მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონის“ პრეზიდენტი, სკანდალური მურად ბუჯელალი, მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
2013-2015 წლებში, „ტულონმა“ ზედიზედ სამჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა თასი და მისი წინამორბედი „ჰაინეკენის თასი“, მაგრამ გასულ სეზონში ის ინგლისურ „სარასენსს“ დაუთმო. 2014 წელს დუბლი შეასრულა და საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა, თუმცა ვარსკვლავთკრებულმა გასული სეზონის ტოპ 14-ის ფინალი ბარსელონაში, „კამპ ნოუზე“ შეკრებილი 100-ათასი მაყურებლის წინაშე 14-კაციან „რასინგთან“ დათმო. ამას დაემატა მიმდინარე სეზონის არადამაჯერებელი სტარტი და ბუჯელალიც კლუბის გაყიდვაზე ალაპარაკდა.
„ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს ჩემი ბოლო წელიწადი იყოს „ტულონის“ პრეზიდენტის რანგში. მორალურად გამოვიფიტე და ვფიქრობ, მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს დაწყებულ საქმეს გააგრძელებენ. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, განვითარებისთვის კლუბში რეგულარულად ვაბანდებდი თანხებს და დადგა დრო, დამსახურებული უკუგება მივიღო მათგან, ვისაც ხელფასს ვუხდიდი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სხვა ცხოვრება მსურს“ - ამბობს ბუჯელალი.
L’Equipe-ს ცნობით, „ტულონის“ შეძენის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იურისტი, ადვოკატი და სარაგბო კლუბ „პროვანსის“ ყოფილი პრეზიდენტი ლუსიენ სიმონია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ შეიძლება გუნდში ამდენი ვარსკვლავი გყავდეს, რომელთა სკამზე ჯდომა არ შეიძლება.
ძალიან ბევრი ვარსკვლავი შეიკრიბა გუნდში და ყველას ლიდერობა უნდოდა და 15 ლიდერი გუნდში ძალიან ზედმეტია