გასულ კვირაში მურად ბუჯელალმა „ტულონიდან“ წასვლა დააანონსა და როგორც ჩანს, კლუბის გასხვისება მყარად აქვს გადაწყვეტილი.
ალჟირელი ბიზნესმენი „ტულონში“ 2006 წელს მივიდა და მის აღორძინებაში და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ამ 10 წლის განმავლობაში გუნდმა თითოჯერ მოიგო ტოპ 14 და ევროპის ჩელენჯ ქაფი, ხოლო სამჯერ დაუფლა ჩემპიონთა და მის წინამორბედ „ჰაინეკენის“ თასს.
გასულ კვირაში ბუჯელალმა თქვა, რომ კლუბმა გადაღალა, რამაც გულშემატკივრებში იმედგაცრუება გამოიწვია და მათ ონლაინ-პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომლითაც პრეზიდენტს დარჩენას თხოვენ.
და მაინც, La Parisien-თან ინტერვიუში კომიქსების მაგნატი დარჩენაზე კი არა, მომავალი შეთანხმების ფინანსურ დეტალებზე საუბრობს. მან განაცხადა, რომ კლუბში 7 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და აქციების 51%-ს, რომელსაც ის ფლობს, 10-იდან 14 მილიონის ფარგლებში გაყიდის. თუმცა, ამ თანხის გადახდა „ტულონის“ შესაძენად საკმარისი არაა და ბუჯელალი იმასაც ამბობს, რომ მხოლოდ ისეთ ადამიანთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც კლუბს კიდევ უფრო წინ წაიყვანს.
შეგახსენებთ, „ტულონში“ მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და ბადრი ალხაზაშვილი თამაშობენ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია