ჭაბუკთა "ბ"

10:31 | 1.10.2016 | ნანახია 4205 - ჯერ

ჭაბუკთა „ბ“ ლიგა: ისევ ქუთაისური ფინალი?

დიდია ალბათობა იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატის „ბ“ ლიგაში, შარშანდელის მსგავსად ქუთაისური ფინალი გაიმართოს.

დასკვნითი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, უკვე გამოიკვეთა ის ოთხეული, რომლებიც მედლებისთვის იბრძოლებენ, თუმცა რომელი გუნდები რომელი ხარისხის მედალს გაითამაშებენ, ეს სავარაუდოდ მხოლოდ დასკვნითი ტურის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ნ“ ჯგუფს ქუთაისის „ბაგრატი“ ლიდერობს, რომელმაც ოთხივე თამაში მოიგო, აქედან სამი პრემიალური ქულით და მათ შორის უახლოეს მდევართანაც. შედეგად, ის 19 ქულით პირველ ადგილზეა და „იუნკერები ჩოხოსნებს“ 5-ით უსწრებს, რომელმაც „ბაგრატთან“ მატჩის გარდა, ყველა მოიგო და 14 ქულა აქვს. გასულ ტურში ქუთაისელებმა რუსთავის „ხარებს“ 41:5, ხოლო „ჩოხოსნებმა“ ფოთის „კოლხ რაინდებს“ 59:7 მოუგეს. მომდევნო კვირაში „ბაგრატი“ ფოთელებს მასპინძლობს, „იუნკერები ჩოხოსნები“ რუსთავში მიემგზავრება, ხოლო 13, ან 14 ოქტომბერს, ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან.

„ო“ ჯგუფში დაუმარცხებელი „ლელო 1“-ია და 19 ქულით პირველ საფეხურზეა. მას 4 ქულით ჩამორჩება ქუთაისის „აია 1“. გასულ ტურში ორივე გუნდმა მშრალად მოიგო - პირველმა „არმაზთან“ 52:0, ხოლო მეორემ წყალტუბოს „დინოზავრთან“ 77:0. მომავალ კვირაში ქუთაისელები „არმაზს“ შინ ხვდებიან, ხოლო თბილისელები წყალტუბოში მიდიან. მთავარი თამაში აქაც 13-14 ოქტომბერსაა და ფინალისთვის ბრძოლაში „ლელო 1“ „აია 1“-ს თბილისში დაუხვდება. პირველ წრეში თბილისელებმა ქუთაისში 10:9 მოიგეს და თუ არ ჩავთვლით მოედნის უპირატესობას, ურთიერთშეხვედრებში სხვაობა უმნიშვნელოა.

მოკლედ, ველოდებით ორი კვირა და ჯგუფის გამარჯვებულები ერთმანეთში ოქროსთვის იბრძოლებენ, ხოლო მეორეადგილოსნები ბრინჯაოს გაითამაშებენ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088297