4 ერი

12:49 | 2.10.2016 | ნანახია 1814 - ჯერ

სამხრეთ აფრიკა გამარჯვების გზას დაუბრუნდა [+ვიდეო]

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა „რაგბი ჩემპიონშიპის“ მე-5 ტურში ავსტრალია დამსახურებულად, 18:10 დაამარცხა და სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

მანამდე „ბოკე“ არგენტინასთან და მერე ზედიზედ ორჯერ ახალ ზელანდიასთან დამარცხდა. პრეტორიაში შეხვედრის ერთადერთი ლელო მათ ჩათვლის მოედანში სკოტ სიომ დაამიწა, თუმცა მორნი სტეინის ფეხჩუბინობამ გამარჯვება მასპინძლებს დაუბევა. შედეგად, სამხრეთ აფრიკამ ავსტრალიას მეორე საპატიო ადგილი ჩამოართვა და დასკვნით ტურში მის შენარჩუნებას ეცდება, თორემ პირველობა ახალმა ზელანდიამ ჯერ კიდევ მე-4 ტურის შემდეგ ოფიციალურად დაიბევა.

ზემოთ ვთქვით, რომ „ბოკეს“ გამარჯვება დამსახურებული იყო, თუმცა მათ თამაშში გარკვეული კითხვის ნიშნები მაინც იყო. „უოლაბები“ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და დროის უმეტესი ნაწილი მეტოქის ნახევარზე გაატარეს. გარდა ამისა, აფრიკელთა თავკაცი შეცდა სათადარიგოების შერჩევისას, რადგან სკამზე 6 მორკინალი და მხოლოდ ორი უკანახაზელი დასვა. მასპინძლებმა ტრავმის გამო ჯესი კრილი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში დაკარგეს, ხოლო შესვენების შემდეგ იმავე მიზეზით ბრაიან ჰაბანა და რუდი პეიჯი გამოაკლდა. შედეგად, დასკვნით მეოთხედში იაკობ კრილს პოზიციის შეცვლა მოუწია, თუმცა სამხრეთ აფრიკამ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და დაცვაში კარგი თამაშით სასურველი შედეგი დააფიქსირა.

ანგარიში მე-4 წუთზე მორნი სტეინმა არცთუ მარტივი პოზიციიდან არეკნით გახსნა. 3 წუთში უილ გენიამ მეტოქის 22-თან გაჭრა ხაზი და ბერნარდ ფოლიმ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო მე-14 წუთზე ჰუპერმა ლამაზად გაჭრა ხაზი, იქვე რის ჰოჯმა ითამაშა ჭკვიანურად და ორიოდე ფაზის შემდეგ სკოტ სიომ ძელებსშუა დაამიწა. გარდასახვა რა თქმა უნდა ზუსტი იყო, პასუხად სტეინმა 43 მეტრიდან ჯარიმა ძელის გავლით გაიტანა, ხოლო 34-ე წუთზე ჰაბანა ფლანგზე თავისი მორიგი ლელოსთვის გაიქცა, ბურთი ფეხით გადაიკიდა და მას ისრაელ ფოლაუ შეეჯახა. შედეგად, ავსტრალიელთა ფულბეკი სინბინში გაუშვეს, ხოლო სტეინმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 9:10.

უკვე გაწითლებულ დროზე სტეინმა გუნდს მორიგი 3 ქულა შემატა და მასპინძლებს ტაიმი 12:10 მოაგებინა. მეორე ტაიმის 35-მა წუთმა უქულოდ ჩაიარა, მერე ავსტრალია რაქში დაჯარიმდა და სტეინის დარტყმა კვლავ უნაკლო იყო, ხოლო 79-ე წუთზე აფრიკელთა მგეზავმა არეკნი 40 მეტრიდან შეაგდო და „ბოკეს“ გამარჯვება დაუბევა. ამრიგად, ავსტრალიამ ამ თამაშში მთელი 65 წუთი უქულოდ ითამაშა, რაც მათ ტერიტორიულ უპირატესობას აფერმკრთალებს, ხოლო სტეინმა საკუთარი ოსტატობა ერთხელაც დაადასტურა და გუნდს 18-ივე ქულა შესძინა.

2016 წლის „რაგბი ჩემპიონშიპის“ დასკვნით ტურში სამხრეთ აფრიკა ახალ ზელანდიას მასპინძლობს, ხოლო ავსტრალია არგენტინაში მიემგზავრება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097574