ჩელენჯ კაპი

11:06 | 10.04.2016 | ნანახია 1157 - ჯერ

ჩელენჯ ქაფზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ფრანგული „მონპელიესა“ და უელსური „ნიუპორტის“ შემდეგ, 2015/2016 წლების ჩელენჯ ქაფის ნახევარფინალში თამაშის უფლება ინგლისურმა „ჰარლექუინსმა“ და კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა, „გრენობლმა“ მოიპოვა.

პირველი ორი თამაშის მსგავსად, ეს შეხვედრებიც დაძაბული გამოდგა და ბრძოლები უკანასკნელ წუთებამდე გაგრძელდა. ინგლისურ დერბის „ჰარლექუინსა“ და „ლონდონ აირიშს“ შორის 10 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. ინგლისის პრემიერშიპის აუტსაიდერი ევროთასის ნახევარფინალში გასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ დენი ქერის ვერაფერი მოუხარხა, პირადად მისგან სამი ლელო გაუშვა და ბედს შეეგუა - 38:30 „ჰარლექუინსის“ სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ ქერისთვის ეს პირველი ჰეთ თრიკია სარაგბო კარიერაში.

მასპინძლებს მძლავრი დასაწყისი ჰქონდათ და ჯორჯ ლოუსა და მერლანდ იარდის კარგი თამაშის შემდეგ, შეხვედრის პირველი ლელო ლუკ უოლასმა ჩაიწერა. „აირიშმა“ ჯარიმით უპასუხა, ტაიმის შუაში კი, ქერიმ მაკკიბინის გრძელი გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა. მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 27-ე წუთზე სტუმრებმა თავისი პირველი ლელო მიითვალეს, გარდასახეს და 5 წუთში გატანილი ჯარიმით, პირველად დაწინაურდნენ - 16:15.

„ჰარლექუინსმა“ ჯარიმითვე ლიდერობა შესვენებამდე დაიბრუნა, მაგრამ თამაშის განახლებიდან 10 წუთში ორი ლელო გაუშვა. „აირიშმა“ ეს მონაკვეთი მაღალ დონეზე ჩაატარა და ბრენდან მაკკიბინისა და მეიტლენდის ლელოებს ზუსტი გარდასახვები მოყვა, რის შემდეგაც სტუმრებმა 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს [18:30]. მაგრამ სათამაშოდ მთელი ნახევარი საათი რჩებოდა. ამასთან, „ლონდონ აირიშმა“ ეიფორიიდან გამოსვლა ვერ მოასწრო, როდესაც ქერისგან მეორე ლელო გაუშვა და სხვაობა 7 ქულამდე დავიდა. საათის თავზე დუბლი უოლასმა მიითვალა და მართალია გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ბენჟამინ ბოტიკამ მასპინძლებს ლიდერობა 71-ე წუთზე გატანილი ჯარიმით დაუბრუნა, სამიოდე წუთში კი, ქერიმ ჰეთ თრიკი შეასრულა და ბოტიკამ გარდასახვით წერტილი დასვა - 38:30.

თითქმის მსგავსი სცენარით წარიმართა მატჩი საფრანგეთში, რომელსაც 14 ათასი მაყურებელი დაესწრო და საწყის ნახევარ საათში მათ სტუმრების სამი ლელო იხილეს. ადეოლოკენმა დუბლი შეასრულა, ერთი ლელო ჰენშოუმ გაიტანა და ირლანდიელები 19:3 იგებდნენ, მაგრამ დასკვნით 8 წუთში ჯონათან ვიშნევსკისგან ლელო, გარდასახვა და ორი ჯარიმა მიიღეს, რის შემდეგაც ტაიმი მხოლოდ 19:16 მოიგეს.

თამაში რომ განახლდა „კონახტმა“ ჰელის ლელოთი და შენ ოლერის გარდასახვა-ჯარიმით უპირატესობა კვლავ სოლიდური გახადეს [16:29], თუმცა „გრენობლი“ პირველი ტაიამის გამოცდილების ფონზე არ გატყდა და დასკვნითი მეოთხედი მძლავრად ჩაატარა. დუპონმა 61-ე და დიაბიმ 69-ე წუთებზე ლელოები დადეს, ვიშნევსკიმ ორივე გარდასახა და მასპინძლები 30:29 დააწინაურა. სტუმრებმა ჯარიმით უპირატესობა დაიბრუნეს, თუმცა 75-ე წუთზე ვიშნევსკიმ უკვე არეკნი შეაგდო და „გრენობლმა“ 33:32 გამარჯვებით ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ამრიგად, აპრილის ბოლოს ჩელენჯ ქაფის ნახევარფინალში „ჰარლექუინსი“ „გრენობლს“, ხოლო „მონპელიე“ „ნიუპორტს“ უმასპინძლებს და წყვილებს შორის გამარჯვებულები ერთმანეთს თასისთვის 13 მაისს, ლიონში შეერკინებიან.

2015/2016 წლების ჩელენჯ ქაფი. მეოთხედფინალები

სეილ შარქსი [ინგლისი] - მონპელიე [საფრანგეთი] 19:25

გლოსტერი [ინგლისი] - ნიუპორტი [უელსი] 21:23

ჰარლექუინსი [ინგლისი] - ლონდონ აირიში [ინგლისი] 38:30

გრენობლი [საფრანგეთი] - კონახტი [ირლანდია] 33:32

ნახევარფინალები. 22-24 აპრილი

ჰარლექუინსი - გრენობლი

მონპელიე - ნიუპორტი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.123067