ზე-18

23:00 | 9.04.2016 | ნანახია 1119 - ჯერ

ჩემპიონი ბრისბენში დაეცა (+ვიდეო)

სუპერ რაგბის მოქმედი ჩემპიონი ახალზელანდიური „ჰაილენდერსი“ ბრისბენში ადგილობრივ „რედსთან“ მინიმალური სხვაობით, 27:28 დამარცხდა.

არადა, აშკარა ფავორიტად „ჰაილენდერსი“ ითვლებოდა - გავლენიანი გამოცემა planetrugby.com „მთიელებს“ ათი ქულით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დღემდე „რედსს“ წლევანდელ სეზონში ერთი მოგებაც კი არ ჰქონდა, „ჰაილენდერსი“ კი, ზედიზედ ხუთი მოგებით იწონებდა თავს.

„სანკორპ სტედიუმზე“ შეკრებილმა მაყურებელმა ორი რადიკალურად განხვავებული ტაიმი იხილა: პირველ ნახევარში მასპინძლები დომინირებდნენ, ხოლო მეორეში სრული უპირატესობა „ჰაილენდერსმა“ იგდო ხელთ.

მატჩის პირველი ლელო მე-3 წუთზე „წითლებმა“ დადეს, მათ კარგად შეუტიეს, მეტოქის ოცდაორში შევიდნენ და ბურთი მარჯვენა ფლანგზე ჩაათამაშეს, სადაც მღლეტავმა ლიამ გილმა იყოჩაღა და ლელოში შეფრინდა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს: მე-16 წუთზე ფრისბიმ, ხოლო 35-ე წუთზე კერევიმ შეძლეს ხუთ-ხუთი ქულის მითვლა, ორივეჯერ ჯეიკ მაკინტერმა ზუსტად გარდასახა. 25-ე წუთზე მანვე არეკნის გატანაც შეძლო. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ მხოლოდ ორი ჯარიმა გაიტანეს და პირველი ტაიმი „რედსმა“ 22:6 მოიგო.

როგორც აღვნიშნეთ, მეორე ტაიმი რადიკალურად განხვავებული იყო. „რედსის“ მგეზავ მაკინტერის ორი ჯარიმის შემდეგ, ქულებს მხოლოდ „მთიელები“ ითვლიდნენ. 59-ე, 69-ე და 71-ე წუთებზე ლელოები აარონ სმიტმა, მალაკაი ფეკიტოამ და ლიამ საპოაგამ დადეს, სამივე ლელო ამ უკანასკნელმა გარდასახა. თუმცა, ეს 12-წუთიანი გმირობა საკმარისი არ აღმოჩნდა და მატჩი „რედსის“ გამარჯვებით დასრულდა. შვიდ შეხვედრაში „ჰაილენდერსს“ ხუთი მოგება და ორი მარცხი აქვს, „რედსისთვის“ კი, ეს პირველი გამარჯვება იყო - მან ოთხი მატჩი წააგო და ერთი ფრედ ითამაშა.

კვლავ მარცხდება არგენტინული „იაგუარსი“ და მათ ცხრილში მხოლოდ ერთი მოგება დარჩათ. ამერიკელები ახალ ზელანდიაში „ჰარიქეინსს“ ეწვივნენ და 22:40 დამარცხდენენ.

სამხრეთაფრიკულ დერბიში კი, „შარქსმა“ მოულოდნელად საკუთარ მოედანზე 9:24 დათმო შეხვედრა „ლაიონსთან“. ამ უკანასკნელმა საქმე პირველ ტაიმშივე მოამთავრა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085586