ჩელენჯ კაპი

11:25 | 29.09.2016 | ნანახია 4325 - ჯერ

მიხეილ გაჩეჩილაძე ჩელენჯ ქაფზე ითამაშებს

ბოლნისის „ყოჩების“ მესამეხაზელი, საქართველოს 7-კაცა ნაკრების მორაგბე მიხეილ გაჩეჩილაძე, კრასნოიარსკის „ენისეის“ მეორე დონის ევროტურნირზე, ჩელენჯ ქაფზე დაეხმარება.

„აკადემიას“ აღზრდილი მორაგბე წლების განმავლობაში საფრანგეთში, ფედერალ 1-ის კლუბებში წარმატებით თამაშობდა და „მზარდი საქართველოს“ შემადგენლობაშიც ითამაშა. 2015 წლის ზაფხულში ის სამშობლოში დაბრუნდა და მომავალი ბოლნისის „ყოჩებს“ დაუკავშირა, თუმცა მაშინვე არ გამოირიცხა, რომ სათანადო წინადადების მიღების შემთხვევაში, კარიერას უფრო მაღალ დონეზე გააგრძელებდა.

ლოდინი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, ამასობაში გაჩეჩილაძემ 7-კაცა ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი, ახლა კი, მას დავით კაჭარავას „ენისეიდან“ დაუკავშირდნენ. 25 წლის მორაგბე რუსეთში 1 ოქტომბერს ჩავა. ამ დღეს სუპერ-ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩია, რის შემდეგაც გუნდი უკვე ორი ქართველით შეუდგება ევროთასებისთვის მზადებას.

გაჩეჩილაძეს რუსულ კლუბთან ამ ეტაპზე 4-თვიანი კონტრაქტი აქვს. ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპი იანვარში სრულდება და მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე ამის შემდეგ დაფიქრდებიან. „ენისეი“ ჯგუფური ეტაპის პირველ სამ თამაშს რუსეთის სამ სხვადასხვა ქალაქში გამართავს, რაც ბუნებრივი პირობებითაა განპირობებული. 15 ოქტომბერს ის მოსკოვში ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერს“ დაუხვდება, 22 ოქტომბერს უელსურ „ნიუპორტს“ კრასნოდარში მიიღებს, ხოლო 10 დეკემბერს კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილისა და გიორგი ცუცქირიძის „ბრივს“ სოჭში უმასპინძლებს. განმეორებითი, გასვლითი შეხვედრები 16 დეკემბერს და 2017 წლის 14 და 21 იანვარსაა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ჩელენჯ ქაფის გასულ სეზონში, ტურნირის დებიუტანტმა „ენისეიმ“ ორი თამაში მოიგო - ფრანგულ „ბრივთან“ და ინგლისურ „ნიუკასლთან“. მომავალი გათამაშების შესარჩევ პლეი ოფში, რუსულმა კლუბმა იტალიური „როვიგო“ ორი თამაშის ჯამში 70:5 გაანადგურა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:03 | 29.09.2016
shotai-olimpi (89)

ჩვენმა კლუბებმაც თუ არ დაიწყეს ევროთასებზე თამაში, ცოტა ხანში რუსები დაგვეწევიან დონით!!

0.079359