა, ლელოდან 5 მეტრში ის შებოჭეს, თუმცა „ექსეტერის“ 8-იანი ინერციით ლელოში მაინც შეცურდა. გარეთ სტეენსონმა ორივე გარდასახა - 6:14.

თამაში რომ განახლდა ძმებმა პიუტაუებმა პირველი ლელო შექმნეს - ჩარლიმ ხაზი გაჭრა და დენ რობსონს უპასა, მან ბურთი ფეხით მარცხნივ შეაგორა, სადაც სიალე პიუტაუმ მცველს დაასწრო. მაგრამ ხუთიოდე წუთში ჰარი უილიამსმა კარის წინ წარმოქმნილი რაქიდან ბურთი რომ აიტაცა და შეუტია, ვერავინ შეაჩერა და „ექსეტერმა“ მესამე ლელო დადო. სტეენსონმა ზუსტ გარდასახვას 58-ე წუთზე ჯარიმა მიაყოლა და 24:11 სტუმრების სასარგებლოდ.

„უოსპსი“ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუმცა სიალე პიუტაუმ ფრენკ ჰალაის დროულად უპასა და მისი ლელო გოფერთიმ გარდასახა - 6-ქულიანი ჩამორჩენა და სათამაშოდ 15 წუთი რჩებოდა. წამზომი ბოლო წამებს ითვლიდა, როდესაც ჩარლი პიუტაუმ ლელოდან 15 მეტრში მაღალ სიჩქარეზე მიიღო ბურთი, ორ მცველს გვერდი აუარა და ლელოში შეცურდა. ახლა ჯერი გოფერთიზე იყო, სტადიონი გაიტრუნა, დამრტყმელმაც ნერვები მოთოკა და სანამ ბურთი ძელებსშუა გაივლიდა ხელები აღმართა, რადგან დარტყმისთანავე თავის სიზუსტეში დარწმუნდა - 25:24.

მეორე მატჩში „სარასენსი“ „ნორთჰემპტონს“ მასპინძლობდა და ოუენ ფარელის ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა მერე მოედანზე კაცნაკლული დარჩა და სტუმრები გააქტიურდნენ. ლელოში შესულ ჯეიმი ელიოტს დამიწებამდე წამით ადრე ბურთი დაუვარდა, თუმცა მე-16 წუთზე კენ პისიმ სტუმრების დაწინაურება მაინც შეძლო. ამის შემდეგ ფარელისა და სტეფან მილერის დუელი გაჩაღდა, „ნორთჰემპტონმა“ ტაიმი 10:6 მოიგო, ხოლო დასკვნითი მეოთხედის წინ 13:9 იგებდა.

62-ე წუთზე ფარელიმ მორიგი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, 68-ე წუთზე კი, შეტევების მოგერიებით სტუმართა დაცვა მოიქანცა, კრის ეშტონმა ლელოს სიახლოვეს ხაზი მარტივად გაჭრა და ჩათვლის მოედანში შეფრინდა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ, 75-ე წუთზე ფარელიმ ჯარიმა გაიტანა, თითქოს ეს არ კმაროდა, თამაშის განახლებისთანავე შეცვლაზე შესულმა ჰანრაჰანმა საკუთარ 22-ში ბავშვური შეცდომა დაუშვა, ჯერ დანკან ტეილორის მარწუხში აღმოჩნდა, მერე ბურთი უმისამართოდ მოისროლა და კრის უაილსმა ის ლელოში მშვიდად დაამიწა. ფარელიმ ესეც გარდასახა. დრო უკვე გაწითლებული იყო, როდესაც „ნორთჰემპტონმა“ თავისი მეორე ლელო გაიტანა და გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა, თუმცა ამით ჯამში მისთვის არაფერი შეცვლილა - 29:20 „სარასენსის“ სასარგებლოდ.

უოსპსი - ექსეტერი

სარასენსი - ნორთჰემპტონი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097536