4 ერი

14:26 | 2.10.2016 | ნანახია 2812 - ჯერ

„ოლ ბლექსს“ პრემიისთვის 12 წუთი ეყო [+ვიდეო]

ახალი ზელანდიის ნაკრებმა არგენტინას პირველი ტაიმის დასკვნით 12 წუთში 4, ხოლო მატჩის განახლებიდან 5 წუთში მე-5 ლელო დაუდო და „რაგბი ჩემპიონშიპის“ წლევანდელ გათამაშებაში ზედიზედ მე-5 პრემიალური გამარჯვება მოიპოვა - 36:17.

მთლიანობაში, მატჩის ბედი პირველი ტაიმის დასკვნით 4 წუთში გადაწყდა, როდესაც „ოლ ბლექსმა“ სამი ლელო დაამიწა. მასპინძლები მეტოქის ექსპერიმენტალურ შემადგენლობას უძლიერესი კრებულით დახვდნენ, თუმცა როდესაც ახალ ზელანდიაზე ვსაუბრობთ, აქ ექსპერიმენტებზე და მეორე შემადგენლობაზე ყურადღების გამახვილება დაუშვებელია. სტუმართაგან ლელოები ენტონ ლინერტ-ბრაუნმა, რაიან კროტმა, დენ კოულსმა, ტი-ჯეი პერენარამ და ბენ სმიტმა დაამიწეს. არგენტინამ ფაკუნდო ისასა და ხოაკინ ტუკულეტის გვიანი ლელოებით უპასუხა, თუმცა საერთო ჯამში ამას არაფერი შეუცვლია.

სტუმრები ბოდენ ბარეტის ადრეული ჯარიმით დაწინაურდნენ, 28-ე წუთზე 5-მეტრიან ზონაში რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ლინერტ-ბრაუნს მიუვიდა, ახლოდან ხაზი გაჭრა და ბოჭვის მიუხედავად დაამიწა; 35-ე წუთზე არგენტინამ ლელოდან 5 მეტრში საკუთარი დერეფანი წააგო, ზელანდიელები სწრაფად გადაეწყვნენ და ლინერტ-ბრაუნის ოფლოუდის შემდეგ ლელო კროტიმ დაამიწა; 38-ე წუთზე არგენტინელებს ფეხით თამაშისას დაუფარეს, ბურთთან პირველი იზრაელ დეგი გაჩნდა და ლინერტ-ბრაუნის პასის შემდეგ ლელოში კოულსი შევიდა, ხოლო შესვენებისთვის განკუთვნილი ხმოვანი სიგნალის ფონზე, საკუთარი 22-იდან ხელდახელ განხორციელებული სწრაფი შეტევა ლელოთი პერენარამ დაასრულა - 29:3.

მეორე ტაიმის დებიუტში ლინერტ-ბრაუნმა ერთხელაც გაიბრწყინა და კიდევ ერთი სალელოვე პასის ავტორი გახდა - მან ფლანგზე, მოკლე მანძილზე ორი მბოჭავი აირიდა და ბენ სმიტს გადაცემა არ დაუგვიანა. 57-ე წუთზე არგენტინელთა შერკინება მეტოქისას მოერია, 5 მეტრით უკან დაახევინა და ბურთი ისამ, ხოლო 77-ე წუთზე ფეხით ჩაკიდებული ტუკულეტმა დამიწა.

ამრიგად, ზელანდიას 5 თამაშის 25 ქულა აქვს და ერთ კვირაში სამხრეთ აფრიკაში ეცდება ტურნირი ქულათა მაქსიმუმით დაასრულოს, ხოლო არგენტინა ავსტრალიას დაუხვდება და თუ საჭირო სხვაობით აჯობა, მას მესამე ადგილიდან ჩამოაქვეითებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:41 | 04.10.2016
პანტელეიმონი (1180)

არაამქვეყნიური სილამაზის თამაში ახალი ზელანდიელების შესრულებით ! ! !

16:14 | 03.10.2016
lobjana86 (3)

Eseni adamianebi ar arian

10:50 | 03.10.2016
BEERTRANCE (1073)

მესამე შემადგენლობით მაინც გამოვიდენ რა.

23:24 | 02.10.2016
dede (85)

სულ გაგიჟდნენ ესენი

0.109602